აქტივობა 1. გეგმის საშუალებით ინფორმაციის ინტერპრეტირება

აქტივობის მიზანი: გეოგრაფიულ საშუალებებზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლემ შეძლოს თბილისში გავრცელებულ რელიგიებზე მსჯელობა.

გამომუშავებული უნარ-ჩვევები: დაკვირვების და კვლევის უნარების საფუძველზე სივრცეში ორიენტაცია, ადგილის გეგმაზე ვარჯიში, გეოგრაფიულ საშუალებებზე მოპოვებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია/ანალიზი, პრობლემის გადაჭრა, მოგზაურობის დაგეგმვა.

გაკვეთილის საწყის ეტაპზე მასწავლებელი შეახსენებს, რომ საქართველოში ოდითგანვე სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ხალხი ცხოვრობდა. მართლმადიდებელი ქრისტიანების გვერდით საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ და ქართული სახელმწიფოსა და კულტურის განვითარებაში წვლილი შეჰქონდათ იუდაიზმის მიმდევარ ებრაელებს, კათოლიკე ქრისტიანებს, სომხური ქრისტიანული ეკლესიის წევრებს, მუსლიმ აზერბაიჯანელებს და სხვა შედარებით მცირერიცხოვან რელიგიურ ჯგუფებს.

ამის შემდეგ ჯგუფებს ურიგდება თბილისის იმ ადგილის გეგმა, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა რელიგიის ტაძრები.

მასწავლებელი უკითხავს დავალებას, რომელიც პრობლემის გადაჭრასთან და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიტუაციასთან არის დაკავშირებული:

დააკვირდით თბილისის გეგმის ნაწილს. ნინო თავისუფლების მოედანზე დგას და ელოდება მეგობარს, რომელთანაც ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან შეხვედრა აქვს დათქმული. მან დაურეკა და უთხრა, რომ ერთი საათით დააგვიანებს და შესთავაზა, დრო რომ არ დაკარგოს, დაათვალიეროს თბილისის ეს ნაწილი. ნინომ სკოლაში ახლახანს დაამთავრა საქართველოში რელიგიების გავრცელების შესწავლა და დაინტერესდა, როგორ თანაცხოვრობენ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი. რას მოინახულებდა ნინო და რა თანმიმდევრობით. 

თბილისის გეგმა

ამის შემდეგ მასწავლებელი მიუთითებს წინასწარ გამზადებულ ცხრილზე და სთხოვს, პასუხების მიხედვით შეავსონ იგი

20.1. V-VI

სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვას, თუ რამდენად საინტერესო იყო ეს მოგზაურობა და რა დასკვნების გამოტანა შეუძლიათ თბილისში მცხოვრებ რელიგიურ ჯგუფებზე.

საშინაო დავალებად მოსწავლეებს ეძლევათ იფიქრონ თემაზე, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების ცხოვრებას რა დადებითის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის; შეუძლიათ თუ არა განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლებს თანაცხოვრება ერთმანეთის გვერდით ერთ ქვეყანაში. წინასწარ ეუბნება, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგ გაკვეთილზე გამართავენ დისკუსიას.


შენიშვნა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება დაეუფლონ სემიოტიკურსა და სოციალურ და სამოქალაქო კომპეტენციებს.

 

რესურსები

  • სქემა, დაფა, რვეული, საწერ-კალამი, Pover Point-ში დამუშავებული სლაიდები;
  • საქართველოს ადმინისტრაციული რუკა, რელიგიების გავრცელების არეალების რუკა.

რეკომენდაციები მასწავლებლებს

მასწავლებელს შეუძლია, ჯგუფების რაოდენობიდან გამომდინარე გაამრავალფეროვნოს დავალებები, რაც მოსწავლეთა აქტიურობას მეტად შეუწყობს ხელს.