აქტივობა 14. “ბიოლოგიური შერკინება”

რესურსები:

ბარათები კითხვებით; სტიკერები

 

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლეებმა უნდა:

• შეაჯამონ ცხოველთა და მცენარეთა სასიცოცხლო ციკლის შესწავლის შედეგად მიღებული ცოდნა.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

მასწავლებელი:

  • წარმართავს შემაჯამებელ გაკვეთილს ეგრეთ წოდებული “ბიოლოგიური შერკინების” სახით. ამისათვის კლასს ყოფს 4-5 გუნდად. თითოეულ გუნდს ურიგებს თანაბარი რაოდენობის ბარათებს და სხვადასხვა ფერის სტიკერებს. ბარათები დანომრილია. ბარათზე აღნიშნულია:

1. გუნდის სახელი (რომელსაც თითოეული ჯგუფი თვითონ ირჩევს);

2. თემა (მაგ., გამრავლების ფორმები)

3. მოცემულია კითხვითი წინადადების პირველი ერთი ან ორი სიტყვა, ხოლო გუნდმა უნდა დაამთავროს ეს წინადადება.

(მაგ., რა არის......?; როგორ შეიძლება ....?; რა განსხვავებაა ....? რა მსგავ­სებაა...? რა მნიშვნელობა აქვს...? და სხვ.) ამ საწყისი სიტყვებით მასწავლებელი უბიძგებს მოსწავლეებს, შეადგინონ კითხვები გამრავლების ფორმების შესახებ სხვადასხვა სააზროვნო დონისათვის. კითხვის შედგენის დრო - 1 წუთი. მაგალითად., №1 ბარათზე თითოეული ჯგუფი ასრულებს კითხვით წინადადებას, შემდეგ ჯგუფები ცვლიან ბარათებს. მაშასადამე თითოეულ ჯგუფს მოუწევს პასუხის გაცემა სხვა ჯგუფის მიერ შედგენილ კითხვაზე. პასუხი იწერება სტიკერზე და ბარათთან ერთად იკვრება დაფაზე (დრო 2 ან 3 წუთი). იგივე მეორდება სხვა ბარათებთან დაკავშირებითაც. შედეგების შეჯამების დროს ყურადღება ექცევა როგორც დროის ფაქტორს (მაგ., თუ ჯგუფმა გადაამეტა დროს, აკლდება 5 ქულა), ასევე პასუხის სისწორეს (მაგ., სწორი პასუხი 20 ქულა, არასრული — 5-15 ქულა, არასწორი კი — 0 ქულა). დროის ფაქტორისა და პასუხის სისწორის შესაბამისი ქულები ჯამდება თითოეული დავალებისათვის. ბიოლოგიური შერკინების მსვლელობის დროს მინიჭებული ქულები ფიქსირდება დაფაზე წინასწარ გაკეთებულ ცხრილში. გამარჯვებულ გუნდს ან გუნდებს მასწავლებელი აჯილდოებს.