აქტივობა 12. თემატური სურათებისა და ქაღალდის მაკეტების შექმნა

შედეგი:

ისტ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.5.მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე.

ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII.10.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.

ისტ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.

ისტ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.

ისტ.VIII.16.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები.

ისტ.VIII.18.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.

ისტ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ისტ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

 

შენიშვნა:

გამჭოლი პრიორიტეტებიდან ეხმიანება სემიოტიკურ და პლურილინგვურ კომპეტენციებს.

 

რესურსები:

ქაღალდი, მუყაო, ფანქარი, საღებავი, ფუნჯი, გუაში, აკვარელი, ფლომასტერი, პლასტელინი, თიხა და ა.შ.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ხელოვნება.

 

აქტივობის აღწერა:

ახალი გაკვეთილის ახსნის შემდეგ კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ან მოსწავლეთა ერთ ჯგუფს საშინაო დავალებასთან ერთად თემატური ორიგინალური კომპოზიციის შექმნასაც დაავალებთ. ასეთი დავალება მეტად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. კერძოდ, შესაძლოა, ბავშვებს ვთხოვოთ თემატური სურათის დახატვა, ან რაიმეს გამოძერწვა, ან ქაღალდის მაკეტის შექმნა.

ასეთი კომპოზიციების თემატიკა მეტად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს.

ამგვარი აქტივობის პრაქტიკაში დანერგვის შემთხვევაში მოსწავლეები უფრო ხალისით შეასრულებენ როგორც საკლასო, ისე საშინაო დავალებას; მათ მიერ შესრულებული კომპოზიციები კი მთელი კლასისთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებად იქცევა, იმ თემატიკის მსგავსად, რომელსაც ისინი ასახავენ.

მე-7 კლასში, შუამდინარეთის ისტორიის სწავლებისას, როდესაც ლურსმული ანუ სოლისებრი დამწერლობის წარმოშობასა და განვითარებას განიხილავთ, შეგიძლიათ შემდეგი აქტივობა ჩაატაროთ: საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლურსმული დამწერლობის ბოლო, ყველაზე გამარტივებული საფეხურით ძველი სპარსელები (აქემენიანები) სარგებლობდნენ.

დავურიგოთ მოსწავლეებს ფურცელზე ამობეჭდილი სპარსული ლურსმული დამწერლობის ანბანი. ასევე, წინასწარ დავურიგოთ ამ აქტივობისათვის მომზადებული თიხის პატარა ნაჭრები. ვუჩვენოთ მოსწავლეებს, თუ როგორ უნდა გააბრტყელონ ხელისგულებით თიხა და მიიღონ მისგან ისეთი ფირფიტა, როგორსაც ათასწლეულების წინ ამზადებდნენ შუამდინარეთში. შემდეგ დავავალოთ, რომ აიღონ კალამი ან წათლილი ფანქარი და ამოტვიფრონ ფირფიტაზე თავისი სახელი და გვარი (ან სხვა რაიმე, სურვილისამებრ, რაც შუამდინარული ეპოქიდან ახსოვთ და იციან). ამისათვის გამოიყენონ დარიგებული ანბანი. სამუშაო საკმაოდ სახალისოა. მუშაობისას მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ ამ ანბანში არაა ცალკეული ხმოვნები, ისინი თანხმოვნებთან ერთად მარცვლების სახითაა მოცემული. ეს თავისებურება მოსწავლეებისაგან აზროვნებასა და სხვადასხვა ვარიანტების ძებნას მოითხოვს. საბოლოოდ, ყველა წერს თავის სახელსა და გვარს ლურსმული ანბანის გამოყენებით, ფირფიტებს კი ვაშრობთ ფანჯრის რაფაზე.

(შენიშვნა: სასურველია, მოსწავლემ თიხის ფირფიტის მეორე მხარეს თავისი სახელი და გვარი ქართულადაც “ამოკაწროს”, რათა გამოფენის დროს დამთვალიერებელმა შეძლოს ავტორის ვინაობის დადგენა. მ.შ.)

 

ძველი სპარსული დამწერლობის ნიშნები