აქტივობა 12. საქართველოს კონსტიტუცია

შედეგი

  • მოქ.IX.9.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები.
  • მოქ.IX.10.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს სახელმწიფო მმართველობის სისტემა.
  • მოქ. X 8.მოსწავლეს შეუძლია საქართველოს მდგრადი განვითარების შესაძლებლობების კვლევა.
  • მოქ.X.9.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოში თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის სისტემის განვითარების პროცესი.
  • მოქ.X.11.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში.

 

დრო

ორი გაკვეთილი

 

შენიშვნა

აქტივობა შესაძლებელია ინტერპრეტირებული იქნეს და მოერგოს სხვადასხვა საკანონმდებლო თუ სამართლებრივი დოკუმენტების განხილვას.

 

რესურსები

  • ფურცლები;
  • კალმისტრები;
  • კონსტიტუცია და სხვა დოკუმენტური მასალები.

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

აქტივობის აღწერა:

სამოქალაქო განათლების სწავლის პროცესში აუცილებელია, მოსწავლეებს საკუთარი მოსაზრებების სამართლებრივი დოკუმენტების საფუძველზე არგუმენტირების უნარი განუვითარდეთ. საამისოდ კარგი საშუალებაა საქართველოს კონსტიტუციის სასწავლო რესურსად გამოყენება.

ეს აქტივობა არ მოითხოვს განსაკუთრებით რთული თეორიული კონსტრუქტებით აპელირებას. გაკვეთილის მიმდინარეობისას გამოყავით დებულებები, რომელთა ჭეშმარიტებაც ეჭვს არ იწვევს, მაგალითად, შემდეგი: საქართველოში ხალხს აქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება. შემდეგ მოსწავლეებს მიეცით დავალება, საქართველოს კონსტიტუციაში იპოვონ პარაგრაფები, რომლებიც ამ დებულების საფუძველს წარმოადგენს. ამ ტიპის მრავალი დავალების მოფიქრება შეიძლება, მაგალითად:

ა) საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე დაასაბუთეთ, რომ ხალხს აქვს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება. აღწერეთ, რა საშუალებებს ანიჭებს საამისოდ მათ კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე დაასაბუთეთ, რომ საქართველო დემოკრატიული, ლიბერალური ღირებულებების დამცველი სახელმწიფოა;

გ) საქართველოს კონსტიტუციით, პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული;

დ) საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.

აუცილებელი არ არის ეს აქტივობა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებაში განახორციელოთ. ანალოგიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომის კონვენცია და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები

აქტივობის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში მოსწავლეებს მკაფიო წარმოდგენა შეექმნებათ საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსის შესახებ. მსგავსი აქტივობების განხორციელებით მოსწავლეები აქტიურ ცოდნას შეიძენენ, რაც პოზიტიურ გავლენას მოახდენს მათი მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირებაზე.