აქტივობა 1. რუკაზე მუშაობის მეშვეობით ადგილთა ისტორიული დასახელებების დაკავშირება საქართველოს დღევანდელ კუთხეებთან

ცოტნე დადიანის გმირობას როცა ვასწავლით, შინაარსის გათავისების შემდეგ ჩავატაროთ ასეთი აქტივობა: კედლის რუკიდან „საქართველო მონღოლთა შემოსევების დროს” მოსწავლეებს დაფაზე გადავაწერინოთ კოხტასთავის შეთქმულების მონაწილეთა სახელები (როგორც წესი, ეს სახელები ტექსტში არ ფიგურირებს ხოლმე, რუკაში კი გამოტანილია ცალკე ბლოკში):

  1. ცოტნე დადიანი;
  2. ეგარსლან ბაკურციხელი;
  3. შოთა კუპრი;
  4. ყვარყვარე ჯაყელი;
  5. ვარამ გაგელი;
  6. თორღვა პანკელი;
  7. სარგის თმოგველი;
  8. გამრეკელ თორელი;
  9. კახაბერ კახაბერისძე.

ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ამ პერიოდში საქართველოს მეფე არ ჰყავდა, ქვეყანა მონღოლების მიერ იყო დაპყრობილი და საქართველოს მოსახლეობა დამპყრობელს დიდ ხარკს უხდიდა. ხარკის შეგროვება და მონღოლებისათვის გადაცემა ზემოთ ჩამოთვლილ დიდებულებს უხდებოდათ (ამ შემთხვევაში მეფის მოვალეობას ასრულებდნენ).

შემდგომ მასწავლებლის დახმარებით და მინიშნებით ბავშვები რუკაზე პოულობენ ყოველი ერისთავის რეზიდენციას (ძირითადად, ციხესიმაგრეს) და უსაბამებენ მის საგამგებლო მხარეს. თუ არ ჩავთვლით ამ ამბების მთავარ გმირ ცოტნე დადიანს, რომელიც (როგორც ბავშვებმა გაკვეთილიდან იციან) სამეგრელოს ანუ ოდიშს განაგებს, მივიღებთ ასეთ ჩამონათვალს:

  • ბაკურციხე – კახეთშია;
  • ჯაყის ციხე – სამცხე-ჯავახეთში;
  • გაგის ციხე – ქვემო ქართლში;
  • პანკისის ციხე – კახეთში;
  • თმოგვის ციხე – სამცხე-ჯავახეთში;
  • ციხისჯვარი – თორელების რეზიდენციაა და თორში მდებარეობს;
  • მინდაციხე – რაჭაშია (კახაბერ კახაბერისძე).

 

მთელი ეს ინფორმაცია შეიძლება დაფაზე წინასწარ მომზადებულ ცხრილში ბავშვებმა ჩასვან თანმიმდევრობით.

 

17.1.V-VI


რესურსები

  • სახელმძღვანელო;
  • კედლის რუკა „საქართველო მონღოლთა შემოსევების დროს”;
  • დაფა და ცარცი.


რეკომენდაციები მასწავლებლებს

„ჩვენი საქართველოს” კურსის შინაარსში მრავალადაა შეტანილი ისეთი საკითხი, სადაც საუბარია ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის შესახებ. მოცემული ასაკის ბავშვები ამ საკითხებს აღიქვამენ, როგორც ისტორიაში მომხდარ კონკრეტულ ამბებს. მათთვის, ხშირ შემთხვევაში, ამ ამბებს სათავგადასავლო ელფერიც კი დაჰკრავს. მასწავლებლის ამოცანა ისეთ შედეგის მიღწევაა, სადაც ბავშვი – ცხადია, მისი ასაკიდან გამომდინარე – გაიგებს, რატომ მოიქცა ესა თუ ის პიროვნება ან ადამიანთა ჯგუფი სწორედ ასე; რა მოტივი, რა მოსაზრებები ამოძრავებდა მას.