აქტივობა 2. ისტორიული პიროვნებების ქცევის მაგალითზე ღირებულებათა სისტემის გააზრება

WordSection1">

როდესაც მოსწავლეებთან ერთად კოხტასთავის აჯანყების მონაწილეებს დავადგენთ, მივუბრუნდებით ცოტნეს გმირობის საკითხს. მას შემდეგ, რაც თანამებრძოლების შეპყრობის ამბავი გაიგო, ცოტნე დადიანი მათკენ გაემართა. როდესაც ისინი მოედანზე თაკარა მზის ქვეშ შეკოჭილები და პატივაყრილები ნახა, თვითონაც გვერდით მიუჯდა და მათი ბედი გაიზიარა.

ბავშვებთან საუბრისას მასწავლებელმა ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ ყველა ეს ადამიანი საქართველოში დაფასებული და ღირსეული პიროვნება იყო. ისინი მეფის მოვალეობასაც კი ასრულებდნენ მოცემულ მომენტში, საქართველოს ბედი მათ ხელში იყო. ეს ხალხი ისედაც ღირსებაშელახული იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების დაკარგვის გამო. ამას პიროვნული ღირსების შელახვაც მოჰყვა თან. მათ ბრძოლის ველზე ვაჟკაცურად დაღუპვა ერჩივნათ, ვიდრე ასეთი დამამცირებელი გზით გარდაცვლილიყვნენ უცხო მხარეში. ცოტნე დადიანმა ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თვითონაც მათი ბედი გაიზიარა.

ღირსებისა და თავისუფლების საკითხებზე საუბარი შეიძლება მრავალი მაგალითის მოშველიებით მოვახერხოთ. კარგი იქნება, თუ მასწავლებელი წინასწარ შეადგენს სავარაუდო კითხვებს და ამით ყველა მოსწავლის მსჯელობაში ჩართვას განაპირობებს.


რესურსები

  • სახელმძღვანელო;
  • კედლის რუკა „საქართველო მონღოლთა შემოსევების დროს”;
  • დაფა და ცარცი.


რეკომენდაციები მასწავლებლებს

„ჩვენი საქართველოს” კურსის შინაარსში მრავალადაა შეტანილი ისეთი საკითხი, სადაც საუბარია ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის შესახებ. მოცემული ასაკის ბავშვები ამ საკითხებს აღიქვამენ, როგორც ისტორიაში მომხდარ კონკრეტულ ამბებს. მათთვის, ხშირ შემთხვევაში, ამ ამბებს სათავგადასავლო ელფერიც კი დაჰკრავს. მასწავლებლის ამოცანა ისეთ შედეგის მიღწევაა, სადაც ბავშვი – ცხადია, მისი ასაკიდან გამომდინარე – გაიგებს, რატომ მოიქცა ესა თუ ის პიროვნება ან ადამიანთა ჯგუფი სწორედ ასე; რა მოტივი, რა მოსაზრებები ამოძრავებდა მას.