აქტივობა 1. კონკურსი გამომეტყველებით კითხვაში
რესურსი:
შეფასების კრიტერიუმების ქსეროასლები.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს, მოაწყონ კონკურსი გამომსახველობით კითხვაში. სასურველია, პირველ ჯერზე, კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყოს. ის, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში, იქნება შემფასებელთა ჯგუფში, რომელიც ერთობლივად შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს კონკურსის მონაწილეებს. შესაძლებელია, კონკურსი ჩატარდეს ორ “ტურად”. მონაწილეები ჯერ კითხულობენ ერთსა და იმავე ნაწარმოებს, შემდეგ ირჩევენ ტექსტს საკუთარი სურვილით.
შეფასება:
შეფასება შეიძლება მოხდეს იმის მიხედვით, იყო თუ არა:
- ყველა სიტყვა მკაფიოდ წარმოთქმული;
- გაკეთებული აქცენტი საკვანძო სიტყვებზე;
- გადმოცემული ავტორისეული განწყობილება და გრძნობები;
- სწორად გაგებული პუნქტუაცია;
- დაცული სათანადო ტემპი;
- ეფექტურად გამოყენებული ხმის ტონი;
- შენარჩუნებული მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან;
- შენარჩუნებული ზომიერება გრძნობების გამოხატვისას.
მეთოდური მითითება:
სავარაუდოდ, იმ მოსწავლეების ნაწილი მაინც, რომლებიც არ მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას, მომავალში დაინტერესდება და სხვების მაგალითით ჩაერთვება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისინი შეფასებისას დახვეწენ საკუთარ გემოვნებას, კიდევ ერთხელ გაიაზრებენ წაკითხულს / მოსმენილს. იმისათვის, რომ მოსწავლეები უფრო გაბედულად ჩაერთონ გამომსახველობითი კითხვის კონკურსში, რეკომენდებულია, ხშირად მოვასმენინოთ ქართველ მსახიობთა მიერ წაკითხული ნაწარმოებების აუდიოჩანაწერები და ვასაუბროთ შთაბეჭდილებებზე.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
- ქართ. VII. 2, 3;
- ქართ. VII. 7.