აქტივობა 1. მასალის გააზრება ცნებების კლასიფიკაცირების საშუალებით

მოკლე შესავლის შემდეგ, მოსწავლეებს ყურადღებას ვამახვილებინებთ ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებზე. დაფას ვყოფთ ორ ნაწილად და ვიწყებთ შევსებას. მონაწილეობს მთელი კლასი. ბავშვები ფიქრობენ, მსჯელობენ და ხელის აწევით, რიგ-რიგობით პასუხობენ. მათი პასუხები საკუთარი გამოცდილებიდან მომდინარეობს. იხსენებენ ქცევის ნორმებს, ერთმანეთზე ზრუნვის მაგალითებს, ჯგუფური მუშაობის დროს წამოჭრილ პრობლემებს და მათი გადაჭრის შემთხვევებს, ზოგიერთი თანაკლასელის მიერ წესრიგის დარღვევის უარყოფით შედეგებს მთელი კლასის რეიტინგზე და ა.შ. ამ დისკუსიის მსვლელობისას მასწავლებელი თანდათან ავსებს ცხრილს:

V-VI.18.1.

მიღებული პასუხების შემდგ ჯერი დგება ცხრილის გაანალიზებაზე. სასურველია, ეს საქმე ბავშვებს მივანდოთ. ცხადია, მასწავლებელი, საჭიროებისამებრ, მიმართულებას მისცემს კლასში გამართულ დისკუსიას და არ დაუშვებს, რომ ბავშვებმა სწორად არჩეულ მიმართულებას გადაუხვიონ. მასწავლებელი ანალიზისის პროცესს ეხმარება კითვებით: რა განსხვავება ჩანს უფლებასა და მოვალეობას შორის? რომელი უფლება და მოვალეობა დაემთხვა ერთმანეთს? და სხვა.


შენიშვნა

გაკვეთილების გარკვეული რაოდენობა შეიძლება დაეთმოს ბავშვის ზოგად უფლებებს, ბავშვის უფლებებს ოჯახში, სანათესავოში, კლასში, სკოლაში და სხვა მცირე საზოგადოებებში. ასე რომ, კურსის ბოლოს მოსწავლემ უნდა გაიაზროს საკუთარი ადგილი და უფლება-მოვალეობები ყველა შესაძლო შემთხვევაში.

 

რესურსები

  1. დაფა და ცარცი;
  2. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია”.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

პარაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამ ასაკის ბავშვებთან თითქმის ნებისმიერ თემაზე საუბარი მათგან და მათი გამოცდილებიდან უნდა დავიწყოთ. განსაკუთრებით ადვილია ამის კეთება, როცა მათ უფლება-მოვალეობებს ვეხებით, მათ პირად პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ. ასეთი ინტერაქტიური გაკვეთილის დროს საკმაოდ მაღალია გულწრფელობისა და უშუალობის ხარისხი. ბევრი ისეთი ბავშვი, რომელიც ადრე საკუთარ თავში იყო ჩაკეტილი, იხსნება მასწავლებელთან და მეგობრებთან ურთიერთობაში.

გაკვეთილის ბოლოს, მასწავლებელმა შეიძლება უამბოს ბავშვებს, თუ როგორ გაჩნდა ცნება „ადამიანის უფლებები” პირველად 1789 წელს საფრანგეთში. იგი შეტანილი იყო დოკუმენტში, რომელსაც ერქვა „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია”. ბავშვები მაშინვე გამოითვლიან, თუ რამდენი წლის წინ მოხდა ეს ამბავი.

ამას მოყვება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია”. ამიტომაცაა მიჩნეული 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღედ.

მინი-ლექციაში გადმოცემული, თითქოს ამ ასაკისათვის რთული ინფორმაცია, ზემოთ ჩატარებული აქტივობის შემდეგ უკვე მისაღები და გასაგები ხდება ბავშვებისათვის.