აქტივობა 2. მსმენელის გზამკვლევი

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეების კრიტიკული მოსმენის უნარებისა და, ზოგადად, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას. იგი დაეხმარება მოსწავლეებს, განივითარონ ზეპირად მოსმენილი ინფორმაციის ადეკვატურად გაგებისა და გააზრების უნარ-ჩვევები. აქტივობა კომპლექსური სახისაა და ფარავს ზეპირმეტყველებისა და წერის მიმართულებებს.

 

აქტივობის მიზნები:

  • ზეპირმეტყველების უნარების განვითარება;
  • კრიტიკული მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარება.

 

რესურსები:

ამა თუ იმ პირის (პოლიტიკოსის, ხელოვანის, მეცნიერის, სხვ.) საჯარო გამოსვლის 8-10-წუთიანი ვიდეოჩანაწერი, ან ამავე ქრონომეტრაჟის სატელევიზიო დისკუსიის, დებატების ვიდეოჩანაწერი, შერჩეული მასწავლებლის მიერ, ქაღალდებზე ამობეჭდილი კითხვარი (საჭირო რაოდენობით), საწერი კალმები.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

წყვილური.

 

აქტივობის აღწერა:

მსმენელის გზამკვლევის/კითხვარის ტექსტი დაწერი­ლია დაფაზე (დაფაზე გაკრულ დიდი ფორმატის ქაღალდზე). მასწავლებელი გაესაუბრება მოსწავლეებს აქტივობის მიზანზე, გააცნობს მათ შესასრულე­ბელ სამუშაოს; ბოლოს დაყოფს მოსწავლეებს წყვილებად და დაურიგებს ქა­ღალდზე ამობეჭდილ კითხვარს.

მასწავლებელი ჩართავს წინასწარ შერჩეულ ჩანაწერს. მოსწავლეები ისმენენ ტექსტს და ავსებენ კითხვარს წყვილებში მუშაობის გზით.

 

ნიმუში. მსმენელის გზამკვლევი:

მსმენელის სახელი, გვარი: ......................................

მოლაპარაკის სახელი, გვარი: .........................................

თარიღი: ..............................................

  • დაასახელეთ ძირითადი თემა ................................................
  • დაასახელეთ ძირითადი საკითხი/საკითხები ................................................
  • დაასახელეთ, რომელი ორგანიზაციული ყალიბია გამოყენებული ................................................
  • დაასახელეთ “გადასვლებისათვის” გამოყენებული 3-4 სიტყვა/შესიტყვება2 ................................................
  • ჩამოაყალიბეთ მოლაპარაკის მიერ გამოთქმული ძირითადი მოსაზრება (გამოიყენეთ არა უმეტეს 3-4 წინადადებისა) ................................................
  • გადმოეცით თქვენი პირადი შთაბეჭდილება (გამოიყენეთ არა უმეტეს 4-5 წინადადებისა) ................................................

 

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ ნამუშევრებს. მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში იძლევა დამატებით ახსნა-განმარტებებს, აკეთებს კომენტარებს.

 

აქტივობის ხანგრძლივობა: 12_ 15 წუთი.

 

შეფასება

აღნიშნული აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • კრიტიკული მოსმენა;
  • მოსმენილი ინფორმაციის დახარისხება და შეჯამება;
  • მოსმენილი ინფორმაციის წერილობით გადმოცემა სათანადო ფორმით;
  • თანამშრომლობა.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

  • ქართ. IX. 1;
  • ქართ. IX. 9, 10.

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2 აქ ვგულისხმობთ ლოგიკური მიმართებების ამსახველ ენობრივ კონსტრუქციებს (მათ შესახებ დამატებით იხ. ზემოთ, "მიმართულება: ზეპირმეტყველება, დამარწმუნებელი ზეპირი გამოსვლა, ლოგიკური მიმართებები".)