აქტივობა 1. სამოქალაქო განათლების რაობა, მიზნები და ამოცანები

შედეგი

აქტივობა უნივერსალურია და პრაქტიკულად სტანდარტის ყველა შედეგზე გადის

 

დრო

სამი აკადემიური საათი

 

შენიშვნა

იმ შემთხვევაში, თუ გაკვეთილს ყველა მოსწავლე არ ესწრება, აუცილებელია თემასთან დაბრუნება

 

რესურსები

ფურცლები და კალმისტრები  

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი მეცნიერებები


აქტივობის აღწერა:

სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს დაავალეთ წერილობით გასცენ პასუხი შემდეგ შეკითხვებს:

ა) თქვენი  აზრით, რა მიზანს ისახავს სამოქალაქო განათლების საგნის სწავლება?

ბ) თქვენი  აზრით, რატომ ისწავლება სამოქალაქო განათლება საქართველოს საჯარო სკოლებში?

გ) თქვენი  აზრით, რაში გამოგადგებათ სამოქალაქო განათლების სწავლა?

დ) ჩამოთვალეთ ხუთი სავარაუდო თემა, რომლებზეც, თქვენი აზრით, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე წლის განმავლობაში იქნება მსჯელობა;

ე) ჩამოთვალეთ სამი უნარი, რომელთა გამოვლენაც, თქვენი აზრით, აუცილებელია სამოქალაქო განათლების კარგად შესასწავლად;

ვ) დასვით სამი შეკითხვა, რომლებზე პასუხსაც სამოქალაქო განათლების საგნის ფარგლებში ელოდებით.

სავსებით შესაძლებელია,  ზოგიერთ მოსწავლეს ყველა  დასმულ  კითხვაზე პასუხი არ ჰქონდეს ან მისი პასუხები მოკლე და არადამაჯერებელი გამოდგეს. ამას მნიშვნელობა არა აქვს. თითოეული მათგანისგან ცარიელი ფურცელი მაინც ჩაიბარეთ, რომელზეც მოსწავლის სახელი და გვარი იქნება აღნიშნული. ეს ნაშრომები კი მოსწავლის ან მასწავლებლის პორტფოლიოში შეინახეთ.

მეორე სემესტრის დასაწყისში და სასწავლო წლის ბოლოს ზუსტად იგივე დავალება მიეცით მოსწავლეებს, შემდეგ კი მათთან ერთად, ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილეთ თითოეული მოსწავლის სამივე (პირველი სემესტრის დასაწყისში,  მეორე სემესტრის დასაწყისში და სასწავლო წლის მიწურულს შექმნილი) ნაშრომი. განხილვის პროცესში ხაზი გაუსვით ცვლილებებს, რომლებიც მოსწავლეთა პასუხებში შეიმჩნევა; მიუთითეთ ამ ცვლილებათა მიზეზები.

წლის ბოლოს, შემაჯამებელი დავალების ფორმატში, მოსწავლეებს დაავალეთ საკუთარი სამი ნაშრომის საფუძველზე დაწერონ თემა, როგორ იცვლებოდა წლის განმავლობაში მათი დამოკიდებულება სამოქალაქო განათლებასთან მიმართებაში და რამდენად გაამართლა ამ საგანმა მათი მოლოდინები. ამ ნაშრომების შეფასების რუბრიკა წინასწარ უნდა გქონდეთ შექმნილი. ეს რუბრიკა, რა თქმა უნდა, მოსწავლეებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი, იმისათვის, რომ მათ ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ, რა შემთხვევაში მიიღებენ მაღალ ნიშანს.

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები

აქტივობის განხორციელება დიდად დაგეხმარებათ პორტფოლიოს წარმოებაში, მოსწავლეთა საბოლოო შეფასებაში და საკუთარი ძლიერი და  სუსტი მხარეების გამოვლენაში; მოსწავლეებს კი იგი დაეხმარება  წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს კარგად გააზრებაში, რაც მათი ცოდნის გამთლიანებას შეუწყობს ხელს.