აქტივობა 15. ყვავილის აგებულება

რესურსები:

ოთხი შედარებით დიდი ზომის ცოცხალი ყვავილი (შროშანი, ტიტა, ვარდი, სამფერა ია და ა.შ); დამცავი სათვალეები, ლუპები, წვრილი მაკრატლები; მიკროსკოპი; მუდმივი პრეპარატები სხვადასხვა მცენარის
მტვრის მარცვლითა და კვერცხუჯრედის განივჭრილით.

 

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლემ უნდა:

  • გამოიკვლიოს ყვავილის სტრუქტურა;
  • იმსჯელოს ყვავილის ცალკეული ნაწილის დანიშნულებაზე გამრავლებაში.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

მასწავლებელი:

  • ყოფს კლასს ოთხ ჯგუფად და თითოეულს, სათითაოდ ურიგებს ოთხ ყვავილს (ყვავილის ნაწილებზე უკეთ დაკვირვების მიზნით სასურველია ისინი დიდი ზომის იყოს).
  • სთხოვს მოსწავლეებს გამოიკვლიონ ყვავილის აგებულება, მისი ცალკეული ნაწილის მდებარეობა და განლაგება (სიმეტრიული/ასიმეტრიული), ფერი, ზომა, და დათვალონ მისი ცალკეული ნაწილების რაოდენობა. მონაცემები შეიტანონ ცხრილში.
ცხრილი გვირგვინის ფურცლებზე
  • უხსნის მოსწავლეებს პროცედურის ჩატარების თანმიმდევრობას.
1) დაათვალიერეთ ყვავილი გარეგნულად, შეისწავლეთ გვირგვინის ფურცლები და ჯამის ფოთლების მახასიათებლები, მონაცემები შეიტანეთ ცხრილში;
2) ფაქიზად მოაშორეთ ყვავილს გვირგვინის ფურცლები და ჯამის ფოთლები. დააკვირდით და გამოიკვლიეთ მტვრიანების აგებულება და სხვა ნიშან–თვისებები. თხელი მაკრატლით მოაჭერით სამტვრეები და დაათვალიერეთ ლუპით. მონაცემები შეიტანეთ ცხრილში;
3) დააკვირდით და გამოიკვლიეთ ლუპით ბუტკოს აგებულება. შეისწავლეთ მისი სხვა მახასიათებლები. მონაცემები შეიტანეთ ცხრილში;
4) გააკეთეთ თქვენ მიერ გამოკვლეული ყვავილის სქემატური ჩანახატი. გაუკეთეთ თითოეულ ნაწილს სათანადო წარწერა.
• მასწავლებელი უზრუნველყოფს ჯგუფების მუშაობას და სამუშაოს დასრულების შემდეგ მათი მონაცემების წარდგენას.
• მიკროსკოპში დასათვალიერებლად მოსწავლეებს წარუდგენს მტვრის მარცვლებისა და თესლკვირტის მუდმივ პრეპერატებს
• სვამს შემაჯამებელ კითხვებს:
– რა დანიშნულება აქვს გვირგვინსა და ჯამს ყვავილისათვის?
– რა წარმოიქმნება ნასკვში განაყოფიერების შემდეგ? აქედან გამომდი­ნარე, რა ეწოდება ყვავილოვანი მცენარეებისათვის დამახასიათებელ გამრავლებას?
– გამრავლების რომელ ფორმას მიეკუთვნება თესლით გამრავლება?
– რა უფრო მეტი წარმოიქმნება ყვავილში, მტვრის მარცვალი თუ კვერცხუჯრედი? პასუხი დაასაბუთე.
– თქვენ მიერ შესწავლილი ყვავილებისგან განსხვავებით, ზოგიერთ მცენარეს აქვს ცალსქესიანი ყვავილები, რომელთა გვირგვინში, ან მხო­ლოდ მტვრიანებია ან მხოლოდ ბუტკოები. როგორ მოხდება თქვენი აზრით, ასეთი მცენარეების გამრავლება? ხომ არ შეუშლის ხელს ეს ფაქტი გამრავლებას?

 

სავარაუდო პასუხები:

– ისინი არ იღებენ პირდაპირ მონაწილეობას მცენარის გამრავლებაში, არამედ იცავენ ყვავილის შიდა ნაწილებს. იზიდავენ მწერებს.
– განაყოფიერების შემდეგ ყალიბდება თესლი. გამრავლების ამ ფორმას თესლით გამრავლება ეწოდება.
– სქესობრივს.
– უფრო დიდი რაოდენობით წარმოიქმნება მტვრის მარცვლები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი გაფანტვა და გავრცელება დიდი ფართობ­ზე. ეს ხელს შეუწყობს მცენარის უფრო დიდ ტერიტორიებზე განსახლებას და სახეობის გადარჩენას.
– ცალსქესიანი ყვავილები დაიმტვერებიან სხვა ყვავილების მტვრით, ანუ გან­ხორციელდება ჯვარედინი დამტვერვა და გამრავლებას ხელი არ შეეშლება.
 
 

სასარგებლო ინტერნეტლინკები:

ყვავილების ნაწილები და დამტვერვა

http://www.youtube.com/watch?v=AbpEhe6eXGI&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=xHkq1edcbk4
http://www.youtube.com/watch?v=fYSxgVGtMmU

ორმაგი განაყოფიერება

მცენარეების გამრავლების სხვადასხვა ფორმები