აქტივობა 14. საქართველოს სახელმწიფო მოწყობა

სამოქალაქო განათლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, მოსწავლეებმა კარგად გააცნობიერონ, როგორია ქვეყნის სახელმწიფო მოწყობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ სისტემასთან მიმართებაში; რას გულისხმობს სამართლებრივი სახელმწიფო და ა.შ. მე-14 – მე-18 აქტივობები სწორედ ამ საკითხების სწავლებაში დაგეხმარებათ.

 

შედეგი

  • მოქ.IX.10.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს სახელმწიფო მმართველობის სისტემა;
  • მოქ.IX.11.მოსწავლეს შეუძლია სკოლის თვითმმართველობის დემოკრატიულ პროცესში ნაყოფიერი მონაწილეობა;
  • მოქ.X.10.მოსწავლეს შეუძლია საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების კვლევა და გამოყენება;
  • მოქ.X.11.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში.

 

დრო

ორი საათი

 

რესურსები

ფურცლები, კალმისტრები და ფერადი

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

აქტივობის აღწერა:

საქართველოს სახელმწიფო მოწყობაზე მსჯელობისას მოსწავლეებს დაავალეთ ნაცნობთა წრეში ჩაატარონ გამოკითხვა იმის შესახებ, როგორ არის ორგანიზებული ქართული სახელმწიფო სისტემა.

სასურველია, თუ მოსწავლეებს რესპონდენტები შემდეგ კითხვებზე გასცემენ პასუხებს:

ა) ვინ ახორციელებს საქართველოში საკანონმდებლო ხელისუფლებას?

ბ) ვინ ახორციელებს საქართველოში აღმასრულებელ ხელისუფლებას?

გ) როგორი სახელმწიფოა საქართველო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის მიხედვით?

დ) როგორი სახელმწიფოა საქართველო მმართველობის ფორმის მიხედვით?

ე) როგორი სახელმწიფოა საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით?

ვ) რამდენ წელიწადში ერთხელ ტარდება საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები?

სავარაუდოდ, მოსწავლეთა რესპონდენტებს ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები არ ექნებათ; რიგ შემთხვევებში შესაძლოა მათ შეკითხვის არსიც ვერ გაიგონ, თუმცა ეს აქტივობის განხორციელებას ხელს არ შეუშლის. საქმე ისაა, რომ აქტივობის მიზანი ამ კითხვებთან დაკავშირებით თავად მოსწავლეთა ინფორმირებაა, რაც, უდავოდ, მიღწეული იქნება რესპონდენტებთან მუშაობის პროცესში, რადგან, პირველ რიგში, მოსწავლეებს თავად მოუწევთ ამ შეკითხვების არსისა და მათზე სწორი პასუხების გაგება.

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები:

აქტივობა მოსწავლეს აქტიურ ცოდნას შესძენს სამოქალაქო განათლების თვალსაზრისით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემაზე. ამასთან, განვითარდება მისი, როგორც მკვლევრის, უნარებიც. ეს აქტივობა, ბუნებრივია, სხვა თემებთან მიმართებაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.