აქტივობა 13. ექსპერიმენტი – რეაქციის ნორმა

რესურსები:

ოთხი სხვადასხვა მცენარის ფოთლები (ან წიწვები, ნაყოფები, თესლები), სახაზავები, თავისუფალი ფურცლები ჯგუფებში სამუშაოდ.

 

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლემ უნდა:

  • • მოიპოვოს ინფორმაცია ერთი და იმავე სახეობის ინდივიდებში ამა თუ იმ ორგანოს ნიშან-თვისების ცვალებადობის შესახებ.
  • • აწარმოოს გაზომვები და მონაცემების აღრიცხვა
  • • წარმოადგინოს შეგროვებული მონაცემები ცხრილის სახით.

 

მსვლელობა:

1. მასწავლებელი ყოფს კლასს 4 ჯგუფად და ურიგებს თითოეულს წინასწარ მომარაგებულ სხვადასხვა მცენარის ფოთლებს თანაბარი რაოდენობით. თითოეულ ჯგუფს უნდა დაურიგდეს ერთი მცენარის ფოთლები.

 

მასწავლებელი სვამს კითხვას:

– თქვენთვის დარიგებული ფოთლები ეკუთვნის ერთ მცენარეს, მიუხედავად ამისა ისინი მეტნაკლებად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზომით, მასით და სხვა ნიშნებით. მოიფიქრეთ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
– (შესაძლებელია ამ ეტაპზე სწორი პასუხი არ იქნას დასახელებული, ვინაიდან მოსწავლეები არ იცნობენ ცვალებადობის ფორმებს. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელს მიჰყავს მოსწავლეები იმ დასკვნამდე, რომ თითოეული სახეობისათვის დამახასიათებელია მეტ-ნაკლებად ერთ­გვაროვანი მორფოლოგიური ნიშნები, ხოლო ცალკეული ორგანიზმის, ან მისი ნაწილის ვარიაციები განპირობებულია გარემოს მრავალფეროვანი პირობების მოქმედებით ამ ორგანიზმზე. ამისათვის მასწავლებელს შეუძლია დასვას სხვა კითხვებიც, როგორიცაა:
– როგორი იქნებოდა ფოთლები, ეს მცენარე უფრო ბნელ, ან მწირ ნიადაგიან პირობებში რომ გაზრდილიყო?
– როგორ ფოთლებს განივითარებდა ამ მცენარის თესლისაგან აღმოცენე­ბული ახალი ორგანიზმი თუ ის უკეთეს გარემო პირობებში მოხვდებოდა?.. და ა.შ.)

2. მასწავლებელი ავალებს თითოეულ ჯგუფს:

1) დაალაგონ მათ ხელთ არსებული მასალა (ფოთლები, წიწვები, ნაყოფები, თესლები) სიგრძის მიხედვით.
2) გაზომონ სახაზავით და ჩაინიშნონ თითოეული მათგანის სიგრძე;
3) დააჯგუფონ და დათვალონ ერთიდაიგივე სიგრძის მქონე ფოთლების რაოდენობა;

4) მონაცემები წარმოადგინონ ცხრილის სახით, რომელსაც სთავაზობს მასწავლებელი 

(ამ ეტაპზე არაა საჭირო ყურადღების გამახვილება იმის შესახებ, რომ მოსწავლეები ქმნიან ვარიაციულ რიგს).

 

3. ჯგუფები მუშაობენ და დასრულების შემდეგ წარადგენენ თავიანთ მონაცემებს ცხრილის სახით.

ფოთლების სიგრძე

4. მასწავლებელი სვამს შემაჯამებელ კითხვებს:

– რომელი ფოთლები შეგხვდათ შედარებით დიდი რაოდენობით - საშუალო ზომის, მოკლე თუ გრძელი? ივარაუდეთ, რა შედეგს მივიღებდით ფოთლების ნაცვლად რომ გაგვეზომა თესლების, ნაყოფების, წიწვების სიგრძე?
– რა კანონზომიერებას ხედავთ? რა დასკვნის გაკეთება შეიძლება?

 

სავარაუდო პასუხები:

– უფრო დიდი რაოდენობით წარმოდგენილია საშუალო ზომის ფოთლები, ხოლო მოკლე და გრძელი კი _ უფრო იშვიათად.
– შედეგი იგივე იქნებოდა.
– ბუნებაში უფრო ხშირად გხვდება საშუალო ზომის ფოთლები (ისევე როგორც მცენარის სხვა ორგანოები), გაცილებით იშვიათია საშუალო მაჩვენებლიდან მკვეთრად გადახრილი სიდიდეები.

5. საშინაო დავალების სახით მასწავლებელს შეუძლია დაავალოს მოსწავლეებს გრაფიკული მრუდის (ვარიაციული მრუდის) აგება ცხრილის მონაცემების საფუძველზე.