აქტივობა 2. წყაროს ანალიზი

შედეგი

გეო.VII.12. მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მახასიათებლებისა და განსახლების თავისებურებების დახასიათება

 

ინდიკატორები

  • სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მსჯელობს მსოფლიო მოსახლეობის დინამიკის შესახებ და ხსნის ცვლილების მიზეზებს;
  • განმარტავს ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს (შობადობა, სიკვდილიანობა, ბუნებრივი მატება), სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურას და მსოფლიოში გავრცელებულ აღწარმოების ტიპებს; კითხულობს შესაბამის გრაფიკებს და დიაგრამებს;
  • მსჯელობს სხვადასხვა გარემოში მოსახლეობის განსახლების თავისებურებების შესახებ (მდინარის ხეობების გასწვრივ, ზღვის ნაპირებზე, უდაბნოებში, მთებში, ინდუსტრიულ და აგრარულ რეგიონებში);
  • თავის დასახლებულ პუნქტს ადარებს სხვადასხვა დასახლებული პუნქტის ფოტოსურათებსა და გეგმას;
  • შესაბამისი თემატური რუკის გამოყენებით აანალიზებს მოსახლეობის სიმჭიდროვეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში; გამოყოფს ყველაზე მჭიდროდ და ყველაზე მეჩხრად დასახლებულ რეგიონებს და ცხრილში აჯგუფებს მათ.

 

შენიშვნა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებაში

 

რესურსები

  • გეოგრაფია ( ლექსიკონი+ცნობარი) _ მ. ბლიაძე, დ. კერესელიძე;
  • მსოფლიოს პოლიტიკური, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის რუკები, წყარო.

 

აქტივობის აღწერა

მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ:

  1. რა მიზეზებით ხდება ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი შემცირება ან მატება, რის გამოც საჭიროა სათანადო დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება. სცადეთ პრობლემების სიმძაფრის მიხედვით დალაგება;
  2. როგორია ბუნებრივი მატება საქართველოში, აღწარმოების რომელ ტიპს განეკუთვნება იგი და წერილობით გამოთქვან თავისი მოსაზრება, როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკა.

დედამიწაზე მუდმივად მიმდინარეობს ადამიანების თაობათა ცვლა და განახლება ანუ მოსახლეობის აღწარმოება. ბუნებრივი მატება გვიჩვენებს, რა მიმართებაა შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს შორის დროის გარკვეულ მონაკვეთში. დაბალი ან უმნიშვნელო მატებისას იმაზე ოდნავ მეტი ადამიანი იბადება, ვიდრე კვდება – მოსახლეობის რაოდენობა თითქმის არ იცვლება, მცირედ მატულობს. ამიტომ თაობათა ასეთ აღწარმოებას მარტივს უწოდებენ. თაობათა ცვლის მეორე სახეა გაფართოებული აღწარმოება. იგი ბუნებრივი მატების მაღალ მაჩვენებელს გულისხმობს.

განსაკუთრებით მკვეთრი და სწრაფი მატება დაიწყო XX ს-ის მეორე ნახევრიდან აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის განვითარებად ქვეყნებში. ამ პროცესს “დემოგრაფიული აფეთქება” უწოდეს. არსებობს აღწარმოების მესამე ტიპიც — შეზღუდული. ამგვარი აღწარმოების დროს ნაკლები ადამიანი იბადება, ვიდრე კვდება —მოსახლეობის რაოდენობა კლებულობს. სახელმწიფოები ცდილობენ გავლენა მოახდინონ აღწარმოებაზე თავიანთი ინტერესების შესაბამისად და ატარებენ სათანადო დემოგრაფიულ პოლიტიკას. მაგალითად, “დემოგრაფიული აფეთქება”, რაც ქვეყანაში ჭარბ მოსახლეობას აჩენს, ბევრ პრობლემას უქმნის სახელმწიფოს. კერძოდ, ჩნდება სურსათის დეფიციტი, რთულდება ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა, იზრდება გარემოს დაბინძურება; ანუ ტერიტორიის მოსახლეობით გაჯერების ხარისხი მეტია ქვეყნის უნარზე – უზრუნველყოს მოსახლეობა. ამიტომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოები ცდილობენ შეზღუდონ შობადობა. მაშინ კი, როცა აღწარმოება მეტისმეტად დაბალია (მარტივი ან სულაც შეზღუდული), ჩნდება სხვა ტიპის სირთულეები (მაგალითად, მომავალში მუშახელის ნაკლებობა). ამ შემთხვევაში სახელმწიფოები ატარებენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს შობადობის ზრდას.

დემოგრაფიული პოლიტიკის მაგალითები:

ევროპის ბევრ ქვეყანაში (განსაკუთრებით, საფრანგეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში) ორ და მეტშვილიანი ოჯახები სახელმწიფოსგან იღებენ ფულად დახმარებას, სოციალურ შეღავათებს, ხელფასის დანამატებს, უზრუნველყოფილნი არიან უკეთესი საცხოვრებელი პირობებით. ჩინეთში დაწესებულია სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი შეზღუდვა ოჯახებისთვის, რომლებსაც ორზე მეტი შვილი ჰყავთ (ჯარიმა, შეფერხება სამსახურებრივ კარიერაში და სხვა). ამგვარი პოლიტიკის შედეგად ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ყოველ ათას მცხოვრებზე გაანგარიშებით შემცირდა 28-იდან (1988 წ.) 10-მდე (1997 წ.). პირველ შემთხვევაში ხელისუფლება ახალისებს მოსახლეობის ზრდას, მეორე შემთხვევაში კი, პირიქით, ზღუდავს.

დემოგრაფიულ პოლიტიკას დიდი ხნის ისტორია და პრაქტიკული განხორციელების მდიდარი გამოცდილება აქვს – რომის იმპერატორების მიერ სამშვილიან ოჯახებზე პრივილეგიების დაწესებით და თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკით (“ერთი ოჯახი — ერთი ბავშვი”) დამთავრებული.

ევროპის ქვეყნებიდან XVII ს-ში საფრანგეთი იყო პირველი, რომელმაც მოსახლეობის ზრდის წახალისების პოლიტიკის გატარება დაიწყო. ამის მიზეზი იყო გერმანიასთან 30-წლიან ომში (1618-1648 წ.) ადამიანების დიდი დანაკარგი და, აგრეთვე, ჰუგენოტების რელიგიური დევნით გამოწვეული მოსახლეობის მნიშვნელოვანი შემცირება.