აქტივობა 2: სიტყვების “რახარუხის” წინააღმდეგ

აქტივობის შესახებ:

აქტივობა გამოიყენება წერის შემდგომ ეტაპზე. იგი ემსახურება ტექსტის გააზრების, რედაქტირების, გამართული წერითი მე­ტყველებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

აქტივობის მიზნები:

  • ტექსტის გააზრების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერითი მეტყველებისას სათანადო ენობრივ-გრამატიკული, სინტაქსური და სტილისტური ნორმების მართებულად გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ნაწერის რედაქტირების უნარ-ჩვევების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

ინდივიდუალური (პირველი ნაწილი), წყვილური /ჯგუფური (მეორე ნაწილი).

 

რესურსები:

დაფა, ცარცი/მარკერი, რვეული, კალამი.

 

აქტივობის აღწერა:

აქტივობა ნათლად დაანახებს მოსწავლეებს, რომ წერისას ისინი საკმაოდ ხშირად იყენებენ ზედმეტ, არაფრისმთქმელ სიტყვებს, რის გამოც წინადადებები მოუქნელი და სინტაქსურად გაუმართავი გამოდის.

მოსწავლეთა ნაწერების სინტაქსურად გამართვის მიზნით, მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, რომ რვეულის გვერდი ორ ნაწილად გაყონ. პირველ ნაწილში მოსწავლეებმა უნდა ჩამოწერონ წინადადებების რიცხვითი შესატყვისები (1., 2., 3...) და ყოველ წინადადებაში დათვალონ სიტყვათა რაოდენობა; სქემის მეორე მხარეს კი, თითოეულ წინადადებასთან, აღნიშნონ/მიუწერონ, რამდენი სიტყვისგან შედგება იგი (იხ. ნიმუში).

სიტყვების დათვლის შემდეგ მოსწავლეები ყურადღებას გაამახვილებენ გრძელ წინადადებებზე. სავარაუდოდ, გრძელი წინადადებები სინტაქსურად გაუმართავი იქნება. ამის დადგენის შემდეგ მასწავლებელი წყვილებში/ ჯგუფებში გადაანაწილებს მოსწავლეებს. წყვილის/ჯგუფის წევრები ამგვარ წინადადებებს ხმამაღლა წაუკითხავენ ერთმანეთს და შეეცდებიან მათ შემოკლებას, გამართვას, დახვეწას და ნაწერის გასუფთავებას სიტყვების “რახარუხისაგან”.

 

ნიმუში:

წინადადება N1

წინადადება N2

წინადადება N3

წინადადება N4

წინადადება N5

წინადადება N6

წინადადება N7

5 - სიტყვა

7 - სიტყვა

12 - სიტყვა

6 - სიტყვა

14 - სიტყვა

9 - სიტყვა

11 - სიტყვა

 

აქტივობის ხანგრძლივობა:

15-18 წუთი.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • წინადადების აგებისას სწორი გრამატიკური ფორმების გამოყენება,
  • ზმნური კონსტრუქციების მართებულად გამოყენება;
  • ადეკვატური ლექსიკური ერთეულების გამოყენება;
  • ნაწერის რედაქტირების სტრატეგიების გამოყენება;
  • თანამშრომლობა.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. VIII. 12.