აქტივობა 19. როგორ უნდა დადგინდეს, რომ ხსნარი არის ნარევი?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

• რომ ზოგი მყარი ნივთიერება წყალში იხსნება, ზოგი - არა;
• რომ მრავალი ფართოდ გავრცელებული მასალა არის ნარევი;
• რომ შესაძლებელია ნარევის დაყოფა კომპონენტებად;
• მიზნის შესაბამისი ტექნიკის შერჩევა და კვლევის ჩატარება;
• კვლევის შედეგების აღრიცხვა;
• მოსაზრებების შეჯერება.

 

რესურსები

  • გამოხდილი წყალი;
  • ზღვის წყალი;
  • ცარცის სუსპენზია;
  • შაბიამნის ხსნარი.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

• შეარჩევს და აჩვენებს მოსწავლეებს რომელიმე სითხეს, მაგალითად, გამოხდილ წყალს, ზღვის წყალს ან ცარცის სუსპენზიას, შაბიამნის ხსნარს და დაუსვამს კითხვას მათ შესახებ. მაგალითად: ეს წყალია? ეს სუფთა წყალია? სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ, როგორ უნდა დამზადდეს ხსნარი და როგორ გამოცალკევდეს მყარი ნივთიერების ნაწილაკები წყალ­ხსნარიდან;
• ავალებს მოსწავლეებს, შეარჩიონ მეთოდი (მაგ., ფილტრაცია, აორთქლება ან ამოშრობა) და გამოიკვლიონ, მიცემული სითხის ნიმუში ნარევია თუ არა. სთხოვს, ჩაწერონ დაკვირვების შედეგები და აღწერონ, რა შედეგი მიიღეს არჩეული მეთოდის გამოყენებით. ეხმარება კლასს, შეაჯერონ განსხვავებული მოსაზრებები და გამოიყენონ ტერმინები: “ხსნადი”, “არახსნადი”, “გახსნილი ნივთიერება”.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

• დაასახელებენ წყალში ხსნად ან არახსნად ზოგიერთ მყარ ნივთიერებას;
• განსაზღვრავენ ზოგიერთი ნარევის კომპონენტებს (მაგ., ზღვის წყალი შედგება წყლისაგან, რომელშიც გახსნილია მარილი და სხვა მყარი ნივთიერებები);
• აღწერენ ნარევისგან კომპონენტების გამოყოფის რომელიმე ხერხს;
• ჩაატარებენ და აღწერენ კვლევას.

 

რეკომენდაციები

• აქტივობის მიზანია, გამოავლინოს, რა იციან მოსწავლეებმა მყარი და თხევადი აგრეგატული მდგომარეობების შესახებ. ამის საფუძველზე მასწავლებელი შეძლებს, გადაწყვიტოს, რომელ მოსწავლეებს სჭირდებათ მეტი მუშაობა ნარევის მომზადებაზე, რომლებს - მათი დაყოფის მეთოდებზე, რომლებს - ბურთულ-ღეროვანი მოდელის გამოყენებით ახსნაზე;
• მოსწავლეებს შეუძლიათ განიხილონ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და კვების პროდუქტების ეტიკეტები და განსაზღვრონ, რომელი მათგანია ნარევი და რომელი - არა.

 

უსაფრთხოება

• მასწავლებელი უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა უსაფრთხოება პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დაწყებამდე;
• ეთილის სპირტი ადვილად აალდება, ამიტომ მისი გამოყენების შემთხვევაში ოთახში არ უნდა იყოს ცეცხლის ღია ალი;
• შაბიამანი მომწამვლელია, თუ მისი კონცენტრაცია აღემატება 1.0 M/დმ3., ამიტომ სასურველია განზავებული ხსნარის გამოყენება;
• აუცილებელია დამცავი სათვალისა და ხელთათმანების გამოყენება.