აქტივობა 1. დისკუსიის საშუალებით ტერმინების გააზრება

ამისათვის დაგვჭირდება ასეთი სახის აქტივობა: ცალ მხარეს ჩამოვუწეროთ დაფაზე

  1. ოჯახი;
  2. საგვარეულო;
  3. სანათესავო;
  4. კლასი;
  5. სკოლა;
  6. სამეგობრო;
  7. მოცეკვავეთა ან მომღერალთა ანსამბლი;
  8. ფეხბურთის ან სხვა სპორტული გუნდი.

დაფის ქვედა ნაწილში, როგორც სქოლიოში, მივცეთ შემდეგი მახასიათებლების ჩამონათვალი: ნათესაობა, გარეგნობა, ხასიათი, ინტერესი, უნარი, თანაგრძნობა, ასაკი, სიყვარული, მშობლიური ენა, გემოვნება და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვთ, დაფიქრდნენ და ყოველ საზოგადოებას მიუსადაგონ თავისი მახასიათებლები. ვიწყებთ ოჯახიდან. ბავშვები ფიქრობენ, ამოირჩევენ შესაბამის მახასიათებელს და ხელის აწევით პასუხობენ. მასწავლებელი თანმიმდევრობით მიუწერს ამ მახასითებლებს ყველა საზოგადოებას.

მახასიათებლების ჩამონათვალი


შენიშვნა

ეს პროცესი ცოტა ხაგრძლივი გამოდის, მაგრამ საკმაოდ სახალისოა. ბავშვები ხმამაღლა ფიქრობენ, მსჯელობენ, კამათობენ კიდეც. აღიარებენ, რომ ამ საკითხებზე ადრე სერიოზულად არ უფიქრიათ, მოჰყავთ მაგალითები საკუთარი ოჯახისა და სანათესავოს, კლასისა და სკოლის ცხოვრებიდან. ასკვნიან, რომ თითქმის ერთნაირი მახასიათებლები აქვს ოჯახს, საგვარეულოს და სანათესავოს. განსხვავებული მახასიათებლები აქვს კლასს, სკოლას, სამეგობროს, ხელოვნებისა და სპორტის საზოგადოებებს.

მოსწავლეები განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობენ თავიანთ ოჯახებზე, შეთავაზებული მახასიათებლებიდან განსხვავებით, საკუთარი ინიციატივით ამატებენ „მზრუნველობას”. თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ არსებობს ისეთი ოჯახებიც, სადაც ერთმანეთზე არ ზრუნავენ, ჩხუბობენ (მაგალითად, მათი მეზობლები). ამ შემთხვევაში რა უნდა ჩავწეროთ ამ გრაფებში? სვამენ კითხვას. მასწავლებელი შემხვედრ კითხვებს უსვამს მათ: როგორ ფიქრობთ, კარგი ოჯახი მეტია ქვეყანაში თუ ცუდი?

მისაღებია თუ არა თქვენთვის ცუდი ოჯახის მახასიათებლები? შეიძლება, რომ ყველა ეს მახასიათებელი შევატრიალოთ და მათი ანტონიმები ჩამოვწეროთ. კლასის პასუხი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. უფრო მეტიც, ამბობენ – ეს რომ შევატრიალოთ – საშინელება გამოვა.

 

რესურსები

დაფა და ცარცი

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ სტანდარტში მოცემულ პირობაში „მოსწავლე ასახელებს საზოგადოებებს, რომელთა წევრადაც მიაჩნია საკუთარი თავი” იგულისხმება დიდი საზოგადოების პატარ-პატარა ჯგუფები, როგორიცაა ოჯახი, საგვარეულო, სკოლა, კლასი და სხვა.

აღნიშნულ საკითხებზე საუბარი მასწავლებელმა ისე უნდა წარმართოს, რომ ერთი შეხედვით რთული საკითხები მოსწავლისათვის მარტივად გასაგები გახდეს.