აქტივობა 15. სოციალურ პრობლემებში პოლიტიკური პარტიების როლი

შედეგი

  • მოქ.IX.10. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს სახელმწიფო მმართველობის სისტემა.
  • მოქ.X.9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოში თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის სისტემის განვითარების პროცესი.

 

დრო

ორი გაკვეთილი

 

შენიშვნა

სასურველია მოსწავლეს აქტივობამდე გააჩნდეს ცოდნა პარტიების თეორიული საფუძვლების შესახებ

 

რესურსები

  • დაფა;
  • ცარცი;
  • ფერადი ფურცლები.

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

აქტივობის აღწერა:

ჩამოწერეთ დაფაზე პლატფორმები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს შეიძლება ახასიათებდეს:

რადიკალური ლიბერალური ზომიერი

კონსერვატიული რეაქციული ანარქისტული

შემდეგ დაავალეთ მოსწავლეებს წერილობით, 5-10 წუთში, თითოეული მათგანის მახასიათებლები ჩამოაყალიბონ. მათი პასუხები საჯაროდ განიხილეთ და შეეცადეთ დაფაზე შედარებით ერთმნიშვნელოვანი ვერსიები დააფიქსიროთ.

აქტივობის შემდგომ ფაზაში მოსწავლეებს დაფაზე ჩამოაწერინეთ სოციალური და პოლიტიკური პრობლემები, რომლებსაც ისინი ქართულ ან რომელიმე სხვა ქვეყნის სინამდვილეში ხედავენ. დაავალეთ მოსწავლეებს განსაზღვრონ, ზემოთ ჩამოთვლილი რომელი პლატფორმის პოლიტიკური ძალისთვის იქნება უფრო მეტად პრიორიტეტული თითოეულ ამ პრობლემაზე რეაგირება. აქტივობის დასასრულ, შეეცადეთ მოსწავლეებთან ერთად განსაზღვროთ ქართული პოლიტიკური პარტიების იდეოლოგია.