აქტივობა 15. გამოვხატოთ ჩვენი თვალსაზრისი

აქტივობის შესახებ:

მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს, დაწერონ ტექსტი, რომელშიც დასაბუთებული იქნება ზოოპარკის საჭიროება თანამედროვე ეპოქაში (მაგ., “საჭიროა თუ არა დღეს ზოოპარკი?” “თანამედროვე ზოოპარკები და ადამიანები”). აქტივობა მიმართულია იქითკენ, რომ მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა და დასაბუთება.

აქტივობა ტარდება 3 ეტაპად. იგი კომპლექსური სახისაა და ფარავს ზეპირმეტყველებისა (I_ II ეტაპები) და წერის (III ეტაპი) მიმართულებებს. აქტივობა გამოიყენება წერის წინა ეტაპზე.

 

აქტივობის მიზნები:

  • ინფორმაციის დახარისხების უნარის განვითარება;
  • კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ზეპირმეტყველებითი უნარ-ჩვევების განვითარება (საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმა და დასაბუთება);
  • წერითი მეტყველების განვითარება (საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა და დასაბუთება).

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

მთელი კლასის მონაწილეობით.

 

რესურსები:

დაფა, ცარცი/მარკერი, საწერი კალმები, რვეულები.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი გაესაუბრება მოსწავლეებს ზოოპარკების თემაზე (აქტივობის ჩატარებამდე სასურველია, მოსწავლეები გაეცნონ სხვადასხვა სახის ტექ­სტებს/მასალებს თანამედროვე ზოოპარკების შესახებ). მაპროვოცირებელი შეკითხვების დასმით მოსწავლეები დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა ფუნქციას ასრულებენ ზოოპარკები თანამედროვე ეპოქაში (როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა ზოოპარკები თანამედროვე ეპოქაში?, სხვ.). მასწავლებელი მოსწავლეებს შესთავაზებს, დაასაბუთონ, რომ ზოოპარკები დღესაც საჭირო და მნიშვნელოვანია. ამისათვის კი აუცილებელია იმის გააზრება, თუ რა ადგილი უკავია ზოოპარკს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში.

I ეტაპი _ გონებრივი იერიშის გზით მოსწავლეები წამოაყენებენ იდეებს, რომელთაც მასწავლებელი დაწერს დაფის მარცხენა ნაწილში/დაფის მარცხენა ფრთაზე. დავუშვათ, რომ საბოლოოდ ჩამონათვალმა ამგვარი სახე მიიღო.

ნიმუში. ჩამონათვალი:

  • ადამიანები ნახულობენ ეგზოტიკურ ცხოველებს
  • მხოლოდ ზოოპარკში შეიძლება მტაცებელი ცხოველების ნახვა
  • ბავშვები ათვალიერებენ და ეცნობიან გარეულ ცხოველებს
  • ზოოპარკებში კვლევითი ლაბორატორიებია, რომლებიშიც ნებისმიერ ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება
  • ადამიანები ეცნობიან სხვადასხვა სახეობის ცხოველებს
  • ბავშვები კარგად ერთობიან
  • უფროსები დადიან სასეირნოდ
  • ბავშვები სწავლობენ ცხოველების სიყვარულს
  • მეცნიერები სწავლობენ ცხოველებს
  • ყოველდღე შეუძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება ცხოველებზე
  • ცხოველები უსაფრთხოდ არიან
  • ყველა ცხოველი დაცულია
  • ცხოველები სიცოცხლეს ინარჩუნებენ
  • ცხოველები ცალ-ცალკე სხედან და ერთმანეთს თავს არ ესხმიან
  • ცხოველებს აქვთ საკმარისი საკვები და წყალი
  • დაავადებულ ცხოველებს ზოოპარკებში მკურნალობენ

II ეტაპი _ მასწავლებელი, მოსწავლეთა აქტიური თანამონაწილეობით, მუშაობს ჩამონათვალში წარმოდგენილი იდეების კატეგორიზაციაზე. სამუშაოს გასაადვილებლად მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს გრაფიკული მაორგანიზებელი “ობობას ქსელი”. დაფის მარჯვენა ნაწილში მასწავლებელი დაწერს სიტყვას “ზოოპარკი” და შემოაჩარჩოებს მას რგოლისებრი ხაზით. ამის შემდეგ მასწავლებელი, მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით, განსაზღვრავს ჩამონათვლის ცალკეული იდეის შესაბამის კატეგორიას. საწყის ეტაპზე, სასურველია, ჩამონათვლიდან შეირჩეს ერთი და იმავე კატეგორიის ორი იდეა: მაგ., “ცხოველებს აქვთ საკმარისი საკვები და წყალი” და “დაავადებულ ცხოველებს ზოოპარკებში მკურნალობენ”, რომლებიც გაერთიანდება კატეგორიაში “ცხოველების დაცულობა” (ამ გზით მოსწავლეები უკეთ გააცნობიერებენ შესასრულებელი სამუშაოს არსს). კატეგორიზაციის პროცესი გრძელდება _ ჩამონათვალში წარმოდგენილი ყველა იდეა სათანადო ადგილს დაიკავებს სქემაზე _ დაუკავშირდება შესაბამის კატეგორიას. ობობისებური სქემას ნაბიჯ-ნაბიჯ იტოტება. საბოლოოდ ჩამონათვლის გადამუშავებული ვერსია _ ობობისებური სქემა ამგვარ სახე მიიღებს.

 

აღზრდა-განათლება:

  • ადამიანები ნახულობენ ეგზოტიკურ ცხოველებს
  • მხოლოდ ზოოპარკში შეიძლება მტაცებელი ცხოველების ნახვა
  • ბავშვები ათვალიერებენ და ეცნობიან გარეულ ცხოველებს
  • ადამიანები ეცნობიან სხვადასხვა სახეობის ცხოველებს
  • ბავშვები სწავლობენ ცხოველების სიყვარულს

 

გართობა, დასვენება:

  • ბავშვები კარგად ერთობიან
  • უფროსები დადიან სასეირნოდ

 

მეცნიერების განვითარება:

  • მეცნიერები სწავლობენ ცხოველებს
  • ყოველდღიური ექსპერიმენტები, ზოოპარკებში კვლევითი ლაბორატორიებია

 

ცხოველების დაცულობა:

  • ცხოველებს აქვთ საკმარისი საკვები და წყალი
  • დაავადებულ ცხოველებს ზოოპარკებში მკურნალობენ
  • ყველა ცხოველი დაცულია
  • ცხოველები ცალ-ცალკე სხედან და ერთმანეთს თავს არ ესხმიან
  • ცხოველები სიცოცხლეს ინარჩუნებენ
  • ცხოველები უსაფრთხოდ არიან

 

III ეტაპი _ კატეგორიზაცია დასრულებულია. მოსწავლეებს რვეულებში გადააქვთ ობობასებური სქემა. მასწავლებლის ხელმძღვანელობით მოსწავლეები საბოლოოდ შეაჯამებენ ახალმიღებულ ინფორმაციასა და ჩატარებული სამუშაოს შედეგებს.

სახლში სამუშაოდ მოსწავლეებს დაევალებათ, დაწერონ ტექსტი ზოოპარკების თემაზე. მოსწავლეებს კარგად უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ ობობის ქსელისებური სქემა (რომელიც მათ ერთობლივად შეადგინეს მასწავლებელის ხელმძღვანელობით), ფაქტობრივად, იგივეა, რაც ნაშრომის გეგმა: კატეგორიზაციის შედეგად მიღებული თითოეული პუნქტი შეესატყვისება მომავალი ნაშრომის ერთ რომელიმე საკითხს. თითოეული კატეგორია, მასში გაერთიანებული ინფორმაციით, წარმოადგენს მომავალი წერითი ნამუშევრის ძირითადი ნაწილის ერთ ცალკეულ აბზაცს.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • საკუთარი მოსაზრების გამოთქმა და დასაბუთება;
  • კრიტიკული მოსმენა;
  • ინფორმაციის დახარისხება;
  • საკუთარი მოსაზრების წერილობით გამოხატვა და სათანადოდ არგუმენტირება;
  • წერილობითი ტექსტის შექმნა მოცემული საყრდენების მიხედვით.

 

მეთოდური მითითებები:

  • აქტივობის ჩატარების მეორე ეტაპზე (მუშაობა კატეგორიზაციაზე) შეიძ­ლება საჭირო გახდეს ხანმოკლე, კონკრეტულ საკითხებზე ფოკუსირებული დისკუსიის, კითხვა-პასუხის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის ხანმოკლე სესიების ჩატარება.
  • ზემოთ შემოთავაზებულ მოდელზე დაყრდნობით მასწავლებელს შემ­დგომში შეუძლია ჩაატაროს ასევე აქტივობა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ალტერნატიულ აზრზე (“ზოოპარკებში ცხოველების დამწყვდევა არაჰუმანურია/სისასტიკეა”) და მის არგუმენტირებაზე. ამ გზით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ იმის უნარი, რომ შეხედონ საკითხს სხვადასხვა პოზიციიდან, განუვითარდებათ არგუმენტირებისა და, ზოგადად, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ბუნებისმეტყველება. ამას გარდა, აქტივობა ავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა მეცნიე­რების ნებისმიერი სხვა დარგის შესწავლის დროსაც.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. IX. 6, 8; ქართ. IX. 9, 10, 12, 13.