აქტივობა 2. სასწავლო მასალის კლასიფიცირება, გონებრივი იერიში

გონებრივი იერიში

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ, რა არის ბუნებრივი რესურსი, მსგავსება და განსხვავება ბუნებრივ რესურსება და ბუნებრივ პირობებს შორის და შეავსონ ვენის დიაგრამა. მათ უნდა დაინახონ განსხვავება ამ ორ ცნებას შორის, კერძოდ: ბუნებრივ პირობებს ადამიანი უშუალოდ არ იყენებს, რესურს კი ფართო გამოყენება აქვს. სხვადასხვა საგანი ერთისთვის შეიძლება რესურსი იყოს, ხოლო მეორესთვის – სრულიად უსარგებლო რამ. მაგალითად, ზოგიერთი ტომის წარმომადგენელი დღესაც ცეცხლის დასანთებად ჯოხებს იყეენებს. სწორედ ეს ჯოხია რესურსი აღნიშნული ტომისთვის, ხოლო დანარჩენი მოსახლეობისთვის – არა.

შემდეგ მოსწავლეები ჩამოთვლიან მათ ირგვლივ არსებულ საგნებს და დაადგენენ, რომელი ბუნებრივი რესურსისგან არის დამზადებული ისინი: მაგალითად, მერხი – ხე, პლასტმასი – ნავთობი, წიგნი – ხის მერქანი, ფანჯრის მინა – ქვიშა და სხვა.


რუკაზე მუშაობა

შემდეგ კლასი იყოფა ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი საქართველოს ბუნებრივი რესურსების რუკიდან ადგენს ბუნებრივი რესურსების ნუსხას იმის საილუსტრაციოდ, რომელ მხარეში რომელი რესურსი მოიპოვება. ამავდროულად, უნდა დაადგინონ, ესა თუ ის რესურსი ამოუწურავია თუ ოდესღაც ამოიწურება, აღდგენადია თუ აღუდგენელი.


ცხრილის შევსება

პრეზენტაციის დროს ივსება საერთო ცხრილი, რომელიც მასწავლებელს წინასწარ დაფაზე ან ფორმატის ქაღალდზე აქვს გამზადებული. მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ზოგიერთი რესურსი ერთდროულად 2 სვეტს შეიძლება მიეკუთვნებოდეს, მაგალითად, გადაშენების პირას მყოფი მცენარეები თუ ცხოველები. მათი შემდგომი ექსპლოატაცია დამოკიდებული იქნება იმაზე, აღდგება თუ არა აღნიშნული რესურსი.

საერთო ცხრილი

შენიშვნა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება დაეუფლონ წიგნიერებისა და სემიოტიკურ კომპეტენციებს

 

რესურსები

კედლის რუკა „სამხრეთი კავკასია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში”. საქართველოს ფიზიკური და რესურსების რუკა. ფორმატები.

 

ავშირი სხვა საგნებთან

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს:

მანგანუმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია. მისი აღმოჩენისა და მსოფლიო ბაზარზე გატანის ამბავი აკაკი წერეთლის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ მან შეარქვა ამ რესურსს „შავი ოქრო”.

მანგანუმი ჭიათურის რაიონში მოიპოვება. მისი მოპოვება ევროპელმა მრეწველებმა დიწყეს მე-19 საუკუნეში. მოპოვებულ ნედლეულს ჭიათურიდან ურმებით ეზიდებოდნენ ფოთამდე, სადაც გემებში ტვირთავდნენ და ევროპაში გაჰქონდათ. ეს უმძიმესი შრომა გარკვეულწილად შეამსუბუქა საქართველოში რკინიგზის გაყვანამ და პირველი მონაკვეთი სწორედ ფოთიდან ზესტაფონამდე (მაშინდელ შორაპნამდე) მიიყვანეს მანგანუმის გასატანად.

მანგანუმის მრეწველობამ ზემო იმერეთის ეს ღარიბი მხარე მსოფლიო ეკონომიკასთან დააკავშირა. რკინიგზის გაყვანა გრძელდებოდა და საბოლოოდ, როდესაც მან ბაქოს მიაღწია, მისი საშუალებით ორი ზღვა დაუკავშირდა ერთმანეთს – შავი ზღვა და კასპიის ზღვა. ამან დიდად შეუწყო ხელი ეკონომიკურ კავშირებს მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. რკინიგზის საშუალებით ეკონომიკის მრავალი დარგი წარმოიშვა და განვითარდა.

ერთი შეხედვით, მეხუთე-მეექვსეკლასელი მოსწავლეებისათვის მარტივი არ უნდა იყოს ამგვარი საკითხების გაგება, მაგრამ თუ თვალსაჩინოებას მოვიშველიებთ, ძალიანაც არ უნდა გაუჭირდეთ.

მოსწავლემ უნდა გაიაზროს ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში მათი-უდიდესი ნაწილი შეიძლება ამოიწუროს, ამიტომაც გაფრთხილება სჭირდება.