აქტივობა 13. საერთაშორისო სამართალი

WordSection1">

შედეგი

  • მოქ.IX.9.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები.
  • მოქ.X.11. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში.

 

დრო

ორი საათი

 

შენიშვნა

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობა გამჭოლია პრაქტიკულად ყველა შედეგზე

 

რესურსები

ფერადი და მყარი ფურცლები, კალმისტრები, ფერადი ფანქრები

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

აქტივობის აღწერა:

დაურიგეთ მოსწავლეებს ბარათები, რომლებზეც შემდეგი განმარტებები იქნება დატანილი:

 

ბარათი 1.

ქვეყნის უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე კანონი, რომლითაც, უპირველეს ყოვლისა, ცხადდება ადამიანისა და მოქალაქის, იურიდიული და ფიზიკური პირების გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები (რწმენისა და აღმსარებლობის, ხელშეკრულების, ინფორმაციის, მანიფესტაციების, შეკრების, აზრისა და სინდისის, სიტყვის, მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის შერჩევის, შრომის, არჩევნებში მონაწილეობის თავისუფლება და სხვ.), აგრეთვე, მათი შეზღუდვის საფუძვლები; განისაზღვრება საზოგადოებრივი წყობილების, მმართველობის ფორმის, ტერიტორიული მოწყობის, ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების ფორმირების საფუძვლები, ქვეყნის უმაღლესი პირების გადაყენების, უმაღლესი ორგანოს დათხოვნის, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესი, სახელმწიფო ენა და ქვეყნის დედაქალაქი.

 

ბარათი 2.

დამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიების შესახებ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მიერ 1950 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომლის ამოცანას წარმოადგენდა 1948 წელს გაეროს ეგიდით გამოცხადებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპების განხორციელება. მისი დებულებები ძირითადად კონცენტრირებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე; მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა პროცესუალური საკითხებისა და გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების განსაზღვრა. მოსარჩელეს აქვს უფლება ხელშეკრულების წევრი ქვეყნის მიერ მისი დარღვევის ბრალდებით მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროკომისიას, რომლის შემდგომ ინსტანციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლო, რომელსაც შეუძლიათ მიმართონ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისე ცალკეულმა პირებმა ან პირთა ჯგუფებმა. ორივე ორგანიზაცია შექმნილია ამ დოკუმენტის ფარგლებში. კომისიის ამოცანას წარმოადგენს: სასამართლოს უფლებამოსილებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საჩივრების განხილვა; დარღვევის ფაქტების შემოწმება; მხარეთა ურთიერთმორიგებისათვის საჭირო ზომების განხორციელება. შესაბამისი სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს იურისდიქციის აღიარების შემთხვევაში, სასამართლოს აქვს უფლება გამოიტანოს შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება, რომლის იურიდიული ძალა ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებების ტოლფასია.

 

ბარათი 3.

მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 10.XII.1948. მისი მიღების თარიღი (10 დეკემბერი) ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე. იგი ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. კერძოდ, დეკლარაციით გათვალისწინებულია ისეთი უფლებები, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, პირადული ხელშეუხებლობის უფლება; გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება. იგი ასევე ითვალისწინებს სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ეს დოკუმენტი არ არის იურიდიულად სავალდებულო, იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ თითქმის ყველა ქვეყანამ აქცია თავისთვის სავალდებულო ნორმების შემცველ საერთაშორისო ჩვეულებად. დოკუმენტი საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას.

აუხსენით მოსწავლეებს, რომ თითოეული განმარტება შეესაბამება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ დოკუმენტს:

დაავალეთ მათ, შეუსაბამონ განმარტებები სათანადო დოკუმენტს; შემდეგ კი მიეცით დავალება – განიხილონ, რა ფორმით არის წარმოდგენილი თითოეულ მათგანში ადამიანის რომელიმე ძირითადი უფლება და თავისუფლება, მაგალითად, სიცოცხლის უფლება, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება და ა.შ.

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები:

აქტივობის განხორციელება საშუალებას მოგცემთ მოსწავლეებს აუხსნათ საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი დოკუმენტების ურთიერთმიმართების საკითხები. აუცილებელი არ არის მხოლოდ ზემოთ აღწერილი დეფინიციებით შემოიფარგლოთ. ეს აქტივობა სხვა დოკუმენტებთან მიმართებაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. საამისოდ საჭირო ბარათების დამზადებაში დაგეხმარებათ სამოქალაქო განათლების ლექსიკონი .