აქტივობა 1. ვიდეომასალის ჩვენება და ანალიზი

შედეგი

გეო.VII.9. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ბუნებრივი ზონალობის გამომწვევი მიზეზები

 

ინდიკატორები

  • რუკის მეშვეობით კომპლექსურად ახასიათებს ბუნებრივ ზონებს;
  • ახასიათებს ვერტიკალურ ზონალობას კავკასიონის მაგალითზე;
  • ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიისთვის დამახასიათებელ ზონებს (მაგ., ტროპიკული ტყეები, უდაბნო, სტეპი და სხვა) და აკავშირებს მას ამ ქვეყნის (რეგიონის) სამეურნეო საქმიანობასთან;
  • მსჯელობს ბუნებრივი ზონების ათვისებაზე.
 

რესურსები

  • კლიმატური სარტყლებისა და ბუნებრივი ზონების გავრცელების არეალების რუკები;
  • დოკუმენტური ფილმი: მსოფლიოს 7 საოცრება.
 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის
 
სასურველია დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოგზაურებზე, ქვეყნებზე, სტიქიურ მოვლენებზე, ერების ადათ-წესებზე და ა.შ. ვიზუალურად ნანახი და შემდეგ შთაბეჭდილებების გაზიარებით მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებს უფრო ადვილად ამახსოვრდებათ.
 
 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სხვადასხვა ბუნებრივი ზონების ფოტოებს ან დოკუმენტურ ფილმს: ,,მსოფლიოს 7 საოცრება”. სასურველია, ერთი გაკვეთილი დავუთმოთ ფილმის ჩვენებას, რადგან მათთვის ეს მეტად საინტერესო და სახალისოა. ფილმში ნაჩვენებია როგორც ბუნების საოცრებები, ასევე სხვადასხვა ხალხის,მაგალითად, ტიბეტელების ცხოვრების წეს-ჩვეულებები. შემდეგი გაკვეთილი დაიწყება ფილმის განხილვით. მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ და აღწერონ ნანახი პეიზაჟები და ახსნან მათ შორის არსებული განსხვავებები. მასწავლებლის მითითებით ისინი ერთმანეთს ადარებენ ტროპიკულ ტყეებსა და უდაბნოებს, არქტიკული და ანტარქტიკული უდაბნოების ზონას, სავანებსა და ნათელ ტყეებს და ა. შ. მოსწავლეები უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბუნებრივი ზონების განსხვავებას კარგად გამოხატავს მცენარეულობა. სწორედ ამიტომაა, რომ ზონების სახელები ტრადიციულად გაბატონებული მცენარეულობის ტიპების სახელებს ემთხვევა.