აქტივობა 2. სასწავლო მასალის გაგების მიზნით საბაზო ცნებათა კლასიფიცირება

თავდაპირველად, მასწავლებელი მოსწავლეებს ჩამოუთვლის რელიგიებს, რომლებიც საქართველოშია გავრცელებული. სახელმძღვანელოს საშუალებით აწვდის მოსწავლეებს ინფორმაციას მათი მრავალფეროვნების შესახებ. ამის შემდეგ იწყებს გონებრივ იერიშს. წერს დაფაზე სიტყვას „რელიგია” და მოსწავლეებს ეკითხება ამ ცნების შესახებ. მოსწავლეები ჩამოთვლიან რელიგიის მახასიათებლებს. მასწავლებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ პასუხებს, რომლებიც რელიგიების გარეგან ფორმებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, აკეთებს დასკვნას, რომ მაგალითად, ტაძარი, წმინდა წიგნები, ღვთისმსახურება და სხვ. ყველა რელიგიისათვის არის დამახასიათებელი.

შემდეგ კი მოსწავლეებთან შემოაქვს (დაფაზე წერს ან სლაიდებად უჩვენებს) ცნებები: ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა, ყურანი, ბიბლია, სახარება, ბაირამობა და ა.შ. ამასთანავე ჩამოთვლის საქართველოში გავრცელებულ რელიგიებს. მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს ავალებს აზრობრივი რუკის შედგენას, რომელზეც საქართველოში გავრცელებულ რელიგიებს უნდა შეუსაბამონ ეს ცნებები.

გაკვეთილის ბოლოს კი უჩვენებს ამ ობიექტების ამსახველ სლაიდებს. ახდენს მათ იდენტიფიცირებას. მოსწავლეებს ავალებს მსგავსი მასალის დამოუკიდებლად მოძიებას.


შენიშვნა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება დაეუფლონ სემიოტიკურსა და სოციალურ და სამოქალაქო კომპეტენციებს.

 

რესურსები

  • სქემა, დაფა, რვეული, საწერ-კალამი, Pover Point-ში დამუშავებული სლაიდები;
  • საქართველოს ადმინისტრაციული რუკა, რელიგიების გავრცელების არეალების რუკა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

მასწავლებელს შეუძლია, ჯგუფების რაოდენობიდან გამომდინარე გაამრავალფეროვნოს დავალებები, რაც მოსწავლეთა აქტიურობას მეტად შეუწყობს ხელს.