აქტივობა 18 . საფუარი სოკოების ცხოველქმედების შესწავლა

რესურსები:

• ცდის ჩატარების პროცედურის აღწერილობა,
• პურის ნაჭერი,
• გამათბობელი, ან სითბოს რაიმე სხვა წყარო.

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლემ უნდა:

• შეისწავლოს პურის ობოს სოკოს ცხოველქმედების პირობები;
• განახორციელოს ექსპერიმენტის სხვადასხვა ეტაპი დამოუკიდებლად;
• იმსჯელოს ადამიანებისათვის მიკროორგანიზმების დადებით და უარ­ყოფით მნიშვნელობაზე.

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

მასწავლებელი:

  • ურიგებს მოსწავლეებს ცდის ჩატარების პროცედურის აღწერას და აძლევს ცხრილის ნიმუშს, რომელშიც მათ ქრონოლოგიურად უნდა შეიტანონ მონაცემები ხუთი დღის განმავლობაში (მოსწავლეები ატარებენ ცდას სახლში. გაკვეთილზე განიხილავენ ცდის შედეგებს).

ცდის ჩატარების პროცედურა:

მოსწავლეები იღებენ ახალი პურის 4 ნაჭერს. 2 ნაჭერს აშრობენ ტაფაზე, ისე, რომ არ დაიწვას. ე.ი. აკეთებენ ორცხობილას. დანარჩენ 2 ნაჭერს ოდნავ ნამავენ. პურის ნაჭრებს გვერდით მიუწყობენ ქაღალდის ნომრებს და დააწყობენ ცალ-ცალკე თეფშებზე. ერთ გამომშრალ და ერთ ტენიან პურის ნაჭერს ათავსებენ ნებისმიერ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (დაახლოებით 20°-ზე), ხოლო დანარჩენ ორს სითბოში, მაგ., გამათბობელთან ახლოს (დაახლოებით 30°-ზე). 

 

მოსწავლეები აკვირდებიან პურის ნაჭრებს და მონაცემები შეაქვთ ცხრილში:

დაკვირვება პურის ნაჭრებზე

• ავალებს მოსწავლეებს:
– განსაზღვრონ კვლევის მიზანი;
– გამოთქვან ვარაუდი ცდის შედეგების შესახებ;
– ჩაატარონ ექსპერიმენტი და აღრიცხონ მონაცემები მოცემულ ცხრილში;
– მოახდინონ ცდის შედეგების ინტერპრეტაცია;
– გააკეთონ სათანადო დასკვნები;
– გააფორმონ ექსპერიმენტის მიმდინარეობა და მისი შედეგები სურვილი­სამებრ და წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.

 

სავარაუდო პასუხები:

კვლევის მიზანი: პურის ობის ცხოველქმედების პირობების შესწავლა;

ვარაუდი: პურის ობის სოკოს ცხოველქმედება დამოკიდებულია გარემოს ტემპარატურაზე და ტენიანობაზე

 

ცდის სავარაუდო შედეგები:

ცდის სავარაუდო შედეგები

შედეგების ინტერპრეტაცია:

N1 და N2 პურის ნაჭრები (გამომშრალი) 6 დღის განმავლობაში არ დაობდა. ე.ი. პურის ობის მიცელიუმის განვითარებისათვის აუცილებელია წყალი.

N3 და N4 პურის ნაჭრები (დატენიანებული) 6 დღის განმავლობაში დაობდა. დაობება უფრო სწრაფად მოხდა შედარებით მაღალ 30° ტემპერატურაზე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ პურის ობის განვითარების სისწრაფე დამო­კიდებულია ტემპერატურაზე. პურის ობზე განვითარებული შავი წინწკლები მისი სასპორე კოლოფებია. ობის სოკო სწორედ სასპორე კოლოფებიდან გამოფანტული მიკროსკოპული სპორებით მრავლდება.

დასკვნა: პურის ობის მიცელიუმის განვითარებისათვის აუცილებელია წყა­ლი. მისი განვითარების სისწრაფე დამოკიდებულია ტემპერატურაზე.

მომზადებულია ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ

გამოცემული ”დამატებითი მეთოდური რეკომენდაციები VII კლასის

ბიოლოგიის მასწავლებლებისათვის” მასალების მიხედვით