აქტივობა 17 . რძემჟავა დუღილის ბაქტერიების ცხოველქმედების შესწავლა

რესურსები:

• ცდის ჩატარების პროცედურის აღწერილობა;
• რძე, მაწონი,
• ლითონის პატარა ჭურჭელი (მაგ., ყავადანი, ლითონის ჭიქა),
• თერმომეტრი,
• ერთნაირი ზომისა და ფორმის ჭიქები რძის ჩასასხმელად,
• შესაფუთი მასალა (მაგ., ძველი გაზეთები),
• მინაზე საწერი მარკერი,
• გაზქურა ან სპირტქურა.

 

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლემ უნდა:

• შეისწავლოს რძემჟავა დუღილის ბაქტერიების ცხოველქმედების პირობები;
• განახორციელოს ექსპერიმენტის სხვადასხვა ეტაპი დამოუკიდებლად;
• იმსჯელოს ადამიანებისათვის მიკროორგანიზმების დადებით და უარ­ყოფით მნიშვნელობაზე.

შენიშვნა: მასწავლებელს შეუძლია ცდა ჩაატაროს თავად, საგაკვეთილო პროცესში, ან გააცნოს მოსწავლეებს პროცედურა და დაავალოს ცდის ჩატარება სახლში; გაკვეთილზე განიხილოს ცდის შედეგები.

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

მასწავლებელი;

  • უხსნის მოსწავლეებს ცდის ჩატარების პროცედურას (სასურველია პროცედურის თანმიმდევრობა დაარიგოს ამობეჭდილი ფურცლების სახით).

 

ცდის ჩატარების პროცედურა:

ავიღოთ 0,5 ლ რძე და თანაბრად გავანაწილოთ 4 ერთნაირ ჭიქაში. ჭიქები დავნომროთ.

N1 ჭიქაში ცივ რძეს დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი მაწონი, ავურიოთ და შევფუთოთ.

N2 ჭიქიდან რძე გადმოვასხათ ყავადანში და გავათბოთ 40°-მდე; შემდეგ გადავასხათ კვლავ იგივე ჭიქაში, დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი მაწონი, ავურიოთ და შევფუთოთ.

N3 ჭიქიდან რძე გადმოვასხათ ყავადანში და წამოვადუღოთ, შემდეგ მდუღარე რძე ისევ ჭიქაში დავაბრუნოთ, დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი მაწონი, ავურიოთ და შევფუთოთ.

N4 ჭიქიდან რძე გადმოვასხათ ყავადანში და წამოვადუღოთ, შემდეგ გავაცივოთ 40°-მდე, დავაბრუნოთ ჭიქაში, დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი მაწონი, ავურიოთ და შევფუთოთ. შეფუთული ჭიქები უნდა გაიხსნას 24 საათის შემდეგ.

 

• ავალებს მოსწავლეებს:

- განსაზღვრონ კვლევის მიზანი;
- გამოთქვან ვარაუდი ცდის შედეგების შესახებ;
- ჩაატარონ ექსპერიმენტი;
- მოახდინონ ცდის შედეგების ინტერპრეტაცია;
- გააკეთონ სათნადო დასკვნები;
- წარმოადგინონ ცდის შედეგები ცდის ოქმის სახით.

 

ცდის ოქმი

ცდის ოქმი

სავარაუდო პასუხები:

კვლევის მიზანი: რძემჟავა დუღილის ბაქტერიების ცხოველქმედების პირობების შესწავლა.

ვარაუდი: რძემჟავა ბაქტერიების ცხოველქმედება დამოკიდებულია ტემპერატურაზე.

 

შედეგები:

N1 ჭიქაში ვერავითარ ცვლილებას ვერ შევნიშნავთ.

N2 ჭიქაში რძე ცუდად შედედდება, მასას ექნება არასასიამოვნო სუნი.

N3 ჭიქაში ვერავითარ ცვლილებას ვერ შევნიშნავთ.

N4 ჭიქაში მივიღებთ კარგ მაწონს, ოდნავ მომჟავო სუნითა და გემოთი.

 

შედეგების ინტერპრეტაცია:

N1 ჭიქაში ცივ რძეში მაწვნის სახით შეყვანილი რძემჟავური დუღილის ბაქტე­რიები ვერ გამრავლდა მათთვის არახელსაყრელი დაბალი ტემპერატურის გამო.

N2 ჭიქაში 40°-მდე გამთბარ რძეში გამრავლდა როგორც რძემჟავური დუღილის, ასევე სხვა საპროფიტული მიკრობები, მათ შორის ლპობის გამომწვევი ბაქტერიებიც, მათ გამოიყენეს რძეში არსებული შაქარი და გამოყვეს ლპობის პროდუქტები, რამაც რძიან მასას არასასიამოვნო სუნი მისცა. ვინაიდან რძეში არსებული შაქრის ნაწილი სხვა მიკრობებმაც გამოიყენეს, რძემჟავური დუღილის ბაქტერიებმა ვერ შეძლეს რძის კარგად შედედება, რადგან მათ მიერ გამოყოფილი რძემჟავა ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

N3 ჭიქაში მდუღარე რძეში მაწვნის სახით შეყვანილი რძემჟავური დუღილის ბაქტერიები ვერ გამრავლდა მათთვის არახელსაყრელი მაღალი ტემპერატურის გამო.

N4 ჭიქაში წამოდუღებულ და 40°-მდე შეგრილებულ რძეში აღარ არის ცოცხალი ბაქტერიები და რადგან მასში მაწვნის სახით შევიყვანეთ რძემჟავური დუღილის ბაქტერიები, სასურველი ტემპერატურის პირობებში მხოლოდ ისინი გამრავლდნენ. მათ შეითვისეს რძის შაქარი, თავიანთი ცხოველქმედების შედეგად გამოყვეს რძემჟავა და მაწონიც კარგად შედედდა.

 

დასკვნა: რძემჟავური დუღილის ბაქტერიების გამრავლებისა და ცხო­ველქმედებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა დაახლოებით 40°. ისინი უკეთესად მრავლდებიან და ცხოველქმედებენ მაშინ, როდესაც არ განიცდიან კონკურენციას სხვა საპროფიტი მიკრობების მხრიდან.

 

მოსწავლეების ტიპური შეცდომები

მოსწავლეები ფიქრობენ, რომ რძემჟავა ბაქტერიები მხოლოდ რძის პროდუქტების დამზადებაში მონაწილეობენ და არ იციან მათი მნიშვნელობა, მაგა­ლითად ბოსტნეულის დამწნილებაში.

 

მომზადებულია ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ

გამოცემული ”დამატებითი მეთოდური რეკომენდაციები VII კლასის

ბიოლოგიის მასწავლებლებისათვის” მასალების მიხედვით