აქტივობა 1. აზრობრივი სქემის მეშვეობით მოვლენათა არსის გათავისება და მათი ცხრილის მეშვეობით კატეგორიზაცია

სკოლაში ასურელი მამების მოღვაწეობის შესწავლის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვას კლასის წინაშე: რა საქმიანობას ეწეოდნენ ბერები მონასტერში? მოსწავლეებს მასწავლებლის დახმარებით შეუძლიათ დაფაზე აზრობრივი რუკის გამოსახვა. შეიძლება, მივიღოთ დაახლოებით ასეთი სურათი:

აზრობრივი რუკა

ამ აზრობრივი რუკის შედგენის შემდეგ, რომელშიც მთელი კლასი იღებდა მონაწილეობას, მასწავლებელს საუბარი მიჰყავს უკვე სხვა მიმართულებით. მან არსებული ინფორმაციიდან ბავშვებს უნდა ათქმევინოს, კულტურის რომელ დარგს მიეკუთვნება საქმიანობის ესა თუ ის სფერო. მაგალითად, როდესაც ბერები თარგმნიდნენ წიგნებს, ისინი ამ დროს მთარგმნელობით ხელოვნებას ავითარებდნენ საქართველოში; როდესაც ხატავდნენ ფრესკებს, კედლის მხატვრობა ვითარდებოდა; როდესაც ხატებსა და ჯვრებს ამზადებდნენ, ჭედური ხელოვნება ვითარდებოდა; ხელნაწერი წიგნების დამზადებაც დიდ ხელოვნებას მოითხოვდა (კალიგრაფია, დაზგური ფერწერა) და ა.შ.

შეიძლება ეს ყველაფერი დასკვნის სახით ცხრილშიც კი ჩამოვაყალიბოთ.

დასკვინითი ცხრილი


რესურსები

  1. სახელმძღვანელო, დაფა და ცარცი.
  2. რევაზ ინანიშვლის ისტორიული მოთხრობა „ლოჭინში”.
  3. საქართველოს სხვადასხვა მხარის ეროვნული სამოსის სურათები.
  4. ძველი თბილისის, კონსერვატორიის, რუსთაველის თეატრის, ქაშუეთის ეკლესიის, ლიკანის სასახლის, ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოტოები.
  5. ტექსტი მასწავლებლისთვის.

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. ლიტერატურა;
  2. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

  1. მეხუთე-მეექვსეკლასელ მოსწავლეებთან კულტურის დარგებზე საუბარი მიზნობრივად არ ხდება. ამ საკითხებს ვეხებით თანდათან, სხვა კონტექსტებიდან გამომდინარე. დროთა განმავლობაში ბავშვებს უგროვდებათ ცოდნა ამ საკითხზე, რომელსაც შეიძლება ერთ რომელიმე გაკვეთილზე მოვუყაროთ თავი და განვაზოგადოთ ან პირიქით – შეიძლება ერთმა თემამ მოგვცეს იმის საშუალება, რომ რამოდენიმე დარგზე გავაკეთოთ აქცენტი. მაგალითისთვის მოვიყვანთ ერთ გაკვეთილს, სადაც საუბარია სამონასტრო ცხოვრებაზე. ეს საკითხი ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეიძლება განიხილებოდეს რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით: ან ასურელ მამებთან, ან რელიგიის საკითხთან, ან განათლებისა და კულტურის ცენტრებთან და ა.შ. ყველა შემთხვევაში, მასწავლებელი გვერდს ვერ აუვლის ასეთ მნიშვნელოვან თემას.
  2. მოსწავლე უნდა აცნობიერებდეს, რომ კულტურული ადამიანის ცნება, პირველ რიგში, მის წიგნიერებასთან არის დაკავშირებული. ამ საკითხზე ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა უმჯობესია, ისეთი მაგალითები მოვუყვანოთ, რაც მათთვის გარკვეულწილად ნაცნობი იქნება.” ჩვენი საქართველოს” კურსიდან ავირჩიოთ ნებისმიერი საკითხი, მაგალითად, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა და გამოვყოთ ცალკე საკითხად მისი დამოკიდებულება წიგნებთან.