აქტივობა 19. საფუარი სოკოების მოქმედების დამოკიდებულება ტემპერატურაზე

რესურსები:

• ცდის ჩატარების პროცედურის აღწერილობა,
• პურის ფქვილი,
• თბილი წყალი,
• მცირე ზომის ჯამები,
• საფუარი,
• გამათბობელი, ან სითბოს რაიმე სხვა წყარო.

 

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლემ უნდა:

• შეისწავლოს პურის საფუარის ცხოველქმედების პირობები,
• განახორციელოს ექსპერიმენტის სხვადასხვა ეტაპი დამოუკიდებლად.
• იმსჯელოს ადამიანებისათვის მიკროორგანიზმების დადებით და უარ­ყოფით მნიშვნელობაზე.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

მასწავლებელი:

• ურიგებს მოსწავლეებს ცდის ჩატარების პროცედურის აღწერილობას და ავალებს მათ, ჩაატარონ ცდა სახლში. მომდევნო გაკვეთილზე განიხილავენ ცდის შედეგებს.

 

ცდის ჩატარების პროცედურა:

ავიღოთ 0,5 კგ პურის ფქვილი და გავყოთ 3 ნაწილად თითოეული ჩავყა­როთ ცალკე ჯამში და დავუმატოთ ცოტაოდენ თბილ წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი საფუარი. მოვზილოთ ერთნაირი ცომის გუნდები, დავაწყოთ თეფშებზე და დავნომროთ. შემდეგ N1 მოვათავსოთ მაცივარში (4° -ზე), N2 ოთახის ტემპერატურაზე (მიახლოებით 20°-ზე), ხოლო N3 სითბოში, მაგ., გამათბობელთან ახლოს (მიახლოებით 30°-ზე). დაახლოებით 2 საათის შემდეგ გავზომოთ ცომის გუნდების დიამეტრი, შედეგები ჩავინიშნოთ, მოვათავსოთ ისინი ჰაერღუმელში და გამოვაცხოთ. გამომცხვარი კვერები გავჭრათ შუაზე და ნასვრეტების ზომის მიხედვით ვიმსჯელოთ პურის აფუების ხარისხზე. სასურველია გადავიღოთ ფოტოსურათი.

1. მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს

• განსაზღვრონ კვლევის მიზანი;
• გამოთქვან ვარაუდი ცდის შედეგების შესახებ;
• ჩაატარონ ექსპერიმენტი და აღრიცხონ მონაცემები ცხრილში
• მოახდინონ ცდის შედეგების ინტერპრეტაცია;
• გააკეთონ სათნადო დასკვნები;
• წარმოადგინონ ცდის შედეგები ცდის ოქმის სახით (იხ. აგრეთვე დანართი).
• მოამზადონ მასალები პრეზენტაციისათვის.

 

ცდის ოქმი:

ცდის ოქმი 1

სავარაუდო პასუხები:

კვლევის მიზანი: პურის საფუარის ცხოველქმედების პირობების შესწავლა

ვარაუდი: პურის საფუარის ცხოველქმედება, ანუ პურის ცომის აფუების ხარისხი დამოკიდებულია ტემპერატურაზე

 

ცდის სავარაუდო შედეგები:

N1 ცომის გუნდა, რომელიც მაცივარში იყო მოთავსებული, არ აფუვ­დება; მისი დიამეტრი არ შეიცვლება. გამოცხობის შემდეგ კვერს არ ექნება ნასვრეტები, ანუ მივიღებთ ხმიადს _ ანუ უფუარ პურს.

N2 ცომის გუნდა, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე იყო მოთავსებული, მცირედ აფუვდება და მისი დიამეტრი მცირედ გაიზრდება. გამოცხობის შემდეგ კვერს ექნება პატარა ნასვრეტები, ანუ მივიღებთ ცუდად აფუებულ პურს.

N3 ცომის გუნდა, რომელიც გამათბობელთან იყო მოთავსებული, კარგად აფუვდება და მისი დიამეტრიც საგრძნობლად გაიზრდება. გამოცხობის შემდეგ კვერს ექნება დიდი ნასვრეტები, ანუ მივიღებთ კარგად აფუებულ პურს.

 

შედეგების ინტერპრეტაცია:

N1 ცომის გუნდა არ აფუვდა, რადგან იგი იყო მოთავსებული საფუარი სოკოების გამრავლებისთვის არახელსაყრელ ტემპერატურაზე მაცივარში.

N2 ცომის გუნდა აფუვდა, რადგან ოთახის ტემპერატურაზე, საფუარმა დაიწყო გამრავლება და ცხოველქმედება. ისინი დაკვირტვით მრავლდებიან და ცხოველქმედების პროცესში შეითვისებენ პურის სახამებლის დაშლის შედეგად მიღებულ გლუკოზას და გამოყოფენ სპირტს და ნახშირორჟანგს. წარმოქმნილი ნახშირორჟანგი ბუშტულების სახით გამოიყოფა და ცომის აფუებას იწვევს.

N3 ცომის გუნდა უფრო კარგად აფუვდა, რადგან 30°-ზე საფუარი უფრო სწრაფად მრავლდება და უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს ცხოველ­ქმედე­ბის პროცესები.

დასკვნა: პურის აფუების პროცესი დამოკიდებულია ტემპერატურაზე, რადგან პურის აფუება გამოწვეულია საფუარი სოკოების მიერ ცხოველ­ქმედების პროცესში გამოყოფილი ნახშირორჟანგით. გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა დამოკიდებულია საფუარი სოკოების უჯრედების რაოდენობაზე და მათი ცხოველქმედების ინტენსივობაზე, რაც ტემპერატურის გაზრდასთან ერთად მატულობს.

 

მომზადებულია ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ

გამოცემული ”დამატებითი მეთოდური რეკომენდაციები VII კლასის

ბიოლოგიის მასწავლებლებისათვის” მასალების მიხედვით