აქტივობა 14. გაპიროვნებული ლექსი

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ეხმარება მოსწავლეებს, გაააქტიურონ ცოდნა, გაიაზრონ შესწავლილი მასალა, გამოიმუშაონ ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონალური აღქმისა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარი; აგრეთვე პერსონაჟების თანაგანცდის (ემპათიის) უნარი.

აქტივობა ბიძგს აძლევს მოსწავლეთა წარმოსახვის უნარისა და ფანტაზიის განვითარებას, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენას, ხელს უწყობს წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარებას.

აქტივობის ჩატარება შესაძლებელია ამა თუ იმ მწერლის შემოქმედების ან ცალკეული ნაწარმოების შესწავლის შემდეგ.

 

აქტივობის მიზნები:

  • ინფორმაციის დახარისხებისა და შეფასების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წაკითხულის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვის უნარ-
    ჩვევების განვითარება;
  • თანაგანცდის (ემპათიის) უნარ-ჩვევების განვითარება;
  • შემოქმედებითი წერის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება.

 

რესურსები:

დაფა, ცარცი/მარკერი, რვეული, კალამი.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

ინდივიდუალური / წყვილური.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი მოკლედ გაესაუბრება მოსწავლეებს იმ მწერლის/ნაწარმოების პერსონაჟის შესახებ, რომელიც ლექსისთვისაა შერჩეული; შეახსენებს მათ ტროპული მეტყველების ერთ-ერთი სახის _ გაპიროვნების არსს კონ­კრეტული მაგალითების მოხმობით.

ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს დავალების არსს _ მოსწავლეების ამოცანაა, გაპიროვნების ხერხის გამოყენებით შეთხზან ოთხტაეპიანი ლექსი მწერალზე/პერსონაჟზე (მასწავლებლის შერჩევით). წარმოსახვის უნარისა და ემპათიის განცდის გასაქტიურებლად მასწავლებელი მათ სთავაზობს ლექსის პირველ პირში დაწერას; სთხოვს მათ, გაამახვილონ ყუ­რადღება პერსონაჟის განცდებზე, მის სულიერ სამყაროზე.

სამუშაოს დაწყების წინ მასწავლებელი გააკრავს დიდი ფორმატის ქაღალდზე დაწერილ მარტივ გეგმას (ან დაწერს დაფაზე), რომლითაც მოსწავლეები იხელმძღვანელებენ ლექსის წერის დროს და მისცემს მათ საჭირო განმარტებებს.

ამ შემთხვევაში სავსებით მისაღები იქნება, თუკი ლექსი დაწერილი იქნება ვერლიბრის (თავისუფალი ლექსის) ფორმით. მასწავლებელმა საგანგებოდ უნდა გააფრთხილოს მოსწავლეები, რომ მათ არ მოეთხოვებათ ტრადიციული გარითმული ლექსის დაწერა _ ისინი მთლიანად უნდა იყვნენ კონცენტრირებული ლექსის შინაარსზე _ პერსონაჟის ემოციებისა და სულიერი სამყაროს გადმოცემაზე.

ნიმუში. გეგმა:

  1. 1ვინ ვარ მე? (სახელდება, პერსონაჟის ვინაობა);
  2. როგორია ჩემი გამოცდილება/ცხოვრება? (ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი პერსონაჟის გამოცდილებიდან, ცხოვრებიდან);
  3. რას ვგრძნობდი, როდესაც .... (სხვა პერსონაჟებთან ურთიერთობის / კონფლიქტის დროს);
  4. რა არის ჩემი მთავარი სათქმელი? (შეჯამება, განზოგადება, სხვ.).

ნიმუში. გაპიროვნებული ლექსი:

  1. მე _ მარიტა,
  2. ვირზე უკუღმა შესმული, ტალახით მოსვრილი,
  3. ვერაფერს ვგრძნობდი, თითქოს გავქვავდი.
  4. ვაი, რა სასტიკია (/უსამართლოა) ბრბოს სამართალი.

 

აქტივობის ხანგრძლივობა:

12_ 15 წუთი.

 

შეფასება:

აღნიშნული აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ინფორმაციის დახარისხება;
  • შესწავლილი მასალის განზოგადება და შეფასება;
  • საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
  • ინდივიდუალური მიდგომის გამოვლენა;
  • შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენა;
  • თანამშრომლობა (წყვილური მუშაობის გზით);
  • სათანადო სტილური მოთხოვნების დაცვა წერის დროს.

 

მეთოდური მითითებები:

აქტივობის ორგანიზება შესაძლებელია აგრეთვე წყვილებში მუშაობის გზით.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

კავშირშია ისტორიასთან (იმ შემთხვევებში, თუკი პერსონაჟი ისტორიული პირია და/ან გამოყენებული იქნება მწერლის შემოქმედების, ნაწარმოებში აღწერილი ამბის ისტორიული კონტექსტი).

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. IX. 6, 8; ქართ. IX. 9, 13.