მოსწავლეს შეუძლია, განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის თვისება

აქტივობა 1. ”რისთვის სჭირდებათ ცხოველებს საკვები და წყალი?”

მიზანი

მოსწავლემ დაადგინოს ორგანიზმის ზრდისთვის საჭირო პირობები; შეძლოს კითხვების სწორად ჩამოყალიბება, პასუხის დაფიქსირება.

 

რესურსები

საწერი ქაღალდი, ფანქრები (კალმისტრები), საშინაო დავალების რვეული.

 

მიმდინარეობა

ეტაპი 1.

მასწავლებელი სვამს კითხვას:

- მითხარით, რა ცხოველები გყავთ სახლში, ეზოში? მოსწავლეები ასახელებენ ცხოველებს,  მასწავლებელი წერს მათ სახელებს დაფაზე.

-  რას აკეთებენ ეს ცხოველები დღის განმავლობაში? მასწავლებელი ისმენს  და აჯამებს მოსწავლეთა პასუხებს. ამათგან ამოარჩევს პასუხებს, რომლებიც უკავშირდება ამ ცხოველთა კვებასა  და წყლის სმას.

- ამგვარად, თქვენ  ამბობთ,  რომ ეს ცხოველები იკვებებიან და წყალს სვამენ. რისთვის სჭირდებათ მათ საკვები და წყალი?

მასწავლებელი ისმენს  მოსწავლეთა პასუხებს, ისმენს  ყველა მოსაზრებას, მაგრამ კომენტარს არ აკეთებს, სხვადასხვა ტიპის პასუხებს წერს დაფაზე.

- ამგვარად, თქვენ ამბობთ, რომ საკვები და წყალი საჭიროა ... (ჩამოთვლის პასუხებს). ყველა მოსაზრება ძალიან საინტერესოა, მაგრამ შევამოწმოთ მათი სისწორე.

მაგალითად,  ვკითხოთ თქვენი ოჯახის წევრებს ანუ ჩავატაროთ მათი გამოკითხვა. ამისათვის შევადგინოთ გეგმა.

ჯერ გავარკვიოთ, რა გვაინტერესებს. კლასი მსჯელობს და ირკვევა ინტერესის საგანი: რისთვის სჭირდებათ ცხოველებს საკვები და წყალი?

-  მაშასადამე, რა შეკითხვა უნდა დავუსვათ ოჯახის წევრებს? (კლასი მსჯელობს ამ საკითხზე).

-  ოჯახის წევრებიდან ვის უნდა დავუსვათ ეს შეკითხვა? (მოსწავლეები ჩამოთვლიან რესპონდენტებს).

მასწავლებელი სვამს დამატებით შეკითხვებს:

-  რატომ შეეკითხებით დედას და არა პატარა ძმას (დას)?

-  როგორ დავიმახსოვროთ, რას  გვეტყვიან ეს  ადამიანები?

მსჯელობისას ირკვევა, რომ სჯობს პასუხების ჩაწერა. მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, იმეორებს გამოკითხვის თანმიმდევრობას, პასუხების დაფიქსირების წესს და აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას: გამოჰკითხეთ თქვენი ოჯახის წევრები და ჩაიწერეთ მათი  პასუხები ცალკე წყლის და ცალკე საკვების მნიშვნელობის შესახებ, მიუთითეთ რესპონდენტის ვინაობა.

 

ეტაპი 2.

ამ ეტაპზე მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გამოკითხვის შედეგების წარმოდგენას. მასწავლებელი აჯამებს და აფიქსირებს პასუხებს დაფაზე. მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით აკეთებენ დასკვნას  ცალკე წყლის და ცალკე საკვების საჭიროების შესახებ.

ამის შემდეგ მასწავლებელი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსწავლეებს გამოკითხვის ჩატარების თანმიმდევრობას: საკითხის განსაზღვრა, კითხვის მოფიქრება, რესპოდენტის შერჩევა, პასუხის დაფიქსირების ფორმა.

მასწავლებელი კვლავ ამსჯელებს მოსწავლეებს გამოკითხვის პუნქტებისა და მათი თანმიმდევრულად წარმართვის მნიშვნელობის შესახებ.

 

დამატებითი რეკომენდაცია აქტივობისთვის

  1. აქტივობა დაყოფილია ეტაპებად. მასწავლებელი თავად ირჩევს, როგორ გაუძღვეს ამ ეტაპებს - თანმიმდევრულად მიჰყვეს აქტივობას რამდენიმეგაკვეთილის განმავლობაში თუ რამდენიმეგაკვეთილის გამოტოვებით.
  2. გამოკითხვის პუნქტების შესახებ  მოსწავლეები მსჯელობენ ჯერ პირველ ეტაპზე და შემდეგ მეორე ეტაპზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგანინტერვიუირება მოსწავლეებისთვის რთული აქტივობაა და მისი  წარმართვის ტექნიკას მრავალჯერადი განმტკიცება სჭირდება.

 

მოსწავლეების ტიპური შეცდომები

ბავშვი,  როგორც წესი, ამბობს : “მე ვჭამ”, “საჭმელი”. ყოველდღიურ ცხოვრებაში ასე ვამბობთ, მაგრამ ბუნებისმეტყველების შემდგომი შესწავლისთვის, სასურველია, თავიდანვე მივაჩვიოთ ტერმინს ”კვება”, ”საკვები”.

 

დამატებითი განმარტება აქტივობისთვის

  • ინტერვიუს აღებაში მოსწავლეების გავარჯიშება შესაძლებელია ნებისმიერი საკითხის განხილვისას;
  • ამ აქტივობაში მთავარია, მოსწავლე მიეჩვიოსინტერვიუს აღების წესებს (საკითხის განსაზღვრა, კითხვის მოფიქრება, რესპოდენტის შერჩევა, პასუხის დაფიქსირების ფორმა და ა.შ);
  • აქტივობა უნდა განვითარდეს შემდეგ კლასებშიც;
  • აქტივობა მოითხოვს მოსწავლეთა თანამშრომლობას მშობლებთან.

 

შენიშვნა

ინტერვიუს აღების წინ აუცილებელია, იმ ადამიანის თანხმობა, ვისგანაც მოსწავლეს სურს ინფორმაციის მიღება (ინტერვიუს აღება). ეს ინფორმაციული თანხმობის მარტივი ფორმაა და მოამზადებს მოსწავლეებს მომავალში ნამდვილი, ინფორმირებული თანხმობის მიღების აუცილებლობისათვის.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

მასწავლებელმა  განსაკუთრებული ყურადღება  უნდა  მიაქციოს, თუ  როგორ  დააფიქსირა მოსწავლემ პასუხები.  ვინაიდან ინტერვიუს აღება   მეტად რთულია, მოსალოდნელია, რომ მოსწავლეებმა ვერ შეძლონ პასუხების სრულყოფილად დაფიქსირება.  მაგალითად, არ იყოს მითითებული,  ვის ეკუთვნის პასუხი, არ იყოს დაფიქსირებული პასუხები წყლის და საკვების შესახებ  ცალ-ცალკე და სხვ.  ამიტომ უპრიანია, პასუხების დაფიქსირების განხილვას ცალკე დრო (ცალკეგაკვეთილი) დაეთმოს და მასწავლებელმა დაავალოს მოსწავლეებს კიდევ ერთი გამოკითხვისა (ამჯერად, მეზობლების ჩართვით საქმეში) და პასუხების სწორად ჩაწერის შესაძლებლობა.

მოსალოდნელია, რომ ზოგიერთმა  რესპოდენტმა მოსწავლეს ვერ გასცეს კვალიფიციური პასუხი, მაგალითად, ”საკვები სჭირდებათ იმისათვის, რომ არ მოშივდეთ”,  ”წყალი სჭირდებათ იმისათვის, რომ არ მოწყურდეთ” და სხვა.  მასწავლებელი შეასწორებს ამ პასუხებს.

დამატებითი ინფორმაცია საკვებისა და წყლის მნიშვნელობის შესახებ: საკვები იძლევა ენერგიას და მასალას ორგანიზმის მოქმედებისთვის, ზრდისა და გამრავლებისთვის. წყალი მონაწილეობს უჯრედში მიმდინარე პროცესებში - საკვებისაგან ენერგიის მიღებაში, ზრდისთვის საჭირო ნივთიერებების დამზადებაში; წყალი აუცილებელია საკვები ნივთიერებების უჯრედებში შეღწევისთვის, ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოსადევნად (მაგალითად, შარდთან ერთად) და სხვა.

 

რეკომენდაციები მშობლებს

აღწერილი აქტივობის ჩატარება  მოითხოვს მშობლების უშუალო მონაწილეობას პროცესში. მშობელი უნდა დაინტერესდეს  ბავშვის საშინაო  დავალებით და დაეხმაროს მას კითხვებზე სწორი პასუხების გაცემაში. მშობელს შეუძლია სამუშაოს გამრავალფეროვნება: ბავშვს გაუმახვილოსყურადღება, თუ რა საკვებს იღებენ სხვადასხვა ასაკის ცხოველები (ლეკვი, კნუტი, გოჭი, ხბო  და ზრდასრული ცხოველები) და ამსჯელოს ბავშვი  ცხოველებისთვის სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა სახის საკვების მნიშვნელობაზე. სასურველია, მშობელმა მოახერხოს საკითხის გადატანა ადამიანზე და დაანახოს ბავშვს  საკვების მნიშვნელობა ადამიანისათვის,ყურადღებამიაქციოს, როგორ აფიქსირებს ბავშვი  პასუხებს. პასუხები უნდა ჩაიწეროს ცალკე წყლის და ცალკე საკვების შესახებ, რესპოდენტის ვინაობის მითითებით. მშობელს დასჭირდება ინფორმაცია: ცოცხალი არსებებისთვის საკვები და წყალი აუცილებელია სხვადასხვა მოქმედების შესრულების, ზრდისა და გამრავლებისთვის.