აქტივობა 2. სიმულაციური მოგზაურობა

  1. XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში რუისის მიტროპოლიტმა იონა გედევანიშვილმა იმოგზაურა ხმელთაშუაზღვისპირეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მან მოინახულა თურქეთი, საბერძნეთი, პალესტინა, ერაყი, იტალია, კრეტა, ეგვიპტე, სინაის ნახევარკუნძული, რუსეთი; კუნძულები – მიტილენა, როდოსი, ანდროსი, სამოსი, კორფუ, კეფალონია. ამ მოგზაურობის დროს ნანახ ქვეყნებს, ქალაქებს, მოსახლეობასა და პიროვნებებს მიეძღვნა მისი წიგნი „მიმოსვლა ანუ მოგზაურობა იონა რუისისა მიტროპოლიტისა”, რომელიც 1852 წელს თბილისში დაიბეჭდა.
  2. XVIII საუკუნეში ქართველ მოღვაწეთა შორის ტიმოთე გაბაშვილი ერთ-ერთი თვალსაჩინოა წარმომადგენელია. იგი სამღვდელოებას წარმოადგენდა, თუმცა საერო საქმეებშიც მონაწილეობდა. მან რუსეთში ელჩად ყოფნის დროს ჩაიტანა საკუთარი შედგენილი სამხედრო რუკა. მომლოცველობის მიზნით, მან ქრისტიანთა წმინდა ადგილები მოინახულა საბერძნეთში, პალესტინასა და თურქეთში, რაც ნარკვევებში „მიმოხილვა წმიდათა და სხვათა აღმოსავლეთისა ადგილთა” (შემოკლებით „ტი მოთიანი”) აღწერა. მიზნის შესაბამისად, იგი ძირითადად საეკლესიო ძეგლებსა და მონასტრებს აღწერდა, თუმცა გვხვდება საინტერესო ისტორიულ-გეოგრაფიული ცნობებიც. მას ეკუთვნის პირველი ცნობა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში არსებული შოთა რუსთაველის პორტრეტის შესახებ.
  3. თბილისელი აზნაური რაფიელ დანიბეგაშვილი XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში ქართველი მეფეების დიპლომატიური დავალებებით აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობდა. ის გამოჩენილ მოგზაურთა რიცხვს განეკუთვნება. მან პირველმა გააცნო რუსეთის საზოგადოებას მის მიერ უშუალოდ ნანახი ისეთი ქვეყნები, როგორიცაა პეგუ (დღევანდელი მიანმარის კავშირი), მცირე ტიბეტი, ცეილონი (დღევანდელი შრი ლანკა) და სხვა. დანიბეგაშვილის მოგზაურობის ნარკვევში ბევრი საყურადღებო ცნობაა ინდოეთის, თურქეთის, ომანისა და სხვა ქვეყნების შესახებაც.
WordSection1">

მასწავლებელი კლასს სამ ჯგუფად ჰყოფს, თითოეულს ეძლევა თითო ცნობა ქართველი მოგზაურების შესახებ. ისინი დაიტანენ ინფორმაციას კონტურულ რუკაზე წინასწარ მიცემული ფერით. მომდევნო ჯგუფის პრეზენტაციის შემდეგ საკუთარ ნაშრომს ამატებენ მეორე მოგზაურის მიერ მონახულებულ ადგილებს, ამ ინფორმაციას კონტურულ რუკაზე სხვა ფერით დაიტანენ, ასევე სხვა ფერით ამატებენ მესამე ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. საბოლოოდ, მათ ერთ რუკაზე დატანილი სამი გამოჩენილი მოგზაურის მარშრუტი ექნებათ.


შენიშვნა

დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლე შეძლებს, ისაუბროს მოგზაურობის შედეგებზე, ენისა და წიგნის როლზე ინფორმაციის გავრცელების საქმეში.

 

რესურსები

წყაროები/ცნობები, ფერადი ფანქრები, კონტურული რუკა, მსოფლიოს პოლიტიკური და ფიზიკური რუკები.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

სასურველია, მასწავლებელმა აქცენტი გააკეთოს იმ სირთულეებზე, დაბრკოლებებზე, რომლებსაც მოგზაურები ძველ დროში აწყდებოდნენ, რათა მოსწავლებმა წარმოდგენა შეექმნათ, რა სიმამაცეს მოითხოვდა აღნიშნული საქმე. მასწავლებელმა უნდა დააკავშირებინოს იმ ეპოქის ქვეყნების დასახელებები თანამედროვე დასახელებებს.