2. ასრულებს გრაფიკულ ნამუშევარს სხვადასხვა მასალით (ტუში, მელანი, ნახშირი და სხვა)

ტიპური აქტივობა

2. აქტივობა I. “ანაბეჭდი

მოსწავლეები მუყაოს პატარა ნაჭერს დაფარავენ პლასტილინის თანაბარი ფენით. რაიმე მაგარი, სწორი (სახაზავი) საგნით გადაასწორებენ ზედაპირს, რათა რაც შეიძლება ნაკლები უსწორ-მასწორო ადგილი დარჩეს. ზედაპირზე, წვეტიანი ჩხირით ამოკაწრავენ  რაიმე ნახატს, სქლად წაუსვამენ საღებავს მთლიან ზედაპირს ისე, რომ საღებავი კარგად ჩაჯდეს ამოკაწრულ ღრმულებში. სუფთა, ნოტიო ღრუბლით ღრმულების გარშემო, კარგად მოწმენდენ ზედმეტ საღებავს. სახატავ ფურცლებს ძალიან ფრთხილად დაადებენ პლასტილინიან ფირფიტას (ხელებით არ გადაასწორონ!).

ხელს ცენტრში, დაადებენ ქაღალდს, რომელიც ფირფიტაზე დევს და თანაბარი მოძრაობითა და დაწოლით ერთხელ გადაუსვამენ სახაზავს ერთი კიდიდან მეორემდე. შემდეგ ფრთხილად მოაცლიან ქაღალდს ფირფიტას და დააკვირდებიან შედეგს. მოსწავლეებმა რამდენჯერმე, სასურველი შედეგის მიღწევამდე, უნდა გაიმეორონ ბეჭდვის  პროცესი.

  

რესურსები

2.I. მუყაოს პატარა ნაჭრები დაახლოებით 10X10სმ, პლასტილინი, წვეტიანი ჩხირი, სახატავი ფურცლები, ნებისმიერი საღებავი; სახაზავი, ან რაიმე სხვა სწორგვერდიანი საგანი, ნოტიო ღრუბელი. ვიზუალური მასალა: ფრანსისკო გოია, ალბრეხტ დიურერი.

 

შენიშვნა

2.I. გადღაბნილი ანაბეჭდი ნიშნავს, რომ საღებავი ბევრი იყო და შეიძლება (საღებავის დამატების გარეშე) კიდევ ერთი ან მეტი ანაბეჭდის გაკეთება ან ფირფიტა უნდა გაიწმინდოს ზედმეტი საღებავისგან; ხოლო თუ ანაბეჭდი ცუდად ჩანს, საღებავი დასამატებელია.

 

2. აქტივობა II. მონოტიპია

მოსწავლეები გლუვ ზედაპირზე ხატავენ მარტივ გამოსახულებას. შემდეგ სწრაფად, სანამ საღებავი გაშრება, დააფარებენ სახატავ ფურცელს და გადაუსვამენ ზედ სახაზავს ან გადაატარებენ ბოთლს. ფრთხილად მოხსნიან ფურცელს, რომელზეც აისახება ანაბეჭდი.

 

რესურსები

2.II. ნებისმიერი, სწორი და გლუვი ზედაპირის ფირფიტა – პლასტმასი, ლინოლეუმი, მინა; გუაშის საღებავი, სახატავი ფურცლები, სახაზავი ან ბოთლი, ღრუბელი.