აქტივობა 1. ვქმნით რეკლამას

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ემსახურება ფუნქციური/მიზნობრივი ტექ­სტების წერის უნარ-ჩვევების განვითარებას; ხელს უწყობს ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევების, აგრეთვე დარწმუნების სტრატეგიების ამოცნობა-გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარებას სარეკლამო ტექსტების გა­ანალიზებისა და შექმნის გზით. აქტივობა განავითარებს წიგნიერების, მე­დია­წიგნიერების, სემიოტიკური წიგნიერების უნარ-ჩვევებს; გარკვეულ შემ­თხვევებში კი _ პლურილინგვური წიგნიერების უნარ-ჩვევებს (დარგობრივი ლექსიკის გამოყენების გზით). აქტივობა ტარდება 4 ეტაპად.

 

აქტივობის მიზნები:

  • ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • დარწმუნების სტრატეგიების ამოცნობისა და გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • მოდელის მიხედვით ფუნქციური ტექსტის შექმნის უნარის განვითარება;
  • წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წიგნიერების, მედიაწიგნიერებისა და სემიოტიკური წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • პლურილინგვური წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

მთელი კლასის მონაწილეობით (III ეტაპი), ინდივიდუალური (IV ეტაპი).

 

რესურსები:

წინასწარ შერჩეული სარეკლამო ტექსტი, საწერი ბარათები, დაფა, ცარცი/მარკერი, საწერი კალამი, რვეული.

 

აქტივობის აღწერა:

I ეტაპი _ მასწავლებელი გაესაუბრება მოსწავლეებს რეკლამებზე, სარეკლამო ტექსტებზე, ზეპირად გამოჰკითხავს მოსწავლეებს მათი საყვარელი/მათთვის საინტერესო რეკლამების შესახებ; დაინტერესდება, რატომ მოსწონს ამა თუ იმ მოსწავლეს კონკრეტული რეკლამა, ესმის თუ არა მისი გზავნილი (მაგ., ვიყიდოთ ესა თუ ის პროდუქცია, მატერიალურად დავეხმაროთ ამა თუ იმ წამოწყებას/ორგანიზაციას; გავხდეთ ამა თუ იმ საზოგადოების/ასოციაციის წევრები, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია კონკრეტულ საკითხზე და სხვ.). საუბარს მასწავლებელი წარმართავს იქითკენ, რომ მოსწავლეებმა გააცნობიერონ სარეკლამო ტექსტების მთავარი მიზანი _ აუდიტორიაზე ზეგავლენის მოხდენა. სარეკლამო ტექსტის ამოცანაა, დაარწმუნოს აუდიტორია იმაში, რომ აუცილებელია/კარგია/სასარგებლოა რაიმე კონკრეტული ქმედების განხორციელება. მაგ., მკითხველის/მსმენელის/მაყურებლის დარწმუნება იმაში, რომ იყი­დონ კონკრეტული ნივთი, ხმა მისცენ კონკრეტულ კანდიდატს, დაეხმარონ კონკრეტულ ადამიანს და სხვ. რეკლამამ უნდა დაარწმუნოს ადამიანები, რომ თუკი გააკეთებენ იმას, რისკენაც რეკლამა მოგვიწოდებს, მათი ცხოვ­რების პირობები გაუმჯობესდება, ისინი უფრო ჯანმრთელები (ლამაზები) იქნებიან, მიიღებენ სიამოვნებას, მიაღწევებ წარმატებას და სხვ.

მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე სარეკლამო ტექსტების ერთ-ერთ უმთავრეს მახასიათებელზე _ ლაკონიურობაზე. გრძელ, არასაჭირო დეტალებით გადატვირთულ სარეკლამო ტექსტს ადამიანის გონება ძნელად აღიქვამს. ამგვარად, ასეთი რეკლამა მიზანს ვერ მიაღწევს.

II ეტაპი _ მასწავლებელი გაესაუბრება მოსწავლეებს დარწმუნების სტრა­ტეგიებზე. დაფაზე გამოსახავს და გააცნობს მათ დარწმუნების სტრატეგიების ამსახველ რიტორიკულ სამკუთხედს4.

ამის შემდეგ მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს წინასწარ შერჩეულ მოკლე სარეკლამო ტექსტს _ წაიკითხავს მას ხმამაღლა, შემდეგ დაწერს დაფაზე ან დაურიგებს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ ბარათებს, რომლებზედაც ეს ტექსტია დაწერილი. სასურველია, შეირჩეს იმგვარი ტექსტი, რომელშიც დარწმუნების სამივე ხერხია (ემოცია, სარწმუნოობა, ლოგიკა) გამოყენებული. შესაძლებელია მასწავლებელმა საგანგებოდ შეთხზას მოკლე სარეკლამო ტექსტი სასწავლო მიზნის შესაბამისად (იხ. ქვემოთ ნიმუში).

 

ნიმუში. სარეკლამო ტექსტი:

“ცნობილი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია “ABC” წარმოგიდგენთ ნამდვილ სიახლეს სტომატოლოგიაში _ კბილის პასტას “ალუბლიკოს”!!! “ალუბლიკო” შექმნილია უნიკალური ტექნოლოგიით _ ბუნებრივი პროდუქტის გამოყენებით. ალუბლის ნატურალურ წვენზე დამზადებული კბილის პასტა გაგრძნობინებთ ალუბლის _ ამ უგემრიელესი ხილის სასიამოვნო არომატსა და გემოს, ხოლო C და A ვიტამინი, რომლებითაც მდიდარია ალუბალი, საიმედოდ დაიცავს თქვენს ღრძილებს სისხლნაკლებობისაგან. გამოიყენეთ “ალუბლიკო”, რათა დატკბეთ ზაფხულის არომატით და გაიღიმოთ მუდამ თამამად.

“ალუბლიკო” _ მოწონებულია საქართველოს სტომატოლოგთა კავშირის მიერ”.

III ეტაპი _ შეთავაზებულ სარეკლამო ტექსტს მასწავლებელი მოსწავლეთა თანამონაწილეობით დაამუშავებს დაფაზე “რიტორიკული სამკუთხედის” გამოყენებით. ამისათვის იგი დაფაზე ჩამოწერს “რიტორიკულ სამკუთხედზე” წარმოდგენილ სამივე ხერხს, შემდეგ კი თითოეულ მათგანს მიუწერს შესაბამის ადგილებს სანიმუშო ტექსტიდან (ამ სამუშაოს შესასრულებლად მასწავლებელმა შეიძლება დაფასთან მოსწავლეები გამოიყვანოს). საბოლოოდ სანიმუშო სარეკლამო ტექსტი ამგვარ სახეს მიიღებს:

  1. ემოცია: გაგრძნობინებთ ალუბლის _ ამ უგემრიელესი ხილის სასიამოვნო არომატსა და გემოს; დატკბებით ზაფხულის არომატით; გაიღიმებთ ყოველთვის თამამად.
  2. სარწმუნოობა: (აწარმოებს) ცნობილი საერთაშორისო კომპანია; ნამდვილი სიახლეა; შექმნილია უნიკალური ტექნოლოგიით _ ბუნებრივი პროდუქტის გამოყენებით; ალუბლის ნატურალურ წვენზეა დამზადებული; მოწონებულია საქართველოს სტომატოლოგთა კავშირის მიერ.
  3. ლოგიკა: მდიდარია C და A ვიტამინებით. ვიტამინები საიმედოდ იცავს ღრძილებს სისხლნაკლებობისაგან.

და ბოლოს, შეჯამების სახით, მასწავლებელი მოსწავლეების თანამონაწილეობით გააანალიზებს, რომ სარეკლამო ტექსტში ამა თუ იმ წინადადების ცალკეული ნაწილები შეიძლება დარწმუნების სხვადასხვა სტრატეგიას შეესაბამებოდეს. მაგ. წინადადება: “ალუბლის ნატურალურ წვენზე დამზადებული კბილის პასტა გაგრძნობინებთ ალუბლის _ ამ უგემრიელესი ხილის სასიამოვნო არომატსა და გემოს”. პირველი ოთხი სიტყვა “სარწმუნოობის” ჯგუფისაა, ბოლო 6 სიტყვა _ “ემოციის” ჯგუფისა.

სარეკლამო ტექსტზე მუშაობისას მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ტექსტის სასვენი ნიშნებით გაფორმებაზე. მაგ., ძახილის ნიშანი სანიმუშო სარეკლამო ტექსტის პირველი წინადადების ბოლოს ძლიერი ემოციური მუხტის შესაქმნელადაა გამოყენებული; ტირე მეორე წინადადებაში გამოკვეთს ლოგიკურ კავშირს წინადადების პირველ და მეორე ნაწილებს შორის (ცხადყოფს უნიკალური ტექნოლოგიის არსს, რომელიც ნატურალური პროდუქტის გამოყენებაში მდგომარეობს).

IV ეტაპი _ მოსწავლეები რვეულებში გადაიწერენ დაფაზე გამოსახულ რიტორიკულ სამკუთხედსა და ჩანაწერებს, აგრეთვე მომზადებულ სარეკლამო ტექსტს.

საშინაო დავალების სახით მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოამზადონ სარეკლამო ტექსტი რიტორიკულ სამკუთხედზე გამოსახული სამი ხერ­ხის გამოყენებით. “სარეკლამო პროდუქცია” მოსწავლეებმა შეიძლება კლასშივე შეარჩიონ ზეპირი გზით (მასწავლებლის ხელმძღვანელობით). შეიძლება შეირჩეს სამი-ოთხი ან მეტი სახის “პროდუქციაც”, რათა მოსწავლეებს მეტი საშუალება ჰქონდეთ ასარჩევად. სარეკლამო ტექსტის მომზადებისას მოსწავლეებმა არ უნდა დაივიწყონ სარეკლამო ტექსტის შემქმნელის/ავტორის (კომპანიის, ორგანიზაციის, მისთ.) მითითებაც. შინ მუშაობის დროს მოსწავლეებს რეკლამის გასაფორმებლად შეუძლიათ გამოიყენონ სურათები, ფოტოები, მოამზადონ ნახატები, დახატონ “სარეკლამო პროდუქციის” მწარმოებელი კომპანიის ლოგო; შეარჩიონ მუსიკა, რომლის თანხლებითაც წაიკითხავენ 
ტექსტს და მისთ.

 

აქტივობის ხანგრძლივობა:

20-25 წუთი.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ფუნქციური/მიზნობრივი ტექსტის გაანალიზება;
  • დარწმუნების სტრატეგიების ამოცნობა;
  • დარწმუნების სტრატეგიების გამოყენება;
  • ფუნქციური ტექსტის შექმნა მოდელის მიხედვით;
  • სათანადო დარგობრივი ლექსიკის გამოყენება;
  • ფუნქციური ტექსტის გაფორმება შესაბამისი დიზაინით.

 

მეთოდური მითითებები:

სარეკლამო ტექსტის შესაქმნელად შესაძლებელია საჭირო გახდეს დარგობრივი ლექსიკის გამოყენება. მაგ., სანიმუშო სარეკლამო ტექსტში გამო­ყენებულია დარგობრივი ლექსიკა: “ფარმაცევტული”, “სტომატოლოგთა კავშირი”, “A და C ვიტამინები”, “სისხლნაკლებობა”. გაკვეთილზე შერჩეული “სარეკლამო პროდუქციის” რაობის შესაბამისად, მასწავლებელმა შეიძლება წინასწარ გაამახვილოს მოსწავლეების ყურადღება საშინაო დავალების შესასრულებლად საჭირო დარგობრივ ლექსიკაზე.

კავშირი სხვა საგნებთან: მუსიკა, ხელოვნება (სარეკლამო ტექსტის გაფორმება), მეცნიერება (მეცნიერების ისტორია). ამას გარდა, აქტივობა ავითარებს ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევებს, რომლებიც თანაბრად საჭიროა მეცნიერების ნებისმიერი დარგის შესწავლისას.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. VII. 7, 8; ქართ. VII. 11, 12.

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4 რიტორიკულ სამკუთხედთან დაკავშირებით იხ. ზემოთ, მიმართულება: წერა, წერითი ნამუშევრების ძირითადი სახეობები: არგუმენტირებული ესე, II. დარწმუნების სტრატეგიები.