მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.

აქტივობა 1. “ხელების დაბანის მნიშვნელობა”

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება პირადი ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

 

რესურსები

დაფა, ცარცი, ფერადი ფანქრები და/ან ფლომასტერები, ფურცელი.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:

- როდის/რა შემთხვევაში  იბანთ ხელებს?

მოსწავლეები ჩამოთვლიან სხვადასხვა აქტივობას, რომელთა შესრულებამდე ან შესრულების შემდეგ აუცილებლად იბანენ ხელებს. ყველა მოსწავლეს ეძლევა აზრის გამოთმის შესაძლებლობა. მასწავლებელი მოსწავლეთა პასუხებს დაფაზე აფიქსირებს.

ამის შემდეგ მასწავლებელი პასუხებს აჯგუფებს და საბოლოო ჩამონათვალი, სავარაუდოდ, ასეთ სახეს მიიღებს:

ხელებს აუცილებლად ვიბან,  თუ:

1.  ეს-ესაა, შინ დავბრუნდი (ეზოდან, სკოლიდან და ა.შ.);

2.  ეს-ესაა საპირფარეშოდან გამოვედი;

3.  ჭამისთვის ვემზადები;

4.  დედას კერძის მომზადებაში ვეხმარები;

5.  შინაურ ცხოველს მოვეფერე;

6.  ვეთამაშებოდი  ან ვუვლიდი ოჯახის ავადმყოფ წევრს;

7.  დავაცემინე ან დავახველე;

8.  ჩავიცვი ფეხსაცმელი და შევიკარი თასმები და ა.შ. მოსწავლეები ასაბუთებენ, რატომ ფიქრობენ ასე.

შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, პირველ-მეოთხეზე გაითვალონ და პირველ ნომრებს  ცალკე ჯგუფად აერთიანებს,  მეორეებს - ცალკე და ა.შ. ჯუფების ფორმირების შემდეგ თითოეულ ჯგუფს სთხოვს პლაკატის ”დაიბანე ხელები, როცა...” შექმნა და ნახატით ან აპლიკაციით ზემოაღნიშნული შემთხვევების გამოხატვას. პრეზენტაციის შემდეგ, სასურველია, შესრულებული პლაკატების საკლასო ოთახში ერთი კვირით დატოვება ან ამ აქტივობის მიძღვნა ხელების დაბანის მსოფლიო დღისთვის (15 ოქტომბერი).

 

მოსწავლეების ტიპური შეცდომები

ბავშვების უმრავლესობას ხელების დასველებაც კი დაბანა ჰგონია და ნაკლებად იცავს ხელების დაბანის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს.

 


აქტივობა 2. ”ხელების დაბანის წესი” 

მიზანი

მოსწავლემ გაითავისოს ხელების დაბანის წესი.

 

რესურსები

დაფა, ცარცი, ფერადი ფანქრები და/ან ფლომასტერბი, ფურცელი.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი ყველა მოსწავლეს ავალებს შემდეგს:

-   აიღოს თაბახის ფურცლები;

-   დახატოს ჩარჩო, წითელი ფლომასტერით;

-   დააწეროს სათაური ”დავიცვათ ხელების  დაბანის წესი”;

-   დაფიდან გადაწეროს ხელების დაბანის საყოველთაოდ აღიარებული წესები.

 

ხელების დაბანის სწორი წესი:

1) ხელები  უნდა დაისველოთ გამდინარე წყლით;

2) აუცილებლად უნდა გამოიყენოთ საპონი;

3) ხელები  უნდა აიქაფოთ მინიმუმ 20 წამის (დათვალეთ ოცამდე) განმავლობაში;

4) ქაფი უნდა ჩამოიშოროთ გამდინარე წყლით;

5) ხელები სრულად უნდა გაიშროთ ქაღალდის (ერთჯერადი) ან ნაჭრის სუფთა პირსახოცის გამოყენებით.

მასწავლებელი რეკომენდაციას აძლევს მოსწავლეებს - შესრულებული პლაკატი ერთი კვირით გამოაკრან  იმ ონკანთან, სადაც ხელებს იბანენ და ზედმიწევნით ზუსტად შეასრულონ ეს წესი.

 

კავშირი რეალურ ცხოვრებასთან

საჭიროა მოსწავლე დავაფიქროთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ხელების დაბანის წესის დაცვის აუცილებლობა;

 

მოსწავლეების ტიპური შეცდომები

ბავშვების უმრავლესობას ხელების დასველებაც კი დაბანა ჰგონია და ნაკლებად იცავს ხელების დაბანის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს.

 

უსაფრთხოება

მოზარდებს უყვართ შინაური ცხოველების (კატა,ძაღლი...) მოფერება. მათ უნდა იცოდნენ, რომ  ეს არც თუ უსაფრთხოა. ცხოველმა, შესაძლოა, ეს აგრესიის გამოვლენად ჩათვალოს და თავდაცვის მიზნით, ბავშვს უკბინოს ან დაკაწროს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, მოზარდებს განუმარტოთ, რომ უცხო ცხოველის მოფერება, მასთან მიახლოება არ შეიძლება.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

თუ  გსურთ,  ბაქტერიებისა  და  მათთან   ბრძოლის შესახებ  მოსწავლეებმა მეტი შეიტყონ,  უმჯობესია, ეს თამაშ-თამაშით გააკეთოთ, ამაში კი სასწავლო-გასართობი საიტები www.scrubclub.org და www.fooddetectives.com დაგეხმარებათ.

მასწავლებელმა შეიძლება შეახსენოს ეს თემა ლიტერატურიდან – მაგალითად, მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალი".

 

რეკომენდაციები მშობლებს

ბავშვების უმრავლესობას ხელების დასველებაც კი დაბანა ჰგონია და მას სჯერდება. სასურველია, მშობლებმა ყურადღება მიაქციონ, რამდენად იცავენ მოზარდები ხელების დაბანის ინსტრუქციას, რომელიც არც საპონს მოჰყვება და არც რომელიმე სამედიცინო სტანდარტშია მოხსენიებული. მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ:

  • ხელების დასაბანად გამდინარე წყალია საჭირო;
  • წყალი თბილი უნდა იყოს და არა ცხელი ან ცივი;
  • ხელების დაბანა ნებისმიერი  საპნით შეიძლება. ანტიბაქტერიული საპონი ხელებს კარგად ჰბანს,  მაგრამ არც ჩვეულებრივი  საპონია ურიგო  - ბაქტერიებს ისიც  აშორებს;
  • ხელები საპნით უნდა აიქაფოს, არ გამორჩეს თითებს შორის უბნები, მაჯები და კანი ფრჩხილების გარშემო – ბაქტერიებს ყველაზე მეტად აქ უყვართ ბინადრობა;
  • ხელების დაბანას, სულ მცირე, 20 წამი მაინც  ესაჭიროება;
  • სველი ხელები კარგად უნდა გაიმშრალოს. პირსახოცი უთუოდ სუფთა და მშრალი უნდა იყოს. შეიძლება ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცისგამოყენებაც.