აქტივობა 1: ტავტოლოგიის დამარცხებისათვის

აქტივობის შესახებ:

აქტივობა გამოიყენება წერის შემდგომ ეტაპზე. იგი ემსახურება ტექსტის რედაქტირებისა და გამართული წერითი მეტყველებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული აქტივობის ჩატარების დროს მოსწავლეები საკუთარ ნაწერს აფასებენ უკვე მკითხველის (აუდიტორიის) პოზიციიდან. მკითხველის როლში ყოფნა ავალდებულებს მოსწავლეებს, კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდნენ საკუთარი ნაშრომის შინაარსსა და სტრუქტურას, მის ენობრივ-სტილისტურ მხარეებს, ჩაწვდნენ კონტექტს; შეაფასონ, რამდენად გასაგებად, ცხადად და გამართულად აქვთ გამოთქმული ესა თუ ის აზრი/თვალსაზრისი/იდეა; თვალსაჩინოდ დაინახონ თავიანთი ნაშრომების ნაკლი და ღირსება. ეს ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავებას და სტიმულს აძლევს მეტაკოგნიტური უნარების განვითარების პროცესს.

 

აქტივობის მიზნები:

  • ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება; კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერისას სათანადო ენობრივ-სტილისტური ნორმების მართებულად გა­მოყენების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის შევსება; ლექსიკონზე მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • ნაწერის რედაქტირების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • თვითშეფასების უნარის განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

ინდივიდუალური (პირველი-მესამე ნაწი­ლები), წყვილური/ჯგუფური (მეორე ნაწილი).

 

რესურსები:

დაფა, ცარცი/მარკერი, რვეული, კალამი.

 

აქტივობის აღწერა:

ნაწერში ტავტოლოგიების აღმოფხვრის მიზნით მასწავლებელი დაავალებს მოსწავლეებს, გაყონ თავიანთ რვეულებში ერთი გვერდი ორ ნაწილად; ერთ სვეტში ჩამოწერონ მათ მიერ გამოყენებული ზმნები/არსებითი სახელები, ზედსართავი სახელები, მეორე სვეტში კი მიუთითონ (არაბული ციფრებით), რამდენჯერ აქვთ გამოყენებული შესაბამისი სიტყვა.

ნიმუში:

ძლიერი

 

 

7-ჯერ

სინონიმები:

ღონიერი, ძლევამოსილი, უზარმაზარი ძალის მქონე, დევგმირი, დიდი ჯან-ღონის პატრონი

 

ამგვარი ცხრილი თვალსაჩინოდ დაანახებს მოსწავლეებს, რომ ხშირად გამოყენებული სიტყვა სინონიმითაა შესაცვლელი. სინონიმების ძიებაზე მოსწავლეებმა შეიძლება წყვილებში/ჯგუფებში იმუშაონ ერთობლივად, ლექსიკონის დახმარებით.

სინონიმების მოძებნის შემდეგ მოსწავლეებს დაევალებათ, შესაბამისი კონტექსტის გათვალისწინებით, მოძიებული სინონიმებით ჩაანაცვლონ ხშირად გამოყენებული სიტყვა და ამ სახით დაწერონ წინადადებები.

 

აქტივობის ხანგრძლივობა:

15-18 წუთი.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ლექსიკონის გამოყენება;
  • წინადადების აგებისას ადეკვატური ლექსიკური ერთეულების გამოყენება;
  • სინონიმების მოძიება, კონტექსტის მიხედვით შერჩევა და სათანადოდ გამოყენება;
  • ნაწერის რედაქტირების მარტივი ხერხების გამოყენება;
  • წერის სტრატეგიების გამოყენება;
  • თვითშეფასება;
  • თანამშრომლობა.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. VIII. 12.