აქტივობა 1. სიმულაციური მოგზაურობა – ერთ ფორმატში მოცემული ინფორმაციის მეორეში გადაყვანა

სიმულაციური მოგზაურობა

კლასი იყოფა ჯგუფებად. ურიგდებათ წყარო ჟან შარდენის მოგზაურობის შესახებ. ჯგუფებს ეძლევათ დავალება: ჩამოთვალონ ქვეყნები, რომლებიც შარდენმა მოინახულა და კონტურულ რუკაზე აღნიშნონ მისი მოგზაურობის მარშრუტი. ახსნან ის სირთულეები, რომლებიც ძველ დროში მოგზაურობებს უკავშირდებოდა. წარმოაჩინონ შარდენის ღვაწლი მის მიერ ნანახი ქვეყნების არწერასა და შესწავლაში. ჩამოწერონ დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც მოგზაურობას ახლავს თან.

პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფის თითო წარმომადგენლისგან იქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განიხილავს წარმოდგენილ ნამუშევრებს, შარდენის ღვაწლს შეაფასებს დამსახურების მიხედვით. გამარჯვებული ჯგუფის წევრები ფასდება უმაღლესი ქულით.

 

წყარო

ჟან შარდენი ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური იყო. მისი ათტომიანი კრებული „სერ ჯონ შარდენის მოგზაურობა” სპარსეთსა და ახლო აღმოსავლეთზე ადრეული დასავლური კვლევების საუცხოო ნიმუშად ითვლება.

შარდენი 1643 წელს პარიზში პროტესტანულ ოჯახში დაიბადა. მამამისმა მას კარგი განათლება მიაღებინა და იუველირის საქმე ასწავლა. თუმცა ახალგაზრდა შარდენი, ოჯახური პროფესიისთვის მიყოლის ნაცვლად, ლიონელ ვაჭართან სახელად რესენი 1665 წელს სპარსეთსა და ინდოეთში მიემგზავრება, ნაწილობრივ ბიზნესისა და ნაწილობრივ საკუთარი თავგადასავლის ჟინის მოსაკლავად. წარმატებული მოგზაურობის შემდეგ, ის 1670 წელს საფრანგეთში ბრუნდება. მომდევნო წელს შარდენი თავისი მოგზაურობის აღწერას აქვეყნებს სახელწოდებით სულეიმან მესამის, სპარსეთის მეფის, კორონაცია.

მოგვიანებით შარდენი ისევე სპარსეთს მიემგზავრება. მეორე მოგზაურობა გაცილებით თავგადასავლიანი გამოდგა. სპარსეთში ჩასვლამდე ის გადის სმირნას, კონსტანტინოპოლს, ყირიმს, კავკასიას, სამეგრელოსა და ქართლ-კახეთს და ისპაჰანში მხოლოდ 1673 წელს აღწევს.

სპარსეთში ოთხი წლის მოგზაურობის შემდეგ ის ისევ ინდოეთში ჩადის. ევროპაში კეთილი იმედის კონცხის გავლით 1680 წელს ბრუნდება. ამ დროისთვის ლუი XIV-ის მიერ პროტესტანტთა დევნა პიკს აღწევს. მისი რელიგიური კუთვნილების გამო 1681 წელს შარდენი ისევ ტოვებს სამშობლოს და ამჯერად ლონდონში სახლდება. აქ ის სამეფო კარის იუველირად დაინიშნა. ჩარლზ II-მ მას რაინდობა უბოძა, და იმავე დღეს შარდენმა ესთერ დე ლარდინიერ პეინიეზე იქორწინა. მათ შვიდი შვილი ეყოლათ. 1682 წელს ის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს. 1686 წელს შარდენი მისი განთქმული მოგზაურობის პირველ ნაწილს აქვეყნებს. მისი ნამუშევარი დასრულებული სახით მხოლოდ 1711 წელს იბეჭდება სათაურით «მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში».

თხზულების «მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში» გარკვეული ნაწილი საქართველოს ეხება, სადაც მან 1672-1673 წლებში იმოგზაურა. მან მოიარა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი უამრავი ფაქტი და მოვლენა, პირადი შთაბეჭდილებები შეავსო საქართველოს წარსულის შესახებ ცნობით, რომლებიც ამოკრიბა ბერძენ, რომაელ და სპარსელ ისტორიკოსთა თხზულებებიდან და წინამორბედ ევროპელ მოგზაურთა და მისიონერთა ჩანაწერებიდან. აქვე ვხვდებით ძველი თბილისის პირველ გრაფიკულ ჩანახატს, რომელიც შარდენის თანამგზავრის მხატვარ გრელოს მიერ უნდა იყოს შესრულებული. შარდენის ნამუშევარში გაოცებას იწვევს მხატვრული მანერით გადმოცემული აღწერა. მას მრავალ დიდ მოაზროვნეთა ქება დაუმსახურებია, მათ შორის იყვნენ: მონტესკიუ, ჟან-ჟაკ რუსო, ვოლტერი და გიბონი.

უნდა აღინიშნოს, რომ შარდენი კარგად ფლობდა სპარსულს. მან დატოვა დეტალური აღწერა ყველა იმ ადგილისა და ხალხისა, რომელიც კი გზად მოინახულა. მას ასევე პირდაპირი კავშირი ჰქონდა საფავიდთა სამეფო კართან და თანამედროვე პოლიტიკისა და ადმინისტრაციისა საკმაოდ სრულ ინფორმაციას გვიტოვებს. საერთო ჯამში მისი ნაშრომი სარწმუნოა საფავიდთა ისტორიის, მთავრობის, ეკონომიკის, ანთროპოლოგიის, რელიგიის, ხელოვნებისა და კულტურის მრავალმხრივი შესწავლისათვის.

სერ ჯონ შარდენი გარდაიცვალა ლონდონში, 1713 წელს. დაკრძალულია უესტმინსტერის სააბატოში. საფლავის მონუმენტზე წარწერაა სახელი გაითქვა მოგზაურობით”.


შენიშვნა

დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლე შეძლებს, ისაუბროს მოგზაურობის შედეგებზე, ენისა და წიგნის როლზე ინფორმაციის გავრცელების საქმეში.

 

რესურსები

წყაროები/ცნობები, ფერადი ფანქრები, კონტურული რუკა, მსოფლიოს პოლიტიკური და ფიზიკური რუკები.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

სასურველია, მასწავლებელმა აქცენტი გააკეთოს იმ სირთულეებზე, დაბრკოლებებზე, რომლებსაც მოგზაურები ძველ დროში აწყდებოდნენ, რათა მოსწავლებმა წარმოდგენა შეექმნათ, რა სიმამაცეს მოითხოვდა აღნიშნული საქმე. მასწავლებელმა უნდა დააკავშირებინოს იმ ეპოქის ქვეყნების დასახელებები თანამედროვე დასახელებებს.