აქტივობა 1. მინი-ლექცია

შედეგი

გეო.VII.5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა დედამიწის შინაგან აგებულებაზე

 

ინდიკატორები

  • მსჯელობს ლითოსფეროს ფილების მოძრაობაზე;
  • ხსნის მიწისძვრებისა და ვულკანების გავრცელების კანონზომიერებებს;
  • კონტურულ რუკაზე დააქვს მიწისძვრებისა და ვულკანების გავრცელების ძირითადი არეალები.
 
 
შენიშვნა
 
აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.
 
 
 

რესურსები:

  • დაფა და ცარცი;
  • პროექტორი;
  • ინტერნეტი;
  • დედამიწის შინაგანი აგებულების სქემა;
  • დედამიწის ლითოსფეროს ფილების რუკა;
  • BBC-ის ფილმები: პლანეტა დედამიწა: მთები; ვულკანები. 
 
 
კავშირი სხვა საგნებთან
 
ხელოვნება
 
 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

უნარ-ჩვევების განვითარება უნდა მოხდეს ეტაპობრივად. იმისათვის, რომ მოსწავლე აზროვნების ქვედა დონეებს თავისუფლად იყენებდეს აზროვნების ზედა დონეზე, საჭიროა შესაბამისად იყოს გავარჯიშებული; ეს კი გულისხმობს უნარ-ჩვევების ეტაპობრივ განვითარებას. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მოსწავლემ სამი ფაზა გაიაროს. უნარ-ჩვევის ათვისების ფაზებია: ცოდნა, გაგება და გამოყენება. ეს აქტივობები მოსწავლეს უვითარებს გეოგრაფიულ საშუალებებზე მუშაობისა და ნამუშევრის წარდგენის უნარ-ჩვევებს.

დედამიწის აგებულებისა და ენდოგენური ძალების მოქმედების გასაგებად კარგი იქნება, თუ მასწავლებელი გამოიყენებს დოკუმენტურ ფილმებს.
 
 

აქტივობის აღწერა

დედამიწა შედგება რამდენიმე, თითქმის კონცენტრული შრისაგან: ქერქი, მანტია (ეს უკანასკნელი დედამიწის ქერქთან ერთად ქმნის ლითოსფეროს) და ბირთვი.

ფოტო 1

 

  1. ბირთვის ცენტრი;
  2. ბირთვი;
  3. მანტია;
  4. ზედა მანტია;
  5. დედმიწის ქერქი.

ეს აგებულება დადგენილ იქნა მიწისძვრის კერიდან ზედაპირის სხვადასხვა წერტილებამდე სეისმური ტალღის გავრცელების შესწავლით. სეისმური ტალღის გავრცელების სიჩქარე უეცრად იცვლება ერთი ფენიდან მეორე ფენაში გადასვლისას, რაც ფენების შედგენილობის განსხვავებითაა გამოწვეული. დედამიწის ასეთი აგებულება ადვილად აიხსნება მისი ჩამოყალიბების ისტორიით _ მეტეორიტების აკრეციით (აკრეცია: ნივთიერების ვარდნა კოსმოსურ სხეულზე მიზიდულობის ძალით), რამაც გამოიწვია თხევად ფაზაში მისი განშრევება სიმკვრივის კლებადობით ბირთვიდან ქერქის მიმართულებით. დედამიწის ქერქი მყარი დედამიწის ზედა ნაწილია, მისი ზედაპირი ძალიან ახალგაზრდაა. მანტია გამოყოფილია სეისმური ტალღის სიჩქარის მკვეთრი გაზრდით – მოჰოროვიჩიჩის საზღვრით. არსებობს ორი სახეობის ქერქი: ოკეანური და კონტინენტური. კონტინენტური ქერქის აგებულებაში გამოიყოფა სამი გეოლოგიური შრე: დანალექი, გრანიტული და ბაზალტური. ოკეანური ქერქი ძირითადად შედგება ფუძე ქანებისაგან, რომელსაც ზემოდან ეკვრის დანალექი სარჩული.
დედამიწის ქერქი დაყოფილია სხვადასხვა სიდიდის ლითოსფერულ ფილებად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გადადგილდებიან. ამ მოძრაობებს აღწერს გეოლოგიის დარგი _ ტექტონიკა.