აქტივობა 2. წყაროს პერსონაჟების მოქმედებების ანალიზის საფუძველზე ცნების გააზრება

დაფაზე მასწავლებელი წერს სიტყვას „კულტურა” და სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ, რა იციან მის შესახებ. ივსება ასოციაციური რუკა. ამ დროს შეიძლება საპირისპირო ვარაუდებიც გამოითქვას, თუმცა დაფაზე იწერება ყველა მოსაზრება. შემდეგ მასწავლებელი თავად განმარტავს კულტურის არსს. გაახსენებს მოსწავლეებს, რომ საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე, რამაც განაპირობა დასავლური და აღმოსავლური კულტურის გავლენა.

შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს ქართული ეროვნული ტანსაცმელის ფოტოებს და სთხოვს მათ აღწერას. მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, სასურველია, მინი-ლექციის ჩატარება ქართული სამოსის შესახებ.


რესურსები

  1. სახელმძღვანელო, დაფა და ცარცი;
  2. რევაზ ინანიშვლის ისტორიული მოთხრობა „ლოჭინში”;
  3. საქართველოს სხვადასხვა მხარის ეროვნული სამოსის სურათები;
  4. ძველი თბილისის, კონსერვატორიის, რუსთაველის თეატრის, ქაშუეთის ეკლესიის, ლიკანის სასახლის, ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოტოები;
  5. ტექსტი მასწავლებლისთვის.

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. ლიტერატურა;
  2. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

  1. მეხუთე-მეექვსეკლასელ მოსწავლეებთან კულტურის დარგებზე საუბარი მიზნობრივად არ ხდება. ამ საკითხებს ვეხებით თანდათან, სხვა კონტექსტებიდან გამომდინარე. დროთა განმავლობაში ბავშვებს უგროვდებათ ცოდნა ამ საკითხზე, რომელსაც შეიძლება ერთ რომელიმე გაკვეთილზე მოვუყაროთ თავი და განვაზოგადოთ ან პირიქით – შეიძლება ერთმა თემამ მოგვცეს იმის საშუალება, რომ რამოდენიმე დარგზე გავაკეთოთ აქცენტი. მაგალითისთვის მოვიყვანთ ერთ გაკვეთილს, სადაც საუბარია სამონასტრო ცხოვრებაზე. ეს საკითხი ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეიძლება განიხილებოდეს რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით: ან ასურელ მამებთან, ან რელიგიის საკითხთან, ან განათლებისა და კულტურის ცენტრებთან და ა.შ. ყველა შემთხვევაში, მასწავლებელი გვერდს ვერ აუვლის ასეთ მნიშვნელოვან თემას.
  2. მოსწავლე უნდა აცნობიერებდეს, რომ კულტურული ადამიანის ცნება, პირველ რიგში, მის წიგნიერებასთან არის დაკავშირებული. ამ საკითხზე ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა უმჯობესია, ისეთი მაგალითები მოვუყვანოთ, რაც მათთვის გარკვეულწილად ნაცნობი იქნება.” ჩვენი საქართველოს” კურსიდან ავირჩიოთ ნებისმიერი საკითხი, მაგალითად, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა და გამოვყოთ ცალკე საკითხად მისი დამოკიდებულება წიგნებთან.