აქტივობა 2. ტექსტზე მუშაობა
შედეგი
გეო.VII.9. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ბუნებრივი ზონალობის გამომწვევი მიზეზები
ინდიკატორები
- რუკის მეშვეობით კომპლექსურად ახასიათებს ბუნებრივ ზონებს;
- ახასიათებს ვერტიკალურ ზონალობას კავკასიონის მაგალითზე;
- ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიისთვის დამახასიათებელ ზონებს (მაგ., ტროპიკული ტყეები, უდაბნო, სტეპი და სხვა) და აკავშირებს მას ამ ქვეყნის (რეგიონის) სამეურნეო საქმიანობასთან;
- მსჯელობს ბუნებრივი ზონების ათვისებაზე.
რესურსები
- კლიმატური სარტყლებისა და ბუნებრივი ზონების გავრცელების არეალების რუკები;
- დოკუმენტური ფილმი: მსოფლიოს 7 საოცრება.
რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის
სასურველია დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოგზაურებზე, ქვეყნებზე, სტიქიურ მოვლენებზე, ერების ადათ-წესებზე და ა.შ. ვიზუალურად ნანახი და შემდეგ შთაბეჭდილებების გაზიარებით მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებს უფრო ადვილად ამახსოვრდებათ.
აქტივობის აღწერა
კლასი იყოფა ჯგუფებად. მასწავლებელი მათ აძლევს ტექსტს – კლიმატური სარტყლები/ბუნებრივი ზონები და დავალებებს:
- წარმოადგინონ ტექსტში არსებული ინფორმაცია საპრეზენტაციოდ სქემის სახით;
- ახსნან ბუნებრივი ზონების გავრცელების კანონზომიერებები (რა განაპირობებს კონკრეტული ბუნერივი ზონის გავრცელებას კონკრეტულ კლიმატურ სარტყელში).
მაგალითი:
ტექსტი: კლიმატური სარტყლები/ბუნებრივი ზონები:
- არქტიკული და ანტარქტიკული კლიმატური სარტყელი : ბუნებრივი ზონა –არქტიკული უდაბნოების ზონა;
- სუბარქტიკული კლიმატური სარტყელი: ბუნებრივი ზონა– ტუნდრა და ტყეტუნდრა;
- ზომიერი კლიმატური სარტყელი: ბუნებრივი ზონა –ტაიგა, შერეული, ფართოფოთლოვანი ტყეები, ტყესტეპი, სტეპი , ნახევარუდაბნოები, უდაბნოები, სიმაღლებრივი სარტყლები, ცვალებადტენიანი ტყეები;
- სუბტროპიკული კლიმატური სარტყელი: ბუნებრივი ზონა – ხეშეშფოთლოვანი ხმელთაშუაზღვისპირული, ცვალებადტენიანი (მუსონური) ტყეები, ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი მარადმწვანე ტყეები, ნახევარუდაბნოები, უდაბნოები;
- ტროპიკული და სუბეკვატორული კლიმატური სარტყელი: ბუნებრივი ზონა – სავანები და ნათელი ტყეები, უდაბნოები და ნახევარუდაბნოები;
- ეკვატორული კლიმატური სარტყელი: ბუნებრივი ზონა –ნოტიო ეკვატორული ტყეები.
შენიშვნა: ბუნებრივი ზონა – ვრცელი ტერიტორია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მზის სითბოსა და სინათლის, ტენიანობის, ნიადაგის, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს ერთგვაროვნება; ბუნებრივ ზონებს არა აქვს მკვეთრად გამოხატული საზღვრები. მათი უმრავლესობა განედური მიმართულებითაა გადაჭიმული.
- მთიანი რეგიონებისათვის დამახასიათებელია ვერტიკალური ზონალობა.
- ყველაზე დიდი ბუნებრივი ზონა არის ტაიგა, ყველაზე პატარა– ეკვატორული ტყეების ზონა.
- სტეპების ბუნებრივ ზონას უწოდებენ “პურის ბეღელს”.
- სტეპებს ჩრდილოეთ ამერიკაში ეძახიან “პრერიებს”, სამხრეთ ამერიკაში _ “პამპასებს”.
- ეკვატორულ ტყეებს რამდენიმე სახელი აქვს: აზიაში მათ ეძახიან “ჯუნგლებს”, სამხრეთ ამერიკაში –”ჰილეას” და “სელვას”; საქართველოშიც გვაქვს მსგავსი ტიპის მრავალიარუსიანი ტყეები – კოლხეთის დაბლობზე, მათ კოლხური “ჰემიჰილეები” ეწოდება.