აქტივობა 12. პოეზიის 15 წუთი: ვქმნით მეტაფორას

აქტივობის შესახებ:

აქტივობა კომპლექსური სახისაა. ერთი მხრივ, იგი ხელს უწყობს მოსწავლეებს მხატვრული მეტყველების თავისებურების გაცნობიერებაში; ეხმარება მათ, გაიაზრონ მხატვრული მეტყველების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის _ მეტაფორის რაობა და ჩაწვდნენ მის არსს, ბიძგს აძლევს მოსწავლეთა წარმოსახვისა უნარისა და ფანტაზიის განვითარებას. მეორე მხრივ, აქტივობა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გაიაზრონ და გაიაქტიურონ შესწავლილი, გამოიმუშაონ და განივითარონ ლიტერატურული მასალის პერსონალური აღქმის უნარი. აქტივობის ჩატარება შესაძლებელია ამა თუ იმ მწერლის შემოქმედების ან ცალკეული ნაწარმოების შესწავლის შემდეგ.

აქტივობა საშუალებას მისცემს მოსწავლეს, მოახდინოს ცოდნის ავტომა­ტიზება, “გააცოცხლოს” ფორმალურად ნასწავლი მასალა, პრაქტიკაში გამოიყენოს იგი და “დაამკვიდროს” პირად გამოცდილებაში. ამისთვის მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მისცეს საშუალება, გაიმეორონ /გამოიყენონ ადრე შესწავლილი ან ახლად ნასწავლი მასალა (ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები, ლექსიკა, სხვ.), რაც ხელს შეუწყობს მათი (მოსწავლეების) შემოქმედებითი უნარების განვითარებას, წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების სრულყოფას. აქტივობა სტიმულს მისცემს მოსწავლეებს, გამოხატონ საკუთარი დამოკი­დებულება და გამოავლინონ პირადი ინიციატივა თუ შემოქმედებითობა.

 

აქტივობის მიზნები:

  • ინდივიდუალური მიდგომის, პირადი დამოკიდებულების გამოხატვის 
    უნარ-ჩვევების განვითარება;
  • მხატვრული მეტყველების ელემენტების რაობის გაცნობიერება;
  • ანალიზისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარების განვითარება;
  • შემოქმედებითი წერის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება.

 

რესურსები:

დაფა (დიდი ფორმატის ქაღალდი), ცარცი/მარკერი, რვეული, კალამი.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

ინდივიდუალური.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, დაწერონ მიძღვნითი ხასიათის ლექსი, რომლის თითოეულ ტაეპში თითო მეტაფორა იქნება წარმოდგენილი. ლექსი შეიძლება ეძღვნებოდეს ამა თუ იმ მწერალს ან ლიტერატურულ პერსონაჟს.

ამ შემთხვევაში სავსებით მისაღები იქნება, თუკი ლექსი დაწერილი იქნება ვერლიბრის (თავისუფალი ლექსის) ფორმით. მასწავლებელმა საგანგებოდ უნდა გააფრთხილოს მოსწავლეები, რომ მათ არ მოეთხოვებათ ტრადიციული გარითმული ლექსის დაწერა _ ისინი მთლიანად უნდა იყვნენ კონცენტრირებული ლექსის შინაარსზე და კონკრეტულად, მეტაფორების შეთხზვაზე. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ეკრძალებათ ფიქრი ტაეპების გარითმვაზე _ უბრალოდ, მოსწავლეების უმრავლესობისთვის ეს დაუძლეველი ამოცანა იქნება დროის იმ მცირე ინტერვალში, რომელიც დაეთმობა აღნიშნულ აქტივობას. რა თქმა უნდა, თუკი რომელიმე მოსწავლე შეძლებს ნამუშევრის ამა თუ იმ სახით გარითმვას, მასწავლებელმა დავალება შესრულებულად უნდა ჩათვალოს _ ამასთან, ამ შემთხვევაში პოზიტიურად უნდა გამოკვეთოს ნამუშევრის ფორმა (გალექსილი).

მოსწავლეების დასახმარებლად მასწავლებელი დაფაზე გამოსახავს სქემას, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები დაწერენ ლექსს (ან დაფაზე გააკრავს დიდი ფორმატის ქაღალდზე ჩამოწერილ, წინასწარ მომზადებულ სქემას).

სქემა უნდა იყოს დეტალური, შედგენილი იმგვარად, რომ მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ, კონკრეტულად რა უნდა დაწერონ ამა თუ იმ ტაეპში.

ნიმუში. სავარაუდო სქემა:

1-ლი სტრ. _ ვის ეძღვნება? (ვინაობა/პირის სახელი მიცემით ბრუნვაში)

მე-2 სტრ. _ წელიწადის რომელი დრო (თვე) იქნებოდა ეს პიროვნება?

(ზაფხული, ივნისი, ნოემბერი, სხვ.)

მე-3 სტრ. – როგორი ამინდი იქნებოდა იგი? (ჭექა-ქუხილი, ჟუჟუნა წვიმა, სხვ.)

მე-4 სტრ. _ დღე-ღამის რომელი მონაკვეთი იქნებოდა ეს პიროვნება? (დაღლილი საღამო, ხალისიანი დილა, მშვიდი შუადღე...)

მე-5 სტრ. _ როგორი ნაგებობა იქნებოდა ეს პირი? (შეუვალი ციხე-სიმაგრე, მყუდრო სახლი, მოჩუქურთმებული აივანი....)

მე-6 სტრ. _ რა ნივთი (ვარ. სამოსი) იქნებოდა იგი? (სანადიმო მაგიდა, ბასრი ხანჯალი, თბილი მოსასხამი, მტკიცე აბჯარი, მფარველი ნაბადი...)

მე-7 სტრ. _ რა სახის სასმელი ან საჭმელი იქნებოდა იგი? (ანკარა წყაროს წყალი, სურნელოვანი პური, შუშხუნა ღვინო...)

მე-8 სტრ. – დასკვნითი ტაეპი (სურვილისამებრ).

  1. ..... -ს
  2. შენ ხარ .... (რომელიც)....
  3. (შენ ხარ)..... (რომელიც)....
  4. (შენ ხარ).... (რომელიც)....
  5. (შენ ხარ) .... (რომელიც)....
  6. (შენ ხარ).... (რომელიც)....
  7. (შენ ხარ)... (რომელიც)....
  8. (შეჯამება, დასკვნა, ემოცია, სხვ.).

მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს, რომ ლექსის შეთხზვისას ისინი, სასურველია, არ დაკმაყოფილდნენ დასმულ შეკითხვებზე მარტივი პასუხის გაცემით. მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ აგრეთვე ზედსართავებიც _ დეტალებისა და დამახასიათებელი ნიშნების გამოკვეთის მიზნით (მაგ., მხოლოდ “შენ ხარ იანვარი...” კი არა, ვთქვათ, “შენ ხარ იანვარი, ცივი და სუსხიანი...”).

მუშაობის დაწყებამდე მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა წარუდგინოს (შესაძლებელია, დაფაზე დაწეროს) აღნიშნული სქემის მიხედვით შედგენილი მარტივი ლექსი, რომელიც მათ ნიმუშად გამოადგებათ.

ნიმუში.

  1. სულხან-საბა ორბელიანს
  2. შენ ხარ მშვიდი შემოდგომა,
  3. ნათელი, მზიანი დღის
  4. წყნარი საღამო;
  5. ჭრიალა ხის კარი, რომელიც ბაღში გადის,
  6. ძველებური ზარდახშა, რომელიც ყველაფერს დაიტევს;
  7. ანკარა წყაროს წყალი, რომელიც ყველას მოუკლავს წყურვილს.
  8. შენი ტყუილიც კი სიმართლეა, სულხან-საბა.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, განმარტონ, რატომ გამოიყენეს ესა თუ ის მეტაფორა (რისი ხაზგასმა სურდათ გამოყენებული მეტაფორით). დასასრულ, მოსწავლეების აზრის გათვა­ლისწინებით, მასწავლებელი გამოავლენს საუკეთესო ნამუშევარს.

 

აქტივობის ხანგრძლივობა:

12_ 15 წუთი.

 

შეფასება:

აღნიშნული აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • შესწავლილი მასალის გაანალიზება;
  • ინდივიდუალური მიდგომის გამოხატვა;
  • შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენა;
  • ტროპული მეტყველების ელემენტის _ მეტაფორის ადეკვატური გამო­ყენება.

 

მეთოდური მითითებები:

  1. ლექსის შეთხზვისას ფრჩხილებში ჩასმული სიტყვების გამოყენება სავალდებულო არ არის _ მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვა ენობ­რივი კონსტრუქციებიც (მაგ., “სულხან-საბა _ მშვიდი შემოდგომა,/ ნათელი, მზიანი დღის წყნარი საღამო და ა.შ.). მთავარია, ლექსის შეთხზვისას მოსწავლეებმა დაიცვან შინაარსობრივი მოთხოვნები.
  2. სავალდებული არ არის მე-8 ტაეპის შეთხზვა. შესაძლებელია, მასწავლებელმა შემაჯამებელი ტაეპი თვითონვე შესთავაზოს მოსწავლეებს, რაც მათ ერთგვარ ორიენტირად გამოადგებათ.
  3. აღნიშნულ აქტივობას შეიძლება მიეცეს ერთგვარი თამაშისა და შეჯიბ­რის სახე.
  4. ზემოთ მოყვანილი სქემა წარმოადგენს ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტს. მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს შესთავაზოს სხვა პარამეტრების შემცველი სქემა/სქემები.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. IX. 6, 8; ქართ. IX. 9, 13.