აქტივობა 16. გაკვეთილი ბუნებაში

რესურსები:

სარკვევები; მწერების საჭერი ბადეები; პინცეტები; ხელთათმანები; თავისუფალი ფურცლები ჰერბარიუმების დასამზადებლად.

 

შენიშვნა:

აღნიშნული აქტივობა შესაძლებელია განხორციელდეს გასვლით გაკვეთილზე ან ექსკურსიაზე, სკოლის ეზოში ან მის ახლო ტერიტორაზე, რამდენადაც ამის საშუალებას სკოლის ადგილმდებარეობა იძლევა.

 

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლემ უნდა:

• მოიპოვოს ინფორმაცია ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნების შესა­ხებ ადგილობრივ გარემოში;
• ამოიცნოს ორგანიზმები სხვადასხვა საშუალების დახმარებით;
• დაადგინოს საკვლევ გარემოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული მცე­ნარეები;
• დააჯგუფოს ორგანიზმები სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
• დაადგინოს აღწერილი ორგანიზმების მნიშვნელობა ბუნებისა და ადამიანისათვის.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

მასწავლებელი:

• ორგანიზებას უკეთებს ექსკურსიას ბუნებაში (ან გასვლით გაკვეთილს).
• მკაფიოდ განსაზღვრავს კლასში ექსკურსიის მიზანს (თემას) და ამოცანებს
• ანაწილებს თითოეული ჯგუფისათვის (5-6 მოსწავლე ჯგუფში) დამოუკიდებელ სამუშაოს;
• საუბრობს ექსკურსიის დროს მოპოვებული მასალის, შედეგების, ექსკურ­სიის ანგარიშის სახით გაფორმების შესახებ;
• საუბრობს ექსკურსიის დროს ქცევის წესების შესახებ.

ექსკურსია (ან გასვლითი გაკვეთილი) შედგება 4 ეტაპისაგან:

1) ექსკურსიის მოსამზადებელი ეტაპი;
2) ექსკურსიის ჩატარება;
3) ექსკურსიის შედეგების შეჯამება;
4) ექსკურსიის შედეგების შემდგომი გამოყენება სწავლების პროცესში.
 

1. პირველ ეტაპზე მასწავლებელი ყოფს კლასს ოთხ ჯგუფად და აცნობს მათ დავალებებს, რომლებიც უნდა შეასრულონ ექსკურსიაზე ყოფნისას, ამ მოამზადონ მანამდე:

I ჯგუფი:

• შეაგროვეთ და აღწერეთ სხვადასხვა ბალახოვანი მცენარის ვეგეტატიური და/ან გენერაციული ორგანოების თავისებურებანი;
• დაადგინეთ ამ ბალახოვანი მცენარეების სახელწოდება და მათი დამა­ხასიათებელი ნიშნების მიხედვით მიაკუთვნეთ შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულს;
• დაადგინეთ, რომელი ბალახოვანი მცენარეებია განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული საკვლევ გარემოში;
• მოიპოვეთ ინფორმაცია ამ ორგანიზმების შესაძლო მნიშვნელობის შესახებ ბუნებაში.

 

II ჯგუფი:

• შეაგროვეთ სხვადასხვა ხე-მცენარის ვეგეტატიური და/ან გენერაციული ორგანოები.
• დაადგინეთ ამ ხე–მცენარეების სახელწოდება, მათი დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით მიაკუთვნეთ შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულს;
• დაადგინეთ, რომელი ხე-მცენარეებია გავრცელებული განსაკუთრებით ფართოდ მოცემულ საკვლევ გარემოში;
• მოიპოვეთ ინფორმაცია ამ ორგანიზმების შესაძლო მნიშვნელობის შესა­ხებ ბუნებაში.

 

III ჯგუფი:

• მოიპოვოთ სხვადასხვა მცენარის თესლები (ან/და ნაყოფები) და შეისწავლეთ მათი აგებულების თავისებურებები;
• დაადგინეთ ამ მცენარეების სახელწოდება, მათი დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით მიაკუთვნეთ შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულს;
• აგებულების მიხედვით ივარაუდეთ თითოეულის გავრცელების ხერხი;
• მოიპოვეთ ინფორმაცია ამ ორგანიზმების შესაძლო მნიშვნელობის შე­სახებ ბუნებაში.

 

IV ჯგუფი:

• შეაგროვეთ სხვადასხვა უხერხემლო ცხოველი;
• დაადგინეთ მათი სახელწოდება, მათი დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით მიაკუთვნეთ შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულს;
• აღწერეთ მათი აგებულების თავისებურებები;
• მოიპოვეთ ინფორმაცია ამ ორგანიზმების შესაძლო მნიშვნელობის შე­სახებ ბუნებაში.

2. ექსკურსიის მეორე ეტაპი მიმდინარეობს ბუნებაში და იწყება თითო­ეული ჯგუფის ამოცანების განხილვით. ზუსტდება მოპოვებული მასალის გაფორმების ხერხები. შემდეგ თითოეული ჯგუფი შეუდგება (მასწავლებლის დახმარებით და ხელმძღვანელობით) თავისი დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულებას.

უშუალოდ ბუნებაში გასვლისას ჯგუფები ასრულებენ პირველ სამ დავალებას. სარკვევის გამოყენებაში მათ ეხმარებათ მასწავლებელი, რომელიც უხსნის მოსწავლეებს ბიოლოგიური სარკვევის გამოყენების წესს – თეზა–ანტითეზის პრინციპს. ინფორმაციას მეოთხე დავალების შესახებ მოსწავლეები მოიძიებენ სახლში, საშინაო დავალების სახით.

3. ექსკურსიის მესამე ეტაპი მოიცავს ჯგუფის მიერ მიღებული შედეგების ანგარიშის სახით წარდგენას და დისკუსიას კლასში.

აუცილებელია, მასწავლებელმა მოახდინოს მოსწავლეების მიერ მოპოვებული მასალის და დასკვნების გამოფენა/გამოყენება მომდევნო თემების სწავლების პროცესში.