აქტივობა 20. “ცოდნის აუქციონი”

დამატებითი ინფორმაცია:

არავისათვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 11-13 წლის მოსწავლეების ინტერესის და ყურადღების მოზიდვა და კონცენტრირება შესასწავლ საგანზე მასწავლებელისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ასეთ პირობებში საკმაოდ ძნელია ტრადიციული მეთოდებით მოსწავლეთა ინტე­რესის გაღვიძება და დადებითი შედეგის მიღწევა. როგორც წესი, ზოგიერთი მათგანი ინდეფერენტულია თავისი ცოდნის შეფასების მიმართ, ზოგი _ ცდილობს ისწავლოს იმისათვის, რომ მიიღოს მაღალი შეფასება. მოსწავლეების მხოლოდ მცირე ნაწილი ამჟღავნებს ჭეშმარიტ ინტერესს საგნის მიმართ, ეცნობა დამატებით ლიტერატურას. ამდენად, ბუნებრივია, მასწავლებლის შრომა, ძალისხმევა მიმართულია ყველა კატეგორიის მოსწავლის შემეცნებითი ინტერესის გაღვივებისა, ცოდნის შეძენისა და გაღრმავებისაკენ, აგრეთვე კვლევითი უნარების განვითარებისაკენ.

მეთოდური ხერხების მრავალფეროვნების მიუხედავად, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აღმზრდელობით-საგანმანათლებლო პროცესი სრულად უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეების ინტელექტის და შესაძლებლობების განვითარებას. მოსწავლეების შემეცნებითი პროცესის აქტივაციის მიზნით ბიოლოგიის მასწავლებლები ხშირად იყენებენ გაკვეთილის არასტანდატულ ფორმებს. სწავლების აქტიურ ფორმას მიეკუთვნება სწავლება თამაშით, ჯგუფებში ერთობლივი მუშაობისას ინტელექტუალური განათლების პროცესში ჩართულია ურთიერთობის, შეჯიბრის და ურთიერთდახმარების პრინციპი. ბიოლოგიის გაკვეთილის ორგანიზებისა და დაგეგმვისას აუცილებელია მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება. ასეთებია: ცნობისმოყვარეობა, ინტერესი დინამიური პროცესების მიმართ, ცოცხალ ობიექტთან ურთიერთობის სურვილი, უნარ-ჩვევების სწრაფი ათვისება, ემოციური აგზნებადობა, ხატისმიერი მეხსიერება. მასწავლებელი მუდმივად ეძებს გაკვეთილის ჩატარების ყველაზე შედეგიან ფორმას. გაკვეთილები, რომლებსაც აქვს თანამედროვე თამაშის ფორმა, ემსახურება მოსწავლეების შემოქმედებითი თავისებურებების განვითარებას, ხშირად ასახავს და ემსგავსება საჯარო ურთიერთობებს, ორიენტირებულია ფანტაზიაზე და ა.შ. თითოეული ასეთი მეთოდი მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსა­ხურებს. ბიოლოგიის გაკვეთილის ორგანიზების ერთ-ერთ არასტანდარტულ მეთოდს წარმოადგენს ე.წ. ”ცოდნის აუქციონი”, რომელიც, ჩვენ ვფიქრობთ, განსაკუთრებით მოეწონებათ ამ ასაკის მოსწავლეებს. ეჭვგარეშეა, რომ ამ მეთოდით გაკვეთილის ერთხელ ჩატარების შემდეგ მოსწავლეები კვლავ და კვლავ მოითხოვენ ”ცოდნის აუქციონს” სხვადასხვა თემასთან მიმართებაში.მასწავლებელმა შეძლებისდაგვარად უნდა გაითვალისწინოს ეს თხოვნა.

”ცოდნის აუქციონი”- ის მეთოდი ბიოლოგიის მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს შემაჯამებელ გაკვეთილზე, თუ მას მიაჩნია, რომ მოცემულ თემას დაეთმო საათების არასაკმარისი რაოდენობა. ასეთი გაკვეთილისათვის მზადების პროცესში მოსწავლეები ცდილობენ დააგროვონ რაც შეიძლება ბევრი საინტერესო მასალა სხვადასხვა წყაროდან (სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, ინტერნეტი). ”ცოდნის აუქციონზე” მოსწავლეს შეუძლია თავისუფლად და შეუზღუდავად გადმოსცეს თავისი ცოდნა (ზეპირად, ჩანაწერების მოხმარება აკრძალულია), რადგან არ ეშინია ცოდნის შეფასების _ დაბალი ქულის (ასეთი უბრალოდ არ იწერება). სამაგიეროდ, მან შეიძლება დაიმსახუროს უმაღლესი შეფასება აქტიურობის ან მოცემული თემის ირგვლივ მო­პოვებული საინტერესო ფაქტების საფასურად. ამ დროს ვითარდება როგორც შემეცნებითი აქტიურობა, აგრეთვე ანალიზის, განზოგადების და სხვა უნარი. ფართოვდება მსოფლმხედველობა, ყალიბდება ”ეკოლოგიური კულტურა” მოსწავლეები ეჩვევიან, მოკლედ და დამაჯერებლად გამოხატონ საკუთარი აზრი, რადგან ერთი ფაქტის წარსადგენად მათ ეძლევად არაუმეტეს ერთი წუთისა.

 

პირველ რიგში, გთავაზობთ რამდენიმე განმარტებას:

1. ჟიური - 3 ადამიანი: ორი ასისტენტი ფერადი ყელსაბამებით (ან რაიმე სხვა განმასხვავებელი ნიშნით) და აუქციონის წამყვანი (მაგალითად, ჰალსტუხით, სოლიდურობისათვის).

2. მოსწავლეების ცოდნის კორექციას მასწავლებელი აკეთებს “აუქციონის” ჩატარებამდე, კლასგარეშე საუბრების დროს.

3. მასწავლებელი ზის პროექტორთან/კომპიუტერთან და შეძლებისდაგვარად აკეთებს ამა თუ იმ პასუხის შესაბამის ილუსტრირებას.

4. ასისტენტები გაივლიან რიგებს შორის და აკეთებენ ”გასაყიდი ობიექტის დემონსტრირებას”. მაგალითად, თემა: - ”ფეხსახსრიანების მრავალფეროვნება”. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს კიბოსნაირების, ობობასნაირების და მწერების პლაკატები, მულაჟები, მოდელები.

5. აუქციონში მოსწავლეები მონაწილეობენ არა გვარებით, არამედ შესაძლოა იმ ნომრითაც, რომელიც შეესაბამება ჟურნალში თითოეულის რიგით ნომერს. ნომერი შეიძლება გაფორმებული იყოს თემის შესაბამისად, რომელიმე ფეხსახსრიანის (მაგალითად, ობობის) ფონზე.

 

მასწავლებლის შესაძლო აქტივობები:

მასწავლებელი:

  • ურიგებს მოსწავლეებს აუქციონის ნომრებს;

ატარებს ”ცოდნის აუქციონს” (ხანგრძლივობა 33 წუთი - 11 წუთი თითო ლოტზე), მოსწავლეებს ურიგებს აუქციონის ნომრებს;

წამყვანი აცხადებს აუქციონის თემას, შეახსენებს პირობებს და წარადგენს ლოტს, (მაგალითად, ქვემოთ მოყვანილი ფოტოების მსგავსს):

– დღეს აუქციონზე გამოტანილია ცოდნის შემდეგი ლოტი - ”ობობასნაირთა ექსპერტი”, ”მწერების ექსპერტი”, “კიბოსნაირთა ექსპერტი”.

კიბორჩხალები და მწერები

ასისტენტები აკეთებენ დაფაზე ჩანაწერს: ლოტი პირველი - ”კიბოსნაირების მცოდნე”;

 

წამყვანი აგრძელებს:

- გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი ცოდნა წოდების სანაცვლოდ.

ისმის ჩაქუჩის დარტყმა, მსურველები ასწევენ საკუთარ ნომერს, წამყვანი აძლევს სიტყვის თქმის უფლებას მას, ვინც პირველმა ასწია ნომერი (გამოსვლა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 წუთისა, თუ გადააცილა დადგენილ დროს. აჩერებენ ჩაქუჩის დარტყმით), დანარჩენები კი დასწევენ ნომრებს. პირველი გამომსვლელის შემდეგ წამყვანი სიტყვას გადასცემს შემდეგ მონაწილეს და ა.შ. თემის ან დროის ამოწურვის შემთხვევაში გაისმის ჩაქუჩის სამი დარტყმა, წამყვანი ამთავრებს პირველი ლოტის აუქციონს და სიტყვას გადასცემს ჟიურის.

შემდეგ წამყვანი აცხადებს მომდევნო ლოტს და ა.შ.

ჟიურის მუშაობა: კლასის მუშაობის დროს ჟიურის წევრები უსმენენ გამომსვლელებს, აკონტროლებენ დისციპლინას, აკეთებენ პასუხების რეგისტრირებას (”+” ან ”-” ნიშნების საშუალებით), აუცილებლობის შემთხვევაში - თათბირობენ. წამყვანის მითითებით აცხადებენ შედეგებს. ხდება შექება, ან შენიშვნებისა და საერთო შთაბეჭდილების დაფიქსირება.

შეფასების კრიტერიუმები: ამომწურავი პასუხისათვის მოსწავლე იმსახურებს ”+” (პლიუსს). არასწორი, არასრული პასუხისათვის და დისციპლი­ნის დარღვევისათვის (ადგილიდან წამოყვირება, სხვისი საუბრის გაწყვეტა და სხვ.) _ ”-” (მინუსს). ერთი მინუსი აბათილებს ერთ პლიუსს.

ე.წ. ”ნომრების კონკურსში” - ნომრის აწევისა და უკანასკნელი სწორი პასუხის მოსწრებისათვის თითოეულ ლოტში - მოსწავლე დამატებით იღებს ”+”.

მასწავლებლის სამუშაო: ისმენს და აკეთებს სლაიდების ან კადრების დემონსტრირებას.

 

გაკვეთილის დამთავრება

დროის ამოწურვის შემთხვევაში წამყვანი ამთავრებს აუქციონს და სიტყვას გადასცემს ჟიურის. ჟიური აცხადებს საბოლოო ქულებს და აკეთებს დასკვნას ამ თემასთან დაკავშირებული სამუშაოს შესახებ, გამოთქვამს თავის შენიშვნებს და რჩევებს. აცხადებს გამარჯვებულებს და ანიჭებს “ექსპერტის” წოდებას.

 

შედეგების ტაბულა

შედეგების ტაბულა