აქტივობა 2. აქტიური კითხვა+კორნელის მეთოდი

შედეგი

გეო.VII.4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე

 

ინდიკატორები

  • აჯგუფებს (ბარათების ან ცხრილის გამოყენებით) ბუნებრივ რესურსებსა და ეკონომიკის შესაბამის დარგებს;
  • აკავშირებს საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებს ბუნებრივი რესურსის ტიპთან;
  • სქემის საშუალებით გამოსახავს ბუნებრივი რესურსების სახეცვლილებას მოპოვებიდან მოხმარებამდე (ნავთობი _ საწვავი _ ელექტროენერგია);
  • კლასში ჯგუფური მუშაობის დროს ახდენს ჩამოთვლილი რესურსების კლასიფიკაციას სხვადასხვა ნიშნით (მაგ. მათი ათვისების დროის (უძველესი, ძველი, ახალი, პერსპექტიული) მიხედვით);
  • ბუნებრივ რესურსებს განასხვავებს სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და აჯგუფებს მათ ცხრილში (ამოუწურავი და ამოწურვადი (აღდგენადი, აღუდგენელი));
  • ადგენს იმ ბუნებრივი რესურსების ნუსხას, რომლებსაც გამოიყენებს მისი ოჯახი, ქალაქი/სოფელი, ქვეყანა; შესაბამისი პირობითი ნიშნების გამოყენებით ბუნებრივი რესურსების მოპოვების ადგილებს აღნიშნავს კონტურულ რუკაზე;
  • კლასში ჯგუფური მუშაობის დროს მსჯელობს ჩამოთვლილი რესურსების გამოყენებით გამოწვეული დაბინძურების შესახებ (ძლიერ აბინძურებს, აბინძურებს, ნაკლებად აბინძურებს);
  • ადარებს დეგრადირებულ და სახეშეუცვლელ გარემოს;
  • ჯგუფში მუშაობისას მსჯელობს მეურნეობის სხვადასხვა დარგის მიერ ზოგიერთი რესურსის მოხმარების აუცილებლობის და ინტენსივობის შესახებ და განსაზღვრავს მათი დაზოგვის გზებს (მაგ. წყალი და ელექტროენერგია).
 

შენიშვნა
 
აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას
 
 

რესურსები

  • დაფა და ცარცი; მსოფლიოს მინერალური რესურსების (სასარგებლო წიაღისეულის) რუკა, მსოფლიოს კონტურული რუკა;
  • გეოგრაფია ( ლექსიკონი+ცნობარი) -მ. ბლიაძე, დ. კერესელიძე.
 
 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

სწავლა რომ სახალისო, საინტერესო პროცესად და ნამდვილ ინტელექტუალურ გამოწვევად იქცეს, პედაგოგმა სწავლება სხვადასხვაგვარი მეთოდის გამოყენებით უნდა დატვირთოს.

კორნელის მეთოდის მეშვეობით მასწავლებელი მოსწავლეს სტრუქტურასა და საფეხურეობრივ მიდგომას სთავაზობს; ის ყურადღების კონცენტრირებასაც უწყობს ხელს.

ამ მეთოდის გამოყენებას, როგორც წესი, მოსდევს მოსწავლეებს შორის აზრთა გაზიარება და ზოგადი საკლასო დისკუსია.
 
 

აქტივობის აღწერა

მოსწავლეებს ურიგდებათ ტექსტი “მსოფლიოს ბუნებრივი რესურსები”. მათ უნდა გადახედონ დასამუშავებელ მასალას და საკუთარ თავს დაუსვან შეკითხვა: რა ვიცი მოცემული საკითხის შესახებ? შემდეგ კი ჩაინიშნონ ინფორმაცია, რაც ამ საკითხის შესახებ აქვთ კორნელის გრაფაში.

მასწავლებლის მეორე მოთხოვნაა, რომ მათ წერილობით ჩამოაყალიბონ შესასრულებელი სამუშაოს მიზანი, პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს: რატომ ვკითხულობ ამ ტექსტს? რისი სწავლისა და გაგების შესაძლებლობა მაქვს ტექსტის წაკითხვის შემდეგ?

მასწავლებლის მესამე მოთხოვნაა, ტექსტის წაკითხვის დროს მკითხველმა დასვას შემდეგი კითხვები: რა? სად? ვინ? რატომ? როგორ? როდის?

ამ კითხვებზე გაცემული პასუხები ჩაინიშნონ. მასწავლებლის მეოთხე მოთხოვნის შესაბამისად, მოსწავლემ ხელახლა უნდა წაიკითხოს თავისი შენიშვნები და შეიტანოს ისინი კორნელის ცხრილის პირველადი კომენტარების გრაფაში; მეორედ გაკეთებული, უკვე კრიტიკული, ემოციური კომენტარები და შესწორებები შეიტანოს მეორადიკომენტარების გრაფაში. შედეგად კორნელის ცხრილის ორივე გრაფა შეივსება.

ცხრილი 1

 

შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები ქმნიან 5_6 კაციან ჯგუფებს და თითოეული ჯგუფი მსოფლიოს მინერალური რესურსების რუკისა და ტექსტის გამოყენებით აჯგუფებს ბუნებრივ რესურსებს მათი გავრცელების ადგილების მიხედვით და ავსებს სქემას:

ცხრილი 2