აქტივობა 1. დისკუსია

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარის განვითარებას. ავარჯიშებს მოსწავლეებს აზრების მწყობრად გამოხატვასა და დასკვნების გამოტანაში, სადავო საკითხების გადაჭრასა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოძებნაში. აქტივობა კომპლექსური სახისაა და ფარავს სამივე მიმართულებას.

 

აქტივობის მიზნები:

  • კრიტიკული მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისა და დასაბუთების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ეტიკეტური მეტყველების, კორექტული ქცევის უნარ-ჩვევების განვითარება.

 

რესურსები:

სასურველია, მოსწავლეთათვის თვალსაჩინო ადგილას იყოს გამოკრული დისკუსიის წესები.

აქტივობის ორგანიზების ფორმა: ჯგუფური.

 

აქტივობის აღწერა:

  • დისკუსიის დაწყებამდე მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს დისკუსიის წარმართვის წესებსა და სათანადო ქცევის ნორმებს. დისკუსიებში მოსწავლეებს მოეთხოვებათ არგუმენტირებული მსჯელობა; გადა­წ­ყვეტილების მიღება, დისკუსიის წესების დაცვა (სასურველია, ეს წესები თავად მოსწავლეებმა შეიმუშავონ. მაგალითად: როცა რამის თქმა 
    გვსურს, ხელი უნდა ავწიოთ; არ შევაწყვეტინოთ ერთმანეთს სიტყვა; დავიცვათ რეგლამენტი და ა.შ.). სავარაუდოდ, დისკუსიისას მოსწავლეები მოისმენენ სხვადასხვა თვალსაზრისს და რწმუნდებიან, რომ არსებობს უამრავი პრობლემა, რომელთაც არა აქვთ მხოლოდ ერთი გა­დაწყვეტა. დისკუსიისათვის ეფექტურია სამ-ხუთ წევრიანი ჯგუფების გამოყენება, რადგანაც ყველას ექნება შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს დისკუსიაში როგორც მსმენელმა და როგორც სიტყვით გამომ­სვლელმა. გარდა ამისა, პატარა ჯგუფები სალაპარაკოდ გამოიწვევს გაუბედავ და პასიურ მოსწავლეებსაც, რომლებიც, როგორც წესი, დიდ ჯგუფებში გამართულ განხილვაში არ იღებენ ხოლმე მონაწილეობას. მცირე სადისკუსიო ჯგუფებში მოსწავლეებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრები და გაააქტიურონ სუბიექტური გამოცდილება. ვითარებიდან გამომდინარე, ჯგუფები შეიძლება ჩამოყალიბდეს:
  • მოსწავლეების სურვილის გათვალისწინებით;
  • სტიქიურად (მაგალითად, მოსწავლეებს ვურიგებთ ნახატებიან / სხვადასხვა ფერის ბარათებს. ერთნაირნახატიანი / ერთი ფერის ბარათების მფლობელები ერთიანდებიან ერთ ჯგუფში);
  • ჯგუფების შემადგენლობა შეიძლება განსაზღვროს თავად მასწავლებელმა.

რეკომენდებულია თითოეული ჯგუფის წევრისათვის კონკრეტული მოვალეობის დაკისრება (მაგალითად, ერთი არგუმენტებს ჩამოწერს, მეორე ეძებს დამატებით მასალას, მესამე შეკითხვებს ამზადებს, მეოთხე წარმოადგენს ჯგუფის საერთო აზრს და ა.შ.). ჯგუფები დროდადრო უნდა გადახალისდეს, რათა მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება სხვა თანატოლებთან ერთადაც იმუშაონ.

სადისკუსიოდ უნდა შეირჩეს ისეთი საკითხი, რომლის ირგვლივაც გან­სხვავებული თვალსაზრისები შეიძლება არსებობდეს ან დაისვას ისეთი პრობლემა, რომლის გადაჭრის ალტერნატიული გზები არსებობს. დისკუსიისას მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ:

  • არ არსებობს მცდარი და სწორი აზრი; არსებობს დაუსაბუთებელი და დასაბუთებული მოსაზრება;
  • დისკუსიის მიზნები და წესები წინასწარ არის განსაზღვრული;
  • დისკუსიის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ჯგუფს განსახილველი საკითხის შესახებ ცოდნის გამომჟღავნებასა და პრობლემის გადაწყვეტისათვის ამ ცოდნის გამოყენებაში;
  • დისკუსია პასუხების განუსაზღვრელ რაოდენობას წარმოშობს და არ მოითხოვს ერთადერთ დასკვნას;
  • რადგანაც არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, საკუთარი თვალსაზრისის დაცვასთან ერთად სხვების თვალსაზრისსაც უნდა სცენ პატივი;
  • აკრიტიკებენ აზრებს და არა ადამიანებს;
  • დისკუსიის დროს საჭიროა მოსწავლეებს ხელი შევუწყოთ იმაში, რომ მათ:
  • ყურადღებით მოისმინონ ყველა აზრი;
  • დასვან შეკითხვები;
  • პერიფრაზირების, კითხვის დასმის გზით დააზუსტონ გამოთქმული თვალსაზრისი (მაგალითად, „თუ სწორად გავიგე, შენ ამბობ, რომ...“);
  • იკამათონ კონსტრუქციულად;
  • შეაჯამონ დისკუსიისას გამოთქმული აზრი;
  • გადაამოწმონ ვარიანტები.

 

შეფასება:

დისკუსიის დროს მასწავლებელი აკონტროლებს, იცავენ თუ არა მონაწილეები დისკუსიის წესებს და ინიშნავს მათ პასუხებს, რათა შეაფასოს მოსწავლეები. არ არის მიზანშეწონილი, რომ მასწავლებელმა დისკუსიაში აშკარად გამოხატოს საკუთარი პოზიცია. მან უნდა შეაფასოს არგუმენტები და არა პოზიციის მართებულობა. სასურველია გამოვიყენოთ ჯგუფის შეფასების ანკეტა, რომელიც შეიძლება შეავსოს ჯგუფის ერთმა წევრმა (ჯგუფის საერთო პოზიციის გამოსახატავად) ან ჯგუფის თითოეულმა წევრმა.

ანკეტის ნიმუში:

   დიახ   არა   ზოგჯერ 
დისკუსიაში მონაწილეობდა და აზრს გამოთქვამდა ჯგუფის ყველა წევრი. კომუნიკაცია ინტერაქტიული იყო.      
ჯგუფის წევრები ხშირად სვამდნენ შეკითხვებს აზრის დასაზუსტებლად და/ან პროცესის გააქტიურების მიზნით.      
დისკუსია არ გასცილებია თემას.      
დაცული იყო დისკუსიის წესები.      

 

მეთოდური მითითებები:

  • სასურველია, დისკუსიის ჩატარებას წინ უძღოდეს მოსამზადებელი ეტაპი დისკუსიის თემის შესაბამისი სხვადასხვა სახის მასალების მოძიებითა და გაცნობით. მოსამზადებელი სამუშაოები შეიძლება წარიმართოს მასწავლებლის ხელმაძღვანელობით (მაგ., მასწავლებელმა დაუსახელოს მოსწავლეებს სათანადო მასალები/წყაროები, სხვ.).
  • ამა თუ იმ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის მოწყობას სასურველია მიეცეს სისტემატური სახე.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. VII. 3, 4; ქართ. VII. 7, 10; ქართ. VII. 11, 12.