აქტივობა 1. თვალსაჩინოებებთან მუშაობით ვენის დიაგრამის შედგენა

თვალსაჩინოებებთან მუშაობა

იმისათვის, რომ მოსწავლეებმა განასხვავონ და აღწერონ სხვადასხვა პეიზაჟი და საქართველოში გავრცელებული სახლები, საჭიროა თვალსაჩინოების (ფოტოები, პეიზაჟის სურათები, ფილმები) გამოყენება. ამისათვის მათ უნდა მივაწოდოთ განსხვავებული – მთის და ბარის პეიზაჟების ფოტოები. (სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი – მთის), (სამეგრელო, იმერეთი, ქართლი, კახეთი – ბარის). ასევე მთის და ბარის ფილმებიც. მოსწავლეებს ვთხოვოთ, აღწერონ თითოეული მათგანი, აღნიშნონ მათ შორის მსგავსება და განსხვავება. მოსწავლეებმა უნდა განასხვავონ მთისა და ბარის პეიზაჟები და დაუკავშირონ საცხოვრებელი სახლების ტიპები გეოგრაფიულ გარემოს. პასუხები, სავარაუდოდ, იქნება ასეთი: სვანეთში დიდთოვლობის გამო უფრო მაღალ და გამძლე საცხოვრებელ სახლებს ანუ კოშკებს აგებდნენ, ვიდრე ქართლში ან იმერეთში, სადაც ოდა სახლები ჭარბობს დიდი გაშლილი ეზოებით. მთაში სამოსახლოდ უფრო მცირე ტერიტორიაა, ვიდრე ბარში და ა.შ. ამ ანალიზის შემდეგ მოსწავლეები ავსებენ ვენის დიაგრამას, სადაც განათავსებენ მთისა და ბარის საცხოვრებელი სახლების საერთო (სფეროების გადაკვეთაზე) და განმასხვავებელ ნიშნებს (სფეროების გარე ნაწილები).

სფეროების გარე ნაწილები

აქვე ცალკე გამოიყოფა ფოტოები ციხეების (მაგ. ბირთვისი), რომელიც მიუვალ ადგილებშია აგებული, რათა მტერს ვერ მიეღწია. კარგია, თუ თემურ–ლენგის ლაშქრობას განიხილავთ: მიუვალ კლდეებს შორის შექმნილი ბუნებრივი სიმაგრე დაცულია ციხის კედლებით. მაღალი მთები გარს ერტყმის ხეობას, რითაც იქმნება თავისებური ქვაბული, რომელშიც აღმართულია კონუსური ფორმის მთები. ყველაზე მაღალ კლდეზე დგას კოშკი შეუპოვარი. ბირთვისის ციხის აღებას თემურ ლენგმა 15 დღე მოანდომა მაშინ, როდესაც მანამდე რამდენიმე ციხე დაუბრკოლებლად აიღო.


შენიშვნა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებაში.

მე-3 აქტივობა გადის სწავლების სოკრატისეულ მეთოდზე.

 

რესურსები 

საქართველოს სხვადასხვა მხარისა და საცხოვრებელი სახლების ფოტოსურათები, სლაიდები, ვიდეოფილმები, საქართველოს ფიზიკური და კონტურული რუკები. ადგილის გეგმა, კითხვარი, ინსტრუქცია.


კავშირი სხვა საგნებთან

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთან ერთად შესაძლებელია, გამოძერწონ ან გააკეთონ საცხოვრებელი სახლებისა და კოშკების მარტივი მაკეტები.

მესამე აქტივობის შესასრულებლად მასწავლებელი ასრულებს ფასილიტატორის როლს და მოსწავლეებს არ აწვდის წინასწარ გამზადებულ პასუხებს, მათ თავად აძლევს საშუალებას, კითხვებით მივიდნენ სწორ პასუხამდე. მასწავლებელი მოსწავლეს სთავაზობს საწინააღმდეგო მოსაზრებას, რომელსაც მოსწავლე არგუმენტირებულად ეწინააღმდეგება, რითიც საკუთარ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს.