აქტივობა 2. ვწერთ თხრობით ტექსტს(5)

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ემსახურება ფუნქციური/მიზნობრივი ტექსტების წერის უნარ-ჩვევების განვითარებას; ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების, ინფორმაციის ქრონოლოგიური ნიშნით დახარისხების უნარ-ჩვევების განვითარებას, წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარებას. აქტივობა განავითარებს სემიოტიკური წიგნიერების უნარ-ჩვევებს (გრაფიკული მაორგანიზებლის გამოყენების გზით). იგი გამიზნულია წერის წინა და წერის შემდგომი ეტაპებისათვის.

 

აქტივობის მიზნები:

  • ფუნქციური ტექსტების წერის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ლოგიკური აზროვნების, ინფორმაციის ქრონოლოგიური ნიშნით დახა­რისხების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • სემიოტიკური წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

მთელი კლასის მონაწილეობით (I ეტაპი), ინდივიდუალური (II ეტაპი).

 

რესურსები:

წინასწარ შერჩეული თხრობითი ტექსტი, დაფა, ცარცი/მარ­კერი, საწერი კალამი, რვეული.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი გაესაუბრება მოსწავლეებს თხრობით ხასიათის ტექსტებზე _ ისინი გადმოგვცემს ავტორისათვის მნიშვნელოვან ამბავს, მოვლენას/ფაქტს. მკითხველზე შთაბეჭდილების მოსახდენად ტექსტი უნდა შეიცავდეს დეტალებს, რომლებიც შეესატყვისება 6 კითხვას: ვინ? რა? სად? რატომ? როგორ? როდის? (ვის შეემთხვა/ვინ მონაწილეობდა, რა მოხდა, სად მოხდა, რატომ მოხდა, როგორ მოხდა, როდის მოხდა).

წინასწარ შერჩეული მოკლე თხრობითი ტექსტის გაცნობის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას გაამახვილებს ამ სახის ტექსტების ერთ-ერთ ძირითად მახასიათებელზე. ესაა ფაქტების/მოვლენების გადმოცემა დროითი თანამიმდევრობის დაცვით _ პირველად მოხსენიებულია ფაქტი/მოვლენა, რომელიც მოხდა თხრობის დასაწყისში, მეორე ადგილზეა მოვლენა/ფაქტი, რომელიც მოჰყვა მას და ა.შ.; შეახსენებს აგრეთვე თხრობითი ტექ­სტის სამნაწილიან სტრუქტურას (შესავალი, შუა ნაწილი, დასასრული).

ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ თხრობითი ტექსტი “ექსკურსიაზე” (უახლოეს წარსულში ორგანიზებულ ექსკურსიაზე, რომელიც მოსწავლებს კარგად ემახსოვრებათ).

მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს, ერთად გაიხსენონ ექსკურსიის დღე და დაფაზე გამოსახავს დროითი თანამიმდევრობის გრაფიკულ მაორგანიზებელს _ ე.წ. “დროის ისარს”. “დროის ისარი” შეივსება ზეპირი გზით, მთელი კლასის მონაწილეობით (შესავსებად მასწავლებელმა შეიძლება დაფასთან გამოიყვანოს მოსწავლეები). მუშაობის დროს მასწავლებელი კითხვებს უსვამს მოსწავლეებს, ქრონოლოგიური თანამიმდევრობის გამოსახატავად იყენებს დროის ზმნიზედებს: თავდაპირველად, ჯერ, მერე, ამის შემდეგ, ბოლოს და მისთ. (პირველად რა მოხდა? ამის შემდეგ რა მოხდა? ამ დროს რა მოხდა? და მისთ.)

დროის ისრის პირველი პუნქტზე წარმოდგენილი უნდა იყოს 5 ძირითადი კითხვა (ვინ? რა? სად? რატომ? როგორ?), რომელიც დაკავშირებული იქნება პუნქტთან “შესავალი”.

 

დროის ისარი

 

მუშაობა დეტალებზე. ”დროის ისრის” შევსების შემდეგ მასწავლებელი შეარჩევს ერთ-ერთ პუნქტს, გამოსახულს დროით ისარზე (მაგ., “შეკრება გამგზავრების ადგილზე”) და ჰკითხავს მოსწავლეებს, ხომ არ ახსოვთ, მოხდა თუ არა რაიმე საინტერესო, უჩვეულო/სასაცილო ამ დროს; ან რამ მოახდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება. გამოკითხვა გაგრძელდება მანამდე, სანამ­დე მოსწავლეები არ გაიხსენებენ ერთ-ორ დეტალს, რომლებსაც მასწავლებელი სანიმუშოდ დაიტანს “დროის ისრის” შესაბამის პუნქტთან. შემდეგ აუხსნის მოსწავლეებს ამ დეტალების (საინტერესო ფაქტი/ფაქტები, უჩვეულო/სასაცილო შემთხვევა, ძლიერი პირადი შთაბეჭდილება, ემოცია, სხვ.) მნიშ­ვნელობას _ მათ გარეშე თხრობა გამოვა მშრალი, უინტერესო, თანაც ყველა მოსწავლის ნაწერი შეიძლება ძალიან დაემსგავსოს ერთმანეთს. მოსწავლეებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ წერითი ნამუშევრის შედგენისას მათი ამოცანაა, შეძლებისდაგვარად გაამდიდრონ დროის ისარზე გამოსახული თითოეული პუნქტი ამა თუ იმ სახის შესაბამისი დეტალებით.

ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ თხრობითი ტექსტი. გააფრთხილებს მათ, რომ წერისას მათ უნდა:

  1. სრულად გამოიყენონ “დროის ისარზე” ასახული ინფორმაცია;
  2. დაიცვან დროითი თანამიმდევრობა _ გაყვნენ “დროის ისარს”;
  3. “დროის ისრის” პირველი პუნქტის მითითებები (ვინ? რა? სად? რატომ? როგორ?) გამოიყენონ ტექსტის შესავალი ნაწილის დასაწერად (მაგ., “14 ოქტომბერს მთელი ჩვენი კლასი სასკოლო ავტობუსით გაემგზავრა ექსკურსიაზე მცხეთაში. წინ გრძელი გზა გველოდა/გვქონდა, ამიტომ ყველანი დილის 7 საათზე შევიკრიბეთ სკოლის წინ, ჩავსხედით ავტობუსში და გავემართეთ მცხეთისაკენ”).
  4. გამოიყენონ დროითი თანამიმდევრობის აღმნიშვნელი სიტყვები (ჯერ, მერე, სულ ბოლოს, მისთ.);
  5. დაამატონ რაც შეიძლება მეტი დეტალი (პირადი შთაბეჭდილება, ემოცია, კონკრეტული ფაქტი, სხვ.) “დროის ისარზე” გამოსახულ თითოეულ პუნქტს.

ინსტრუქციის მიცემის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაწე­რონ თხრობითი ტექსტი “დროის ისარზე” ასახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სამუშაოს შესრულების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. მასწავლებელი შეაფასებს მათ ნამუშევრებს პოზიტიური მხარეების გამოკვეთით; საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს აძლევს დამატებით მითითებებსა და რჩევებს.

დასასრულ, მასწავლებელი დაავალებს მოსწავლეებს, დაწერონ სახლში თხრობითი ხასიათის თხზულება (მაგ., “ერთი უჩვეულო დღე”). შეახსენებს მათ, რომ წერისას დაიცვან დროითი თანამიმდევრობა, გამოიყენონ დეტალები და დროის აღმნიშვნელი ზმნიზედები; სთხოვს მათ, მოამზადონ ტექსტის შესა­ბამისი “დროის ისარი”.

 

აქტივობის ხანგრძლივობა:

12-15 წუთი.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ინფორმაციის დახარისხება ქრონოლოგიური ნიშნით;
  • გრაფიკული მაორგანიზებლის გამოყენება;
  • თხრობითი ტექსტის ძირითადი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება;
  • თხრობითი ტექსტის შექმნა მოცემული მოდელისა და მითითებების მიხედვით.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. VII. 9; ქართ. VII. 13, 14.

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5 დამატებით იხ., "აბზაცის სახეები: აღწერითი აბზაცი", აგრეთვე "წერითი ნამუშევრის ძირითადი სახეები: აღწერითი ესე".