აქტივობა 1. ჰამერლინგის ექსპერიმენტი

რესურსები:

საინფორმაციო ტექსტი, რომელშიც აღწერილია იოაკიმ ჰამერლინგის ექსპერიმენტის ერთ-ერთი ნაწილი (იხ. სამუშაო ფურცელი).

 

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლემ უნდა:

  • ისწავლოს ტექსტიდან ინფორმაციის ამოკითხვა და გაანალიზება;
  • განსაზღვროს კვლევის საგანი, გამოთქვას ვარაუდი, გაანალიზოს მონაცემები და გამოიტანოს დასკვნები;
  • იმსჯელოს უჯრედზე, როგორც ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების ერთეულზე

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

მასწავლებელი:

  • აკეთებს მცირე ისტორიულ ექსკურსს და თხოვს კლასს ინდივიდუა­ლურად წაიკითხონ ტექსტი, რომელშიც აღწერილია ერთ-ერთი ცნობილი ექსპერიმენტის ნაწილი;
  • ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს იმუშაონ წყვილებში, გაანალიზონ მოცემული ინფორმაცია და პასუხი გასცენ ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს.

 

სამუშაო ფურცელი

იოაკიმ ჰამერლინგის ექსპერიმენტი

მეცნიერები დიდი ხნის გამავლობაში იკვლევდნენ, თუ რომელი სტრუქტურა იყო პასუხისმგებელი უჯრედის ცხოველქმედებაზე, რომელი კომპონენტი აკონტროლებდა მის სასიცოცხლო ფუნქციებს. ამის დასადგენად 1930 წელს იოაკიმ ჰამერლინგმა ჩაატარა ცდა ერთუჯრედიან წყალმცენარე - აცეტაბულარიაზე. ეს უცნაური ორგანიზმი ფეხისა და ქუდისაგან შედგება. ბირთვი მის ფეხშია მოთავსებული. აცეტაბულარიას რეგენერაციის საოცარი უნარი აღმოაჩნდა. როდესაც ჰამერლინგმა წყალმცენარეს ქუდი მოაჭრა, ცოტა ხანში მას დაკარგული ნაწილი კვლავ განუვითარდა. ხოლო ფეხის მოჭრის შემდეგ უჯრედი მალევე დაიღუპა.

 ჰამერლინგის ექსპერიმენტი

1. რა იყო იოაკიმ ჰამერლინგის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის მიზანი?
2. გამოთქვი ვარაუდი: რა აკონტროლებს უჯრედის სასიცოცხლო ფუნქციებს?
3. ახსენი, რატომ ცოცხლობდა აცეტაბულარია მცირე ხანს ფეხის მოკვეთის შემდეგ?
4. რატომ აღდგა წყალმცენარის დაკარგული ნაწილი ქუდის მოჭრის შემდეგ?
5. რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აღწერილი ექსპერიმენტის შედეგად?

 

სავარაუდო პასუხები:

1. ჩატარებული ექსპერიმენტის მიზანი იყო, გაერკვია, უჯრედის რომელი სტრუქტურაა პასუხისმგებელი უჯრედის ცხოველქმედებაზე;
2. ძნელი პროგნოზირებადია რამდენად სწორად შეძლებენ ამ ეტაპზე მოსწავლეები სწორი ვარაუდის გამოთქმას. მასწავლებელმა უნდა მიიღოს და დააფიქსიროს ყველა მოსაზრება;
3. აცეტაბულარიას ფეხში მოთავსებულია ბირთვი. ფეხის მოკვეთის შემდეგ წყალმცენარე კარგავდა ბირთვს და ორგანიზმში აღარ მიმდინარეობდა ნორმალური ცხოველქმედება;
4. ფეხში არსებულმა ბირთვმა განაპირობა წყალმცენარის დაკარგული ნაწი­ლის აღდგენა;
5. ბირთვი წარმოადგენს უჯრედულ სტრუქტურას, რომელიც აკონტროლებს უჯრედის სასიცოცხლო ფუნქციებს.

 

მოსალოდნელი შედეგები:

მოსწავლეები:

  • გააანალიზებენ ტექსტში მოცემულ ინფორმაციას;
  • განსაზღვრავენ კვლევის საგანს, გამოთქვამენ ვარაუდს, გაანალიზებენ მონაცემებს და გამოიტანენ დასკვნებს;

 

სასარგებლო ინტერნეტლინკები:

ჰამერლინგის ექსპერიმენტის ვიდეო-გარჩევა