აქტივობა 1. ცნებასა და მახასიათებელს შორის კავშირების დადგენა და გააზრება

მასწავლებელი დაფაზე  წერს  სიტყვას  „ტოლერანტობა”  და  სთხოვს  მოსწავლეებს, გამოთქვან ვარაუდები სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ვარაუდები იწერება დაფაზე. შესაძლებელია, მოსწავლეებს პასუხი არ ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში მასწავლებელი თავად განუმარტავს ტერმინს. მოსწავლეებმა საკუთარი განმარტებები მასწავლებლისას უნდა შეადარონ და განსაზღვრონ, რომელი თანაკლასელის განმარტება უფრო ზუსტი იყო; შეიძლება თუ არა ტოლერანტობის ერთი სიტყვით განმარტება. სასურველია, ყურადღება გამახვილდეს ტოლერანტობის მრავალსახეობაზე.

კლასი იყოფა ჯგუფებად. თითოეულ მათგანს ურიგდება ტექსტი (წყარო, რომელშიც ასახული იქნება კონფლიქტური სიტუაცია და ტოლერანტობის მაგალითი). წაიკითხონ და დაყონ ტექსტი ნაწილებად, რომელშიც გამოარჩევენ: ა) ტოლერანტობის მაგალითს; ბ) კონფლიქტური სიტუაციის მაგალითს.

პრეზენტაციის დროს განიხილავენ ტოლერანტობის მაგალითებს და ცდილობენ, დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრება. კონფლიქტური სიტუაციიდან არკვევენ გამომწვევ მიზეზებს.

წყარო 1: ძველი ქართული საისტორიო ნაწარმოებები ებრაელთა პირველი ტალღის გამოჩენას უკავშირებენ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობასა და განადგურებას. ქართლის ცხოვრების მიხედვით, ამ მეფემ დაანგრია და გაანდაგურა იერუსალიმი და სწორედ მის მიერ დევნილი ებრაელები მოვიდნენ ქართლში. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ იმიგრანტებმა მიმართეს მცხეთის გამგებელს, მიეცა მათთვის დასახლების უფლება. მცხეთის გამგებელმა გაუწოდა დახმარების ხელი ამ უმწეო ლტოლვილებს და გამოჰყო მათთვის მდინარე არაგვის სანაპიროს ნაწილი, რომელსაც ერქვა ზანავი და გახდა მათი მიწა. ებრაელები იუდაიზმის მიმდევრები არიან. 1998 წლის სექტემბერში საქართველოში უპრეცედენტო იუბილე გაიმართა, უნიკალური თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით – ქართველებისა და ებრაელების 26 საუკუნოვან თანაცხოვრებას ზეიმობდა ორი განსხვავებული აღმსარებლობის ერი.

წყარო 2: ბერძნები ჩვენში, ძირითადად, XIX-XX საუკუნეების განმავლობაში გადმოსახლდნენ იმ რეგიონებიდან, სადაც ე.წ. პონტოს ანუ პონტოელი ბერძნები მოსახლეობდნენ. ბერძნების მცირე ჯგუფი საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოსახლდა, როცა მეფე ერეკლე II-ს ინიციატივით ჩვენში დაიწყო ვერცხლის და ტყვიის მოპოვება; მაშინ მოიწვიეს ანატოლიიდან ამ საქმის მცოდნე ბერძენი ოსტატები. უფრო მოგვიანებით (1813 წ.) თურქეთიდან მოსული ბერძნების 120 ოჯახი დასახლდა ქართველების ყოფილ სოფელ წინწყაროში (თეთრიწყაროს რაიონი). 1830 წელს თრიალეთში დასახლდა კვლავ თურქეთიდან მოსული 7 ათასამდე ბერძენი, რომლებმაც ქართველების ყოფილ ნასახლარ- ზე 18 სოფელი შექმნეს.

წყარო 3: სასასაქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების წინაპრები თითქმის მთლიანად სპარსეთიდან და თურქეთიდან მოვიდნენ გვიან ფეოდალურ ეპოქაში. მათი ჩამოსახლება გარეშე აგრესიული ძალების სამხედრო-პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი და მიზნად ისახავდა საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი პროვინციების კოლონიზაციას.

ვახუშტი ბაგრატიონი მოგვითხრობს: როდესაც შაჰ-აბასმა წაართვა აღჯაყალად წოდებული ციხე (თეთრი ციხე) მეფე გიორგის (1600-1605 წწ.), მან მოიყვანა ელნი ბორჩალუ და დასხნა აქა, და ამით ეწოდა ბორჩალუ. იმავ შაჰ-აბასმა XVII საუკუნის დასაწყისში ათეული ათასობით ქართველი გადაასახლა კახეთიდან სპარსეთში. სხვადასხვა ხასიათის სამხედრო-პოლიტიკური აქციების შედეგად იშვიათი როდი იყო საქართველოს ტერიტორიაზე არაქართველთა ჩამოსახლების შემთხვევები. მოსულთა ნაწილი ითქვიფებოდა ადგილობ- რივ ქართველ მოსახლეობაში და განიცდიდა ასიმილაციას, ნაწილი კი ინარჩუნებდა თავის ეროვნებას. აზერბაიჯანელები ისლამის მიმდევრები არიან.

კვლავ ჯგუფები აყალიბებენ საკუთარ მასაზრებას ტოლერანტ ადამიანზე. მათ უნდა ჩამოწერონ, თუ რა თვისებები ახასიათებს ტოლერანტ ადამიანს, რომელი თვისებაა მნიშვნელოვანი, რა თვისებებია საჭირო ტოლერანტი ადამიანის ფორმირებისათვის?

პრეზენტაციის დროს დგება საერთო ცხრილი–ანკეტა, სადაც ჩაიწერება ტოლერანტი ადამიანის საერთო თვისებები:

ცხრილი-ანკეტა.ტოლერანტი ადამიანები

შესაძლებელია, ცხრილს დაემატოს მახასიათებლები. შემდეგ თითოეული მათგანი ავსებს ანკეტას და ადგენენ, რამდენად ტოლერატები არიან თავად.


რესურსები

  • წყაროები;
  • საქართველოს ადმინისტრაციული დარაიონების რუკა;
  • ფორმატები.


რეკომენდაციები მასწავლებლებს

წყაროებად შესაძლებელია სხვა ტექსტების გამოყენებაც. მთავარია, რომ მოსწავლემ გააცნობიეროს და გაიაზროს ტოლერანტობის არსი.

მეოთხე აქტივობის დროს მასწავლებელს შეუძლია, თავად შესთავაზოს მოსწავლეებს სქემა ან მათთან ერთად შექმნას ერთობლივი სქემის ნიმუში, რომელსაც შემდგომში მოსწავლეები გამოიყენებენ. კითხვების რაოდენობა საჭიროებისამებრ რეგულირდება. ყველა სხვადასხვანაირად ხედავს პრობლემის კვლევის გზას. არჩევანი მასწავლებელზე და მოსწავლეზეა.