მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის ძირითადი წესების დაცვა

აქტივობა 1. ”ვის მივმართოთ დახმარებისთვის?”

მიზანი

საგანგებო სიტუაციაში მოსწავლემ  შეძლოს უსაფრთხო ქცევის ძირითადი წესების გამოყენება.

 

რესურსები

დაფა, ცარცი, ფერადი ფანქრები და/ან ფლომასტერები, ფურცელი

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს შეკითხვებით:

- ვის  მივმართავთ, თუ  შენობაში ხანძარი  გაჩნდა; თუ ოჯახის რომელიმე წევრს სასწრაფოდ  დასჭირდა ექიმის დახმარება ან  ქუჩაში ვიღაც შველას ითხოვს?

პასუხების მოსმენის შემდეგ აგრძელებს:

- რა იცით სახანძრო სამსახურის შესახებ?

- საპატრულო სამსახურის შესახებ?

- სასწრაფო დახმარების შესახებ?

მოსწავლეები თანმიმდევრობით პასუხობენ.

- როგორ უნდა დაუკავშირდეთ სასწრაფო დახმარების სამსახურს/საპატრულო სამსახურს/სახანძრო სამსახურს?

ამის შემდეგ მასწავლებელი კლასს ჰყოფს ჯგუფებად და შესავსებად აძლევს წინასწარ გამზადებულ ცხრილს:

 

დასახელება

რა დროს მიმართავთ?

ტელეფონის ნომერბი

სიმბოლიკა

პატრული

 

 

 

სასწრაფო

 

 

 

სახანძრო

 

 

 

ჯგუფები ავსებენ ცხრილს და აბარებენ მასწავლებელს. ჯგუფების წარმომადგენლები აკეთებენ პრეზენტაციებს.

 

კავშირი რეალურ ცხოვრებასთან

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ ინფორმაცია გადაუდებელი სამსახურების, სახანძრო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების შესახებ, რათა საგანგებო სიტუაციებისას შეძლონ საკუთარი და სხვების უსაფრთხოების დაცვა.


აქტივობა 2. ”უსაფრთხო ადგილები” 

მიზანი

საგანგებო სიტუაციაში მოსწავლემ შეძლოს უსაფრთხო ქცევის ძირითადი წესებისგამოყენება.

  

რესურსები

დაფა, ცარცი, ფერადი ფანქრები და/ან ფლომასტერები, ფურცელი.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, მოხვედრილა თუ არა ოდესმე რომელიმე მათგანი მიწისძვრის გავრეცელების არეალში. რა ემოცია ჰქონდათ ამ დროს და რა მოიმოქმედეს.

(ამ კითხვის დასმამდე მასწავლებელი სათანადოდ უნდა მოემზადოს. მასწავლებელმა ეს ფაქტები კლასში წინასწარ უნდა მოიძიოს მშობლების გამოკითხვით. მოსწავლის(ების)თვის პოზიტიური პასუხის შემთხვევაში  განცდილი ემოციების გადმოცემა საკმაოდ სათუთი საკითხია.)

თუ  მოსწავლეები არ  აღმოჩენილან მიწისძვრის არეალში და არ აქვთ ამგვარ   ვითარებაში მოქმედების  გამოცდილება, მასწავლებელი სთხოვს მათ, საკუთარი სიტყვებით განმარტონ, რა არის, მათი ვარაუდით, მიწისძვრა, რა სმენიათ მათ მიწისძვრის შესახებ? მასწავლებელი ისმენს მოსწავლეთა პასუხებს და შემდეგ ეხმარება მათ იმის გაცნობიერებაში, რა იწვევს  მიწისძვრის დროს ადამიანთა დაღუპვასა და დაზიანებას, რომ ადამიანები ზიანდება შენობაში ან შენობის გარეთ არასაიმედოდ დამაგრებული ნივთების ჩამოვარდნის შედეგად. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს სიტყვა ”საფრთხის” მათეულ განმარტებას. მასწავლებელი დაფაზე წერს კითხვას:

”რომელი ადგილებია ყველაზე სახიფათო და უსაფრთხო  ჩვენს საკლასო ოთახში?“

საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ მიწისძვრის დროს  სახიფათოა ის ადგილები, სადაც განლაგებული ნივთები ადვილად შეიძლება გადმოვარდეს, გატყდეს და გამოიწვიოს ადამიანის დაზიანება, მაგალითად:

  • კედელზე დაკიდული მძიმე თაროები;
  • კარადები;
  • ჭაღი და ა.შ.

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს შეკითხვით:

-  რატომ არ შეიძლება, მიწისძვრის დროს ვიმყოფებოდეთ:

- ფანჯრებისა და სარკის სიახლოვეს?

- ჭაღისა და ნახატის ქვეშ?

- იმ საგნებთან ახლოს, რომლებიც შეიძლება  ჩამოცვივდეს?

- აივანზე?

- კიბეებზე?

- ლიფტში?

ამის შემდეგ მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს. სთხოვს ჯგუფებს, უპასუხონ ზემოთ დასმულ კითხვას და საკლასო ოთახში გამოყონ ”სახიფათო” და ”უსაფრთხო” ადგილები. შემდეგ იმართება მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მათი საკლასო ოთახი მიწისძვრის დროს უსაფრთხო ადგილად იქცეს.

 

რეკომენდაცია

საგანგებო სიტუაციის სხვადასხვა შემთხვევის განხილვისას მნიშვნელოვანია რომ:

  1.  შემთხვევის შესწავლისას მოსწავლეებმა გაიაზრონ და გაანალიზონ ეს კონკრეტული შემთხვევა.
  2. შემთხვევის განხილვამდე მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს მასალა; მასალა საინტერესო და აქტუალური უნდა იყოს მოსწავლეებისთვის, ითვალისწინებდეს მათ ასაკობრივ თავისებურებებს და შესაძლებელი იყოს მის ირგვლივ მსჯელობა.
  3. განსახილველ მასალასთან ერთად უნდა მომზადდეს ძირითადი კითხვები; კითხვები შეიძლება შეეხებოდეს მოსწავლეების დამოკიდებულებას კონკრეტულ შემთხვევაში აღწერილი სიტუაციისადმი. მაგალითად, როგორი დამოკიდებულება აქვთ შემთხვევის მიმართ? რა არის მათთვის მისაღები, მიუღებელი? როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა? და ა.შ.

 

  

შენიშვნა

ამ თემებზე იძულებით ადგილნაცვალ ბავშვებთან (მათი კომპაქტურად ჩასახლებისა და სხვა ადგილებში), აგრეთვე ბავშვებთან, რომლებმაც განიცადეს რაიმე ბუნებრივი ან ომის კატასტროფა ძალიან ფრთხილად უნდა ვიმუშავოთ. ამისთვის არსებობს საგანგებო რეკომენდაციები კრიზისული ინტერვენციის მეთოდში.

  

რეკომენდაციები მასწავლებლებს

საკითხის მოკლე აღწერა

მიწისძვრა არის მიწის  მოულოდნელი,  სწრაფი ბიძგები, რომლებიც გამოწვეულია მიწისქვეშა ენერგიის უცაბედი გამოთავისუფლებით.

მიწისძვრა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე მოვლენაა. მსხვერპლის რაოდენობითა და დამანგრეველი მოქმედებით იგი აღემატება ყველა სხვა ბუნებრივ კატასტროფას. დღესაც კი ადამიანი უძლურია ამ სტიქიის წინაშე, რომელიც იწვევს დიდ მსხვერპლს, ნგრევასა და ზარალს. საზოგადოდ, მიწისძვრას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი იწვევდეს: ვულკანის მოქმედება, კარსტული ჩაქცევები, აფეთქებები და სხვა, მაგრამ ასეთი მიწისძვრები, ჩვეულებრივ, საკმაოდ სუსტია (თუ არ ჩავთვლით ბირთვული აფეთქებებით გამოწვეულ მიწისძვრებს). ამიტომ,  მიწისძვრებზე საუბრისას, ჩვეულებრივ, გულისხმობენ ე.წ. ტექტონიკურ მიწისძვრებს, რომელთა დროსაც ტექტონიკური ფილები ერთმანეთის მიმართ ვერტიკალური ან/და ჰორიზონტალური მიმართულებით გადაადგილდება და რომელთა  გამომწვევი მიზეზები დედამიწის ლითოსფეროსა და ზედა მანტიაში მიმდინარე პროცესებია. ეს  პროცესები იწვევს დედამიწის ქერქის მთლიანობის უეცარ რღვევას, რასაც თან ახლავს დრეკადი ტალღების გამოსხივება. სწორედ ეს დრეკადი ტალღებია დედამიწის ზედაპირის რხევის მიზეზი და ამ რხევას ვუწოდებთ ჩვენ მიწისძვრას.

ფილაქანთა თეორიამ ანუ  გლობალური ტექტონიკის თეორიამ, მთლიანობაში ამომწურავად ახსნა  მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები. ფილაქანთა თეორიის მიხედვით, ლითოსფერო შედგება რამდენიმე დიდი ფილაქნისაგან და ეს ლითოსფერული ფილაქნები მოძრაობენ ერთმანეთის მიმართ.  ჩვეულებრივ, გამოყოფენ 6 დიდ, კონტინენტური ზომის ფილაქანს: აფრიკის, ამერიკის, ანტარქტიკის, ავსტრალია-ინდოეთის, ევრაზიისა და წყნარი ოკეანის, აგრეთვე 14 შედარებით მცირე სუბკონტინენტური ზომის ფილაქანს: ფილიპინების, კარიბის, არაბეთის და ა. შ.

მიწისძვრები ოკეანის ქვეშაც ხდება, რაც იწვევს ცუნამის. არსებობს აგრეთვე სუსტი მიწისძვრებიც, რომლებიც არ ქმნიან სერიოზულ საფრთხეს და,  როგორც წესი, მათი რადიუსი არ აღემატება რამდენიმე კილომეტრს.

მიწისძვრის დროს შეიძლება გასკდეს და ჩაიმსხვრეს ფანჯრის მინები, თაროებიდან ჩამოცვივდეს საგნები, ჭერიდან - ბათქაში, ირყევა  წიგნებისა და ჭურჭლის კარადები, ირხევა ჭაღები, კედლებსა და ჭერში ჩნდება ბზარები; შესაძლებელია, გაჩნდეს ხანძრის კერა ან ჩაიხერგოს კარი. ყველაფერ ამას თან  სდევს გამაყრუებელი ხმაური. საშუალო სიძლიერის მიწისძვრა 5-20 წამს გრძელდება. რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება რყევა, მით უფრო ძლიერია დაზიანებები. მიწისძვრას თან სდევს ნგრევა, დაზიანება და ხშირად - ადამიანთა მსხვერპლი. სამწუხაროდ, კაცობრიობას ჯერჯერობით არ შეუქმნია რაიმე საშუალება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნვლსაყოფად გარდა იმისა, რომ შენობა-ნაგებობები უნდა შენდებოდეს დაწესებული სეისმური ნორმების დაცვით.

 

ნახ.  მიწისძვრის გრაფიკული იმიტაცია

 მიწისძვრა

წყარო:http://edelweistretno.files.wordpress.com/2010/04/earthquake.gif

 

მიწისძვრის ჰიპოცენტრი არის მიწისძვრის წარმოშობის უშუალო კერა მიწის შიგნით. მიწისძვრის ეპიცენტრი კი მისი ჰიპოცენტრის პროექციაა მიწის ზედაპირზე. მიწისძვრის ძალის განზომილება: ტალღების საერთო ენერგია ანუ  მიწისძვრის სიმძლავრე (სიძლიერე) იზომება მაგნიტუდებში - სკალით, რომლითაც პირველად აშშ-ს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჩარლზ ფრენსის რიხტერმა ისარგებლა და მის საპატივცემულოდ შერჩა „რიხტერის სკალის“ სახელი. მიწისძვრის მაგნიტუდა ფიქსირდება სპეციალურ აპარატზე - „სეისმოგრაფზე“. მაგნიტუდები გამოიყენება მიწისძვრის  ენერგეტიკული  კლასიფიცირებისთვის. რიხტერის სკალით მიწისძვრის  ინტენსივობას  აფასებენ 1-დან 8 მაგნიტუდამდე. რომაული ციფრებით გამოისახება მერკელის თორმეტბალიანი სეისმური სკალის მაჩვენებელი (I-XII). ბალის სიდიდე დამოკიდებულია ეპიცენტრიდან დაშორებაზე, კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზე.

 

რეკომენდაციები მშობლებს

მნიშვნელოვანია, რომ  მშობლებმა შვილებთან ერთად  დაამუშაონ მიწისძვრის დროს უსაფრთხოების დაცვის 5 წესი:

1.  საიმედოდ დაამაგრეთ ოთახებში არსებული საგნები (მაგ. ჭაღი, თარო, სარკე, ა.შ.);

2. წინასწარ შეისწავლეთ თქვენს ბინაში უსაფრთხო ადგილები (მაგ. მყარი მაგიდა, კარის ჭრილი/ღიობი საყრდენი კედლის ქვეშ, შენობებისა და ხიდებისაგან მოშორებული ადგილი/ღია სივრცე);

3. წინასწარ გაამზადეთ ჩანთა აუცილებელი ნივთებით (სასმელი წყალი და არამალფუჭებადი  საკვები, ტანსაცმელი, ფანარი, პირველადი დახმარების საგნების ნაკრები, საბუთები, უბის წიგნაკები და კალამი). არ დაგავიწყდეთ, თან იქონიოთ ახლობლებისა და სათანადო სამსახურების ტელეფონის ნომრები;

4. მოერიდეთ საფრთხის შემცველ ადგილებს (ელექტროგადამცემ ხაზებს, კიბეს, აივანს, ნივთებს, რომლებიც შეიძლება ჩამოვარდეს, ფანჯრებს და ა.შ.);

5. იცოდეთ, როგორ დაიცვათ თავი: ”დაწექი, დაიფარე, გამაგრდი”. ეს არის მიწისძვრის დროს მოქმედების ერთ-ერთი მთავარი წესი, როცა ადამიანები უნდა შეძვრნენ მყარი ავეჯის (მაგიდის, საწოლი და ა.შ.) ქვეშ, დაწვნენ, ჩაღუნონ თავი, მაგრად ჩაეჭიდონ ამ საგნის ფეხს და დაელოდონ ბიძგების შეწყვეტას.