აქტივობა 11. მოვემზადოთ წერისათვის: ვსწავლობთ ინფორმაციის დახარისხებასა და დაგეგმვას

აქტივობის შესახებ:

აქტივობა გამოიყენება წერის წინა ეტაპზე. იგი ავითარებს წერის სტრატეგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს, ინფორმაციის დახარისხების და კრიტიკული ანალიზის უნარ-ჩვევებს; ხელს უწყობს წერის პროცესის ეტაპებისა და წერის სტრატეგიების გაცნობიერებას, აგრეთვე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

აქტივობის მიზნები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • საგნის/მოვლენის/ფაქტის ძირითადი მახასიათებლების ამოცნობა-გააზრება;
  • ინფორმაციის დახარისხების უნარის განვითარება;
  • წერის სტრატეგიების გაცნობიერება-გააზრება;
  • წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

რესურსები:

დაფა, ცარცი/მარკერი, საწერი კალამი, რვეული.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი გაესაუბრება მოსწავლეებს წერითი ნამუშევრის შესაქმნელად საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებზე, კერძოდ, დაგეგმვაზე, რომელიც ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს მომავალი ნამუშევრის ორგანიზაციული ყალიბის გამოსაკვეთად, ეხმარება ავტორს, უყურადღებოდ არ დარჩეს არც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი/დეტალი, სხვ.; აუხსნის მოსწავლეებს, რომ დაგეგმვა იგივეა, რაც არქიტექტორის ნახაზი მომავალი ნაგებობისათვის.

მასწავლებელი შესთავაზებს ბავშვებს, დაწერონ წერითი ნამუშევარი “მუსიკალური სტილი და მოდა” (აქტივობის ჩატარებამდე სასურველია, მოსწავლეებმა მოიძიონ და გეცნონ სხვადასხვა სახის მასალებს თანამედროვე მუსიკის შესახებ). გაეცნონ მასალებს. მანამდე, სანამ მოსწავლეები მუშაობას შეუდგებიან მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს, ერთად შეადგინონ გეგ­მა მომავალი ნამუშევრისათვის. მუშაობა წარიმართება მთელი კლასის თანამონაწილეობით, ობობისებური სქემის გამოყენებით.

სქემის ცენტრალურ რგოლში გამოსახულია ძირითადი კონცეპტი (“თანამედროვე პოპულარული მუსიკა და მოდა”) და მასთან დაკავშირებული, კატეგორიებად დახარისხებული ინფორმაცია. ძირითადი კონცეპტი სქემაზე წარმოდგენილია ცენტრში მდებარე დიდი ზომის რგოლის სახით; კატეგორიებად დახარისხებული ინფორმაცია კი _ პატარა ზომის რგოლებით,რომლებიც ცენტრალური რგოლიდან გამომავალი სხივების მეშვეობით უკავშირდება ამ უკანასკნელს (ძირითად კონცეპტს). პატარა ზომის რგოლები (საგნების/მოვლენების კატეგორიები), თავის მხრივ, ქმნის მისგან გამომავალი სხივების სისტემას. ეს მიგვითითებს, რომ სქემა შეიძლება განვითარდეს _ დაემატოს საგნების/მოვლენებისჩამონათვალი კატეგორიების მიხედვით და/ან ქვეკატეგორიები (დამატებითი პატარა რგოლების სახით). საბოლოო ჯამში, ეს ობობას ქსელისმაგვარ გრაფიკულ ნახაზს გვაძლევს.

მოვლენების ქრონოლოგიას ანუ დროით თანამიმდევრობას აღნიშნულ სქემაზე ყურადღება არ ექცევა. ინფორმაცია წარმოდგენილია კატეგორიების მიხედვით.

ნიმუში. სქემა “ობობას ქსელი”

 “ობობას ქსელი”

I ეტაპი _ მუშაობა წარიმართება გონებრივი იერიშის გზით. მასწავლებელი მოსწავლეთა თანამონაწილეობით ჩამოწერს ცალკეული მუსიკალური სტილებისათვის დამახასიათებელ აქსესუარებსა და ჩაცმულობის სტილს. სა­ბოლოოდ სქემა შეივსება შემდეგნაირად.

ნიმუში. შევსებული სქემა.

ა) პანკების სტილი

  1. ზღარბის ეკლების ფორმისებური თმა;
  2. თეატრალური მაკიაჟი;
  3. ინგლისური ქინძისთავების გამოყენება აქსესუარის სახით;
  4. დახეული ტანსაცმელი;
  5. სხეულის პირსინგი.

 

ბ) ჰიპ-ჰოპის სტილი

  1. ტომრისებური ჩაჩაჩული ჯინსები;
  2. კაპიუშონიანი სვიტერები;
  3. დიდი ზომის ნაქსოვი ქუდები;
  4. თავზე წაკრული ბენდენები, შარფები.

 

გ) როკის სტილი

  1. გახეხილი ჯინსები;
  2. გრძელი პერანგები;
  3. ტყავის ქურთუკები;
  4. გრძელი სწორი თმა;
  5. მძიმე ჩექმები.

 

ამდენად, ზემოთ მოყვანილ სქემაზე წარმოდგენილია თანამედროვე მუსიკის 3 მიმართულება: პანკების მუსიკა, ჰიპ-ჰოპის მუსიკა, როკ-მუსიკა. თითოეულ მიმდინარეობასთან მითითებულია მის მიმდევართა ჩაცმულობის სტილი (4-5 მახასიათებელი).

მასწავლებელი ზეპირად შეაჯამებს მუშაობის შედეგებს და გააანალიზებს სქემას: ცენტრალურ რგოლში ჩაწერილია ძირითადი თემა/ სათაური (“თანამედროვე პოპულარული მუსიკა და ჩაცმულობა”), მასთან დაკავშირებულ მომცრო ზომის რგოლებში კი ქვეთემები: “პანკების სტილი”, “ჰიპ-ჰოპის სტილი”, “როკის სტილი”. თითოეულ მომცრო რგოლს სხივებით უკავშირდება შესაბამისი სტილის მიმდევართა ჩაცმულობის სტილის ძირითადი მახასიათებლები. მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს, რომ ცენტრალურ რგოლში ჩაწერილი სიტყვები სათაურია, მომცრო ზომის რგოლებში ჩაწერილი სიტყვები _ ქვეთემები, რომლებიც უნდა აისახოს ცალკეულ აბზაცებში; მომცრო რგოლებთან სხივებით დაკავშირებული სიტყვები წარმოადგენს დეტალებს _ ქვეთემებთან დაკავშირებულ მასალას.

ნაწერის სტრუქტურა: მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ მოცემული სქემის მიხედვით შედგენილი ნაშრომი 5 აბზაცისაგან უნდა შედგებოდეს. ესენია: შესავალი ნაწილი თემატური წინადადებით (1 აბზაცი); 3-აბზაციანი ძირითადი ნაწილი (I აბზაცი _ პანკების სტილი, II აბზაცი _ ჰიპ-ჰოპის სტილი; III აბზაცი _ როკის სტილი), დასკვნითი ნაწილი (1 აბზაცი).

მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს აგრეთვე წერითი ნამუშევრის შესავალ ნაწილის თემატურ წინადადებაზე, რომელშიც უნდა აისახოს თემა და ქვეთემები. კერძოდ, ზემოთ მოცემული სქემის შესაბამისი თემატური წინადადება შეიძლება იყოს ამგვარი: “თანამედროვე პოპულარული მუსიკის თითოეული მიმართულების მიმდევრებს განსაკუთრებული, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ჩაცმულობის სტილი აქვთ”. ბოლო აბზაცის (დასკვნითი ნაწილის) თემატური წინაადება კი, რომელიც შესავალი ნაწილის თემატურ წინადადებას უნდა უკავშირდებოდეს, ვთქვათ, ამგვარი: “[ასე რომ] ჩაცმულობის სტილის მიხედვით თავისუფლად შეიძლება დაადგინო, ვინ რა სტილის მუსიკას უსმენს”.

II ეტაპი _ სქემის შევსების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გადაიწერონ რვეულებში შევსებული სქემა. შემდეგ კი მის საფუძველზე შეადგინონ წერითი ნამუშევარი “თანამედროვე პოპულარული მუსიკა და მოდა”.

III ეტაპი _ ნამუშევრის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები წაიკითხავენ თავიანთ ნამუშევრებს. მასწავლებელი შეაფასებს მათ კომენტარებითა და შენიშვნებით (პოზიტიური მხარეების გამოკვეთით).

 

აქტივობის ხანგრძლივობა:

18-20 წუთი.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ინფორმაციის დახარისხება;
  • მოდელის მიხედვით წერითი ნამუშევრის შედგენა

სახლში სამუშაოდ მასწავლებელი მოსწავლეებს დაავალებს წერითი ნამუშევრის შედგენას გეგმის მიხედვით (მოსწავლის მიერ შერჩეულ თემაზე).

 

კავშირი სხვა საგნებთან:

მუსიკა.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. VIII. 5, 8, 9; ქართ. VIII. 10, 12, 13.