აქტივობა 2. თეორიული და პრაქტიკული უნარები

შედეგი

აქტივობა უნივერსალურია და პრაქტიკულად სტანდარტის ყველა შედეგზე გადის

 

დრო

ორი აკადემიური საათი

 

შენიშვნა

  • შესაძლოა აზროვნების დონეებად კლასიფიკაციამ მოსწავლეებზე დამთრგუნველად იმოქმედოს;
  • საჭიროა ისეთი თემის შერჩევა, რომელიც ბლუმის ტაქსონმიას კარგად ერგება;
  • ბლუმის ტაქსონომიას ზოგჯერ აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მაღალი დონის სააზროვნო უნარები მასში ერთმანეთს გადაკვეთს.

 

რესურსები

დიდი ფორმატის ფურცლები, ფერადი მარკერები და ფერადი წებოვანი ქაღალდები

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

აქტივობის აღწერა:

შესთავაზეთ მოსწავლეებს მინი-ლექცია თემაზე: „რა არის ბლუმის ტაქსონომია?“

 

მინი-ლექცია

ტერმინში “ბლუმის ტაქსონომია”−პირველი სიტყვა (ბლუმი) ამერიკელი ფსიქოლოგის ბენჯამენ ბლუმის გვარს აღნიშნავს, რომლის სახელსაც ამ სქემის შექმნა უკავშირდება, მეორე სიტყვა კი (ტაქსონომია) რაიმეს კლასიფიცირებას ნიშნავს. ტერმინი ტაქსონომია თქვენთვის უკვე ცნობილია ბიოლოგიიდან, სადაც იგი ცოცხალი არსებების სხვადასხვა ნიშნით დაჯგუფებას გულისხმობს.

ბლუმის ტაქსონომია აზროვნების დონეებად დაყოფას ცდილობს. აღნიშნული დაყოფის მიხედვით სხვადასხვა ინფორმაციას ადამიანი სხვადასხვა დონეზე იაზრებს. ბენჯამენ ბლუმი აზროვნების ექვს დონეს გამოყოფს: 1) ცოდნა; 2) გაგება; 3) გამოყენება; 4) ანალიზი; 5) სინთეზი; 6) შეფასება. მათგან პირველი სამი (ცოდნა, გაგება, გამოყენება) აზროვნების ქვედა დონეში მოიაზრება; მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კი − ზედა დონეში (იხ. სქემა №1).

სქემა 1.

მინი - ლექციის არსი მოსწავლეებისთვის უფრო ნათელი რომ გახდეს, იქვე აუხსენით მათ, რაში დაგჭირდათ ბლუმის ტაქსონომიაზე მსჯელობა. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ გაკვეთილზე მათ მიერ შეთვისებული ინფორმაცია აუცილებლად აზროვნების რომელიმე საფეხურს შეესაბამება.

 

დავალება

მინი-ლექციის შემდეგ მოსწავლეებს მიეცით დავალება: კონკრეტული გაკვეთილის თემასთან კავშირში განსაზღვრონ, რა შეიძლება იყოს აზროვნების სხვადასხვა დონეზე გასვლის ინდიკატორი.

მაგალითად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის სწავლებისას მოსწავლეებს დაუსვით კითხვები: აზროვნების რომელ დონეს შეიძლება შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის თემის შესწავლისას დამუშავებული ინფორმაცია; რა შემთხვევაში იქნება გაკვეთილზე მათ მიერ ნასწავლი და გააზრებული მასალაცოდნა“, ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით; რა შემთხვევაში – „გაგება“; რა შემთხვევაში – „გამოყენება“; რა შემთხვევაში – „ანალიზი“; რა შემთხვევაში –„სინთეზი“; რა შემთხვევაში – „შეფასება“?

ამ კითხვებზე მოსწავლეებმა შესაძლოა შემდეგი პასუხები გასცენ:

ცოდნა–მასალის ცოდნასთან გვექნება საქმე, თუ უბრალოდ გვეცოდინება, რა არის ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და რა წერია მის ზოგიერთ მუხლში;

გაგება–მასალის გაგებასთან გვექნება საქმე, თუ გავიგებთ, რატომ არსებობს ეს დოკუმენტი და რატომ არის მასში ესა თუ ის მუხლი შეტანილი;

გამოყენება–მასალის გამოყენებასთან გვექნება საქმე, თუ ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ცალკეულ მუხლებს აქტიურად გამოვიყენებთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში;

ანალიზი–მასალის ანალიზთან გვექნება საქმე, თუკი შევძლებთ ვიმსჯელოთ, რამდენად სამართლიანი ან არასამართლიანია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ცალკეული მუხლები; რამდენად გვმართებს ან არ გვმართებს მათი შესრულება;

სინთეზი–მასალის სინთეზთან გვექნება საქმე, თუ შევძლებთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ტექსტის სხვა ნორმატიულ დოკუმენტებთან შედარებას და სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მის როლზე მსჯელობას;

შეფასება–შეფასებასთან გვექნება საქმე, თუ შევძლებთ ვიმსჯელოთ, რამდენად სრულყოფილი დოკუმენტია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; რამდენად მკაფიოდ არის მასში განსაზღვრული არსებითი საკითხები და რამდენად ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს იგი პრეამბულაში დასახული მიზნების მისაღწევად.

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები

თუკი აქტივობას წარმატებით განახორციელებთ და მოსწავლეებს პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე მკაფიოდ დაანახებთ ბლუმის ტაქსონომიის სხვადასხვა საფეხურს შორის არსებულ განსხვავებებს, ძალან გაგიადვილდებათ გრძელვადიან სასწავლო შედეგებზე მუშაობა. მოსწავლეებისთვის ნათელი იქნება, რა მოეთხოვებათ. ისინი ადვილად გააცნობიერებენ, რომ მათი მიზანი არ არის სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციის უბრალო დამახსოვრება, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების დაძლევის თვალსაზრისით გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება.